რა უნდა თქვა: აუგის სათქმელად ენა არ მოგიბრუნდება კაცს, შეაქო, მაგრამ როგორ უნდა შეაქო, 4 გოლი გაუშვა, წააგო და გავარდა. არადა, მართლა მაინც ყოჩაღ „საბურთალო“ – ყველაზე ღირსეულად ისევ ეს გუნდი გამოვიდა: დაძლია პირველი ეტაპი და მეორე წრეში, მართალია ამჟამად არც თუ საუკეთესო დროებაში მყოფი, მაგრამ მაინც სახელიანი და ძლიერი „სტიაუა“ ჯერ თბილისში დაამარცხა და სულ ცოტა დააკლდა საერთოდ გაეარა ეს ბარიერი.
მთლიანობაში და განსაკუთრებით მეორე ნახევარში მაგარი სასეირო ფეხბურთი წავიდა. იყო გოლები, შემობრუნებული თამაში, ინტრიგა, დრამა… სამწუხაროდ, ბოლოს მაინც მასპინძლებმა გაიცინეს.
კონფერენს ლიგა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი. განმეორებითი მატჩი
სტიაუა – საბურთალო 4:2
ბუქარესტი. ეროვნული არენა.
პირველი მატჩი 0:1
გოლები: 1:0 დავა (44), 2:0 ეჯუმა (55), 2:1 გოშთელიანი (69), 2:2 ტაბატაძე (78), 3:2 კომანი (80), 4:2 რადუნოვიჩი (57, პენ)
გაძევება: კოდრე (90+4)
სტიაუა: ტარნოვიანუ, ოვიდიუ პოპესკუ, დავა, ტამი, რადუნოვიჩი, ეჯუმა (ლიქსანდრუ, 88), ოლარუ, კორდეა, ოქტავიან პოპესკუ, კომანი (უიადა, 88), სტოიკა (სუხი, 59)
საბურთალო: მეგრელიშვილი, გოჩოლეიშვილი, კაკუბავა, ჩადუნელი, ჯინჯოლავა, შ. ნონიკაშვილი (ო. მამაგეიშვილი, 79), ქარდავა (მიოჩი, 62), ლ. ნონიკაშვილი, გულიაშვილი (გოშთელიანი, 62), ტაბატაძე, სიხარულიძე
„სტიაუამ“ თავიდანვე სცადა სწრაფი გოლის გატანა და ხიფათი შექმნა კიდეც ჩვენს კართან, მაგრამ მეკარე საიმედოდ იდგა, მცველებიც ახერხებდნენ ხიფათის განმუხტვას და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ბურთის ატანაც ხერხდებოდა. თანდათან ჩვენც გადავდიოდით შეტევებსა თუ კონტრშეტევებზე და ეს მეტოქესაც აფიქრებინებდა, რომ მარტო უკანმოუხედავად წასვლა კარგ შედეგს არ მოუტანდა. ბურთი ბუნებრივია ძირითადად რუმინელებს ეჭირათ, მაგრამ პირველი ტაიმის მეორე ნაწილში, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ თანაბარი თამაში წავიდა. სახიფათო მომენტების მხრივაც მასპინძლებს დიდი უპირატესობა არ ჰქონიათ. ქართველებმა ორჯერ დაარტყეს სახიფათოდ, ორივეჯერ საჯარიმოს ხაზთან ახლოს და ორივეჯერ მეკარისგან მარცხენა კუთხეში აცდა ბურთი კარს.
მოკლედ სასიამოვნო იყო, რომ „საბურთალო“ სულაც არ ჩამდგარა ყრუ დაცვაში და ბურთის დაჭერას, ფლანგების გამოყენებას, საჭირო დროს ტემპის დაგდებას და ხიფათის შექმნასაც ცდილობდა.
„სტიაუა“ თამაშიდან დიდ ხიფათს არ ქმნიდა და აქ მაშველად სტანდარტი გამოუჩნდათ. 44-ე წუთზე კუთხური მოაწოდეს, ტანმაღალი დავა ყველაზე მაღლა ახტა, ჩვენი მცველი წალეკა და დაბალ კუთხეში თავით გაიტანა – 1:0 პირველი ტაიმის შემდეგ და საერთო ანგარიშიც გათანაბრდა.
მეორე ტაიმი ისეთი გამოვიდა, საუკეთესო ტურნირებსაც რომ დაამშვენებდა.
55-ე წუთზე არაფერი განსაკუთრებული ხიფათი არ ყოფილა. კაკუბავას ალბათ ეგონა, რომ მის წინააღმდეგ ჯარიმა დაინიშნებოდა, არადა თამაში გაგრძელდა, ბურთი ეჯუმას მიუვიდა და მანაც იშვიათად რომ გამოდის ისეთი მოჭრილი დარტყმით კუთხეში ჩასვა – 2:0.
„საბურთალოს“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ყურები არ ჩამოუყრია, ცოტა თითქოს „სტიაუამაც“ დათმო და… სულ მალე ანგარიში უკვე თანაბარი იყო.
69-ე წუთზე მარცხენა ფრთაზე ჯინჯოლავამ არც თუ კომფორტული ვითარებიდან მშვენივრად ჩააწოდა საჯარიმოში, სადაც გოშთელიანმა ყველას დაასწრო და თავით ახლო კუთხეში შეაგდო – 1:2 და საერთო ჯამში ანგარიში გათანაბრდა.
მალე კი უშუალოდ შეხვედრაშიც გათანაბრდა ანგარიში.
ოღონდ მანამდე: გოლიდან იქვე, ჯინჯოლავამ 100-პროცენტიან გოლს გადაარჩინა გუნდი, 3-4 მეტრიდან ურტყამდა მეტოქე და უჯარიმოდ ჩაუხტა.
75-ე წუთზე კიდევ ერთხელ გადავრჩით, არეულობა და ხალხმრავლობა შეიქმნა უშუალოდ ჩვენს კართან.
ამას კი 78-ე წუთზე ჩვენების გოლი მოყვა: გოშთელიანმა საკუთარ მოედანზე ჩაჭრა ბურთი, დიდებული გამჭოლი, გრძელი პასით მარცხენა ფლანგზე შეუგდო მიოჩის, მანაც ტაბატაძე მოძებნა მოპირდაპირე მხარეს და იურიმაც შორეულ დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 2:2.
საერთო წარმატება რეალური გახდა. გასაძლები 15 წუთი იყო, მაგრამ 15 წამიც ვერ გავძელით. უკვე მომდევნო შეტევა „სტიაუამ“ გოლად აქცია. არც მერე გაჩერდა, პენალტიც მოიპოვა და აი ასე დასანანად წააგო „საბურთალომ“.
საქართველოს კი კვლავ ერთი გუნდიც არ შერჩა საშემოდგომოდ ევროპაში.
GIPHY App Key not set. Please check settings