in

გვეკუთვნის და შეგვიძლია: შავი ლომი სადებიუტო მატჩში დამარცხდა, მაგრამ აჩვენა, რომ მზად არის

‘შავმა ლომმა’ ჩელენჯ თასის სადებიუტო შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და მთელს სარაგბო სამყაროს დაანახა, რომ სპორტულად, ქართული რაგბი მსგავსი დონის გამოწვევებისთვის მზადაა!

სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა ამინდში. მოღრუბლულობამ და ზედ მატჩის დაწყებამდე წამოსულმა წვიმამ ამ უმაგრეს, ისტორიულ თამაშს მაყურებელი მოაკლო. არ გაგვიმართლა უშუალოდ თამაშისას: ‘შავმა ლომმა’ ქართულ რაგბიზე 2,5-ჯერ უფროს, 150-წლიან კლუბ ‘გლოსტერს’ ტოლი არაფერში დაუდო და გამარჯვებასაც იმსახურებდა, მაგრამ…

10:15 – ასე დამთავრდა თამაში, რომელშიც ქართულმა რაგბმა ისტორია დაწერა და უმაღლესი დონის საკლუბო ტურნირის სადებიუტო შეხვედრაში პირველი საცხრილო ქულა მოიპოვა. ეს არის შედეგი, რომელიც ისტორიას დარჩება, მანამდე კი არის თამაში, ხარისხი, რომელმაც დაგვანახა, რომ ჩელენჯ თასი ზუტად ის ტურნირია, სადაც ქართული რაგბი კიდევ უფრო გაიზრდება და დაუახლოვდება ტიერ1-ს.

საჭირო ადგილას
თამაშის მსვლელობამ დაგვანახა, რომ ინგლისის პრემიერშიფის ერთ-ერთი უძველესი კლუბი ქართული პროფესიული ფრენჩაიზისგან ბევრად წინ არ არის. ‘გლოსტერმა’ ლიდერების ნაწილი დაასვენა, თუმცა თბილისში ისეთი ვარსკვლავები იახლა, როგორებიც ჯონი მეი, მიკ იანგი, ლუის ლეიდლოუ და სხვები არიან.

მიუხედავად ამისა, ‘შავმა ლომმა’ მეტოქეს ლელო არ დაადებინა და მთელ რიგ კომპონენტებში აჯობა. ბურთის ფლობა და ტერიტორია სტუმრების იყო, თუმცა პირველი ტაიმის მეორე ნახევარში სიტუაციას მასპინძლები აკონტროლებდნენ და ჩათვლილის გარდა ერთი არჩათვლილი ლელოც გაიტანეს, რომელიც სხვა შემთხვევაში შესაძლოა 5 ქულაში ასახულიყო.

ჩვენმა გუნდმა იბრძოლა ბოლო წუთამდე და სულ იყო შეგრძნება, რომ ამ თამაშის წამოღება შეიძლებოდა. დღეს ამისთვის გამოცდილება და ენერგია არ გვეყო, თუმცა ის მაინც გამოჩნდა, რომ ქართულმა რაგბმა ‘შავი ლომის’ სახით საკადრის ადგილას აინაცვლა. დეკემბერსა და იანვარში, გუნდს ჯგუფურ ეტაპზე ამ დონის კიდევ სამი შეხვედრა ელის უელსში ‘სკარლეტსთან’, საფრანგეთში ‘კასტრთან’ და თბილისში ‘კლერმონთან’ (საფრანგეთი).

თანაბარი თამაში
‘გლოსტერთან’ მატჩი სტუმრების შეტევებით დაიწყო. ინგლისელები ფაზებს კინძავდნენ და მაღალ ტემპში ცდილობდნენ ბურთაობას, თუმცა კარგ დაცვას წააწყდნენ და ქულები ჯარიმებით აიღეს – ჯონ ბართონმა დარტყმები 40 და 35 მეტრიდან შეასრულა.

‘შავი ლომი’ გააქტიურდა, მეტოქის 22-ში შევიდა და პირველივე გააზრებული შეტევა ლელოთი დაასრულა. ლუკა მატკავამ მცველი ცრუმოძრაობაზე გამოიჭირა, ხაზი სუფთად გაჭრა, კიდევ ორი მბოჭავი დააწვინა და ბურთი ძელის გვერდით დაამიწა. ეს იყო ჩვენი გუნდის პირველი ლელო და ქულა ჩელენჯ თასზე. მატკავამ გარდასახვით მასპინძლები დააწინაურა, მაგრამ ‘გლოსტერმა’ ცენტრიდან გატანილი ჯარიმით უპირატესობა 27-ე წუთზე დაიბრუნა.

მიუხედავად ამისა, ‘შავი ლომი’ სრულად დაეუფლა ინიციატივას, მალევე დერეფნიდან მოლი ააგორა და ლელო გაიტანა, თუმცა ვიდეო-რეფერიმ დეტალური გარჩევისას ბლოკი დააფიქსირა. რამდენიმე წუთში ანალოგიური ეპიზოდი განმეორდა და ამჯერად რეფერიმ ბლოკი გადამოწმების გარეშე ჩასტვინა.

მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდან ინგლისელები გააქტიურდნენ და ბართონმა 48-ე წუთზე ჯარიმით უპირატესობა გაზარდა. დაცვაში კარგად ვითამაშეთ, რამდენჯერმე 22-ში მეტოქის დერეფანი წამოვიღეთ, მერე კი მეტოქის ნახევარზე ჯარიმა გამოვიმუშავეთ და მატკავამ 25 მეტრიდან 2-ქულიანი სხვაობა აღადგინა.

მაგრამ ეს იყო მაქსიმუმი, რაც ‘შავმა ლომმა’ შეძლო. გარდამტეხ მომენტში ‘გლოსტერმა’ მოახერხა თამაშის სასურველ რითმში გადაყვანა, 71-ე წუთზე ბართონმა მე-5 ჯარიმა გაიტანა და საკუთარ გუნდს 15:10 მოაგებინა.

‘შავმა ლომმა’ ჩელენჯ თასის სადებიუტო შეხვედრაში ქართული რაგბის ღირსება სათანადოდ დაიცვა და ინგლისის ‘გლოსტერთან’ პირველი საცხრილო ქულა მოიპოვა, რითაც ‘ედინბურგსა’ და ‘სკარლეტს’ გადაასწრო და მე-4 ადგილზეა. პირველ ტურში ‘კლერმონმა’ ‘ედინბურგს’ 31:18, ხოლო ‘კასტრმა’ ‘სკარლეტს’ 34:16 მოუგო.

‘შავი ლომი’ ახლა უელსში გაემგზავრება, სადაც ადგილობრივ ‘სკარლეტს’ 16 დეკემბერს, ჩვენი დროით შუაღამის 12 საათზე შეერკინება.

2023/24 წლების EPCR ჩელენჯ თასი
მესამე ჯგუფი. პირველი რაუნდი
თბილისი. „მიხეილ მესხი“
შავი ლომი (საქართველო) – გლოსტერი (ინგლისი) 10:15 (7:9)
შავი ლომი
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი.

მარქაფა: 16. ბექა მამრიკიშვილი, 17. ალიკო შამილიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. თორნიკე კახოიძე, 23. მირიან მოდებაძე.

კლერმონი (საფრანგეთი) – ედინბურგი (შოტლანდია) 31:18
კასტრი (საფრანგეთი) – სკარლეტსი (უელსი) 34:16

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: მამუკელაშვილის 34 ქულა და გამარჯვება ბოლო წამებზე

ბუდუ ძირითადში დააყენეს, ქოჩორაშვილი ათ წუთში დაშავდა, ჩაკვე დაბრუნდა, მიქაუტაძე სკამზე დარჩა – ლეგიონერები