ჩემპიონთა ლიგის წილისყრამ ის მოიტანა, რომ „ნაპოლის“, ჯგუფში „რეალის“ შემდეგ, მეორე ესპანური გრანდი არგუნა – „ბარსელონა“.
პირველი მატჩი 21 თებერვალს ნეაპოლში გაიმართება, ხოლო საპასუხო 12 მარტს ბარსელონაში.
„ბარსა“ ახლა ძლევამოსილი არ არის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ირაკლი აზაროვის და გიორგი გოჩოლეიშვილის „შახტართანაც“ კი დამარცხდა (0:1), ჩემპიონატში კი „რეალს“ 7 ქულით ჩამორჩება.
ურთიერთშეხვედრები
ნაპოლი: 4 მატჩი, 0 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება, გოლები 5-9
ბარსელონა: 4 მატჩი, 2 მოგება, 2 ფრე, 0 წაგება, გოლები 9-5
წილისყრას ბუნებრივია კომენტარები მოჰყვა და ჩვენც მივყვეთ.
აურელიო დე ლაურენტისი:
“წილისყრის შედეგები? მე ძალიან კმაყოფილი ვარ. “ბარსელონა ისეთივე ღირსეული გუნდია, როგორც “ნაპოლი”.
ვალტერ მაძარი:
„ვიცოდი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში რთული მეტოქე გვეყოლებოდა, თუმცა „ბარსელონა“ განსაკუთრებულად ძლიერი გუნდია. „ნაპოლისთვის“ ეს შესანიშნავი გამოწვევა იქნება“.
დეკუ („ბარსელონას” სპორტული დირექტორი):
„ნაპოლისთან” თამაში იოლი არ იქნება, მათ ხომ გასულ წელს სკუდეტო მოიგეს. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში სუსტი გუნდები ვერ ხვდებიან. გაგვიმართლა თუ არა წილისყრაში? ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება“.
გამოცემა „სპორტი“:
„ნაპოლი“ მეტოქეთაგან ყველაზე სახიფათო არ იყო, არასასურველთა შორის პირველ რიგში პსჟ და „ინტერი“ სახელდებოდნენ.
ოსიმენი აფრიკის თასზე იასპარეზებს და უნდა ვნახოთ, როგორ მდგომარეობაში იქნება პლეი-ოფის მატჩებისთვის. კვარაცხელია გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მან ადრე აჩვენა, რომ თავის საუკეთესო პერიოდში გამორჩეულია, რომელსაც ერთი ერთზე საუცხოოდ მოქმედება, სიტუაციის შეცვლა და მნიშვნელოვან შეხვედრებში გატანა ეხერხება. მიმდინარე სეზონში მას კრიზისი ჰქონდა, თავდაჯერებულობა დაკარგა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს პერიოდი გადალახა და ერთ-ერთი იმათთაგანი გახდება, ვინც „ბარსასთან“ საკვანძო მნიშვნელობის იქნება.
„მუნდო დეპორტივო“:
„ოსიმენი და კვარაცხელია მუდმივ საფრთხეს წარმოადგენენ და დაცვას თავსატეხს გაუჩენენ. მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლი“ ისეთი პოზიტიური აღარაა და სერია A-ში მეხუთე ადგილზეა, მაინც მრისხანეა და ჩემპიონთა ლიგაზე ძლიერ გუნდად რჩება“.
ენრიკო ფედელე (საფეხბურთო აგენტი):
„ბარსელონა” ძლიერი მეტოქეა. სიმართლე გითხრათ, კმაყოფილი ვარ. ეს ხომ „ნაპოლისთვის“ შესანიშნავი გამოწვევაა. „ნაპოლის“ ერთი უპირატესობა აქვს – ისინი ფავორიტები არ არიან. თუ გაიმარჯვებენ, მაძარი უდიდეს წარმატებას მიაღწევს; თუ ეს ვერ მოახერხეს, მათთან პრეტენზიები არავის ექნება.
„ბარსა“ „ნაპოლიზე“ ძლიერი გუნდია, ეჭვგარეშეა, ესპანელები ფავორიტები არიან“.
GIPHY App Key not set. Please check settings