in

თსუ-მ ევროპა ვარეზესთან მარცხით დაასრულა

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა თსუ-მ ევროოპულ ასპარეზზე გამოსვლა დაასრულა. ფიბა ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო ტურის მატჩში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი იტალიურ “ვარეზეს” შეხვდა და 81:94 (სტატისტიკა) დამარცხდა. შედეგად, თსუ-მ მისთვის პირველ ევროპულ ტურნირზე ასპარეზობა 1 მოგებითა და 5 მარცხით დაასრულა. სათქმელია, რომ ამ 5 მატჩიდან ქართულმა გუნდმა 3 ბოლო წამებზე, დაძაბულ ბრძოლაში – შესაბამისად 1, 4 და 5 ქულით წააგო. აღსანიშნავია, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე გასულ “გიოტინგენთან” თსუ-მ გერმანიაშიც ღირსეულად, ბოლომდე იბრძოლა და თბილისშიც. ორივე ჯერზე უნივერსიტეტელები გამარჯვებას იმსახურებდნენ, მაგრამ ბოლო წამებზე ფორტუნა მეტოქის მხარეზე იყო.

იტალიური ვარეზე გახლდათ ერთადერთი გუნდი, რომელთანაც თსუ-ს შანსი არ ჰქონია. ვარეზელებთან უნივერსიტეტის გუნდმა იტალიაში 26 ქულით წააგო, დღეს კი შეხვედრა ამის ნახევრით – 13 ქულით დათმო. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც თსუ-მ იტალიაში წააგო, შორი სროლები იყო. ასე იყო თბილისშიც. დღევანდელ მატჩში ვარეზემ 16 სამიანი ჩააგდო, ხოლო თსუ-მ – 8.

აღსანიშნავია, რომ პირველი პერიოდი, რომელშიც უმეტესად თსუ ლიდერობდა, ფრედ დასრულდა – 16:16. მეორე მეოთხედის პირველი ნახევარიც თანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა და სტუმრებმა ტაიმის მიწურულისკენ მოახერხეს გალიდერება, რაც შორი სროლებიც დამსახურება გახლდათ. დიდ შესვენებაზე ვარეზე 11-ქულიანი უპირატესობით გავიდა, რაც თსუ-ს მხრიდან კარდინალურ ცვლილებებს ითხოვდა.

მესამე პერიოდში ცვლილებები ვერ ვიხილეთ. თსუ-მ ვერ მოახერხა პერიმეტრის საიმედოდ დაცვა და ხშირად ეპარებოდა მეტოქის სწრაფი შეტევები. შედეგად სხვაობა იზრდებოდა და მესამე ათწუთეულის ბოლოს 18 ქულას მიაღწია. ბოლო პერიოდის დასაწყისში იმედი ჩაისახა, როცა კახა ჯინჭარაძემ მიჯრით 2 სამქულიანი ჩააგდო და ჩამორჩენა 12 ქულამდე შეამცირა. სამწუხაროდ, ეს აღმოჩნდა მაქსიმუმი – თსუ დარჩენილ დროში 12 ქულაზე ახლოს მეტოქესთან ვეღარ მივიდა. ჯინჭარაძემ ბოლო პერიოდში 13 ქულა ჩააგდო, თუმცა ეს წარმატებას არ ეყო. შეხვედრა ისე მივიდა დასასრულამდე, უნივერსიტეტელების ცდამ, რამე შეეცვალათ, ნაყოფი ვერ გამოიღო. იტალიურმა კლუბმა გამარჯვება მოიპოვა და მეორე ადგილის დაკავების მიუხედავად, ჯგუფიდან გავიდა.

ჩვენს გუნდში ყველაზე შედეგიანი რატი ანდრონიკაშვილი გახლდათ 20 ქულით, 8 პასით, 7 (!) ჩაჭრითა და 3 მოხსნით. ჯინჭარაძემ 18 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა, ნიკოლა ვუიოვიჩი კი მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორიი გახდა – 10 ქულა, 13 მოხსნა. ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზე 12 ქულა და 5 მოხსნა დაგროვდა. ვარეზეს ოლივიე ჰანლანმა ულიდერა, რომელმაც 22 ქულა, 8 პასი და 7 მოხსნა მიითვალა.

ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში კერავნოსმა კვიპროსში გერმანულ გიოტინგენს უმასპინძლა და 69:102 განადგურდა. შედეგად, ვარეზემ და გიოტინგენმა ჯგუფი 5-5 მოგებითა და თითო წაგებით დაასრულეს. პირველ ადგილზე ურთიერთშეხვედრების ხარჯზე გერმანული კლუბი გავიდა, თუმცა მეორეზე გასულმა ვარეზემაც შეძლო შემდეგ ეტაპზე გასვლა. ურთიერთშეხვედრების ხარჯზე მესამე ადგილი კერავნოსმა დაიკავა, რომელმაც თსუ-სთან თბილისში 3 ქულით წააგო, კვიპროსში კი 5-ით იმარჯვა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: გოგა იოკიჩის წინააღმდეგ – ორლანდომ დენვერი ბოლო წამებზე დაამარცხა

გამარჯვების გარდა სხვა ვერც წარმომიდგენია: საქართველო ერთა ლიგის ფინალს სახლში ითამაშებს