in

გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც ბევრი კარგის გაკეთება უნდათ, მაგრამ მატჩის დროს ერთიანობას კარგავენ: რას აპირებს ვილი სანიოლი

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილიო სანიოლი პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ ესტუმრა და ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

ნაკრებზე

„საკვალიფიკაციო ეტაპი უნდა გავიაროთ და დასკვნები ამის შემდეგ გავაკეთოთ. ჩვენთვის პლეი ოფის მატჩები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ამისთვის უნდა მოვემზადოთ.

ნაკრებში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი მოვიდა და მათ უნდა მივცეთ დრო. თუ ეს მოთამაშეები მარტის პლეი ოფის თამაშებისთვის გვჭირდება, მაშინ ეროვნულ გუნდში თამაშის გამოცდილება უნდა მიიღონ.

საქართველოს ნაკრებში უკვე ორწელიწად-ნახევარია ვარ და ვერც ვიტყვი, რამდენი ახალგაზრდა მოვიწვიე. შესაძლოა, ეს ნორმალური არც იყოს, მაგრამ მე მათთან მუშაობა ძალიან მიხარია. მაგალითად, ჩვენს გუნდში იყვნენ: კალანდაძე, სიგუა, გოჩოლეიშვილი. თუ ხედავ, რომ წარმატებულები არიან, უნდა მიიწვიო.

კანკავას წასვლის შემდეგ არის თუ არა საყრდენის პოზიცია ნაკრებში პრობლემური? ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. როდესაც მან გუნდი დატოვა, აბსოლუტურად სხვა სათამაშო სისტემაზე გადავედით. კარგად უნდა გამიგოთ, ჯაბა შესანიშნავი მოთამაშეა, იყო კაპიტანი და ნაკრებისთვის ბევრი გააკეთა, მაგრამ ამის შემდეგ საკმაოდ დიდი ხანი წაუგებლად ვთამაშობდით და ვერ ვიტყვი, რომ მისმა წასვლამ პრობლემები შეგვიქმნა.

მსურს, გუნდმა მეტი ძალისხმევა გამოავლინოს. გვყავს მოთამაშეები, რომლებსაც ბევრი კარგი რამის გაკეთება სურთ, მაგრამ ზოგჯერ მატჩის დროს ერთიანობას კარგავენ, რაც ცუდია. ამიტომ, თუ ეს იშვიათად მოხდება, მეტი გოლის გატანის შესაძლებლობა გვექნება“.

ბოლო მატჩები და შესაძლო ცვლილებები

„შესარჩევი ჯგუფიდან ევრო 2024-ზე მოხვედრის შანსი თუ გვქონდა? ვიცოდით, მძიმე ბრძოლა გველოდა და კონკრეტულ შეხვედრებში მაქსიმუმის გაკეთება გვსურდა. ბოლო მატჩებში პრობლემებს წავაწყდით, განვითარებისთვის შრომაა საჭირო.

მხოლოდ შედეგებზე ვერ ვისაუბრებ. ბევრი სხვა ასპექტია და ყურადღება განვითარებაზე უნდა გავამახვილოთ. ნორვეგიაში მეტი უნდა გაგვეკეთებინა. იყო მცირე დეტალები, რამაც საბოლოოდ ეს შედეგები გამოიწვია.

მომეწონა რეაქცია, რომელიც ფეხბურთელებს ესპანეთთან შეხვედრის შემდეგ ჰქონდათ. ჩემი აზრით, სწორ გზაზე ვდგავართ დ შეგვიძლია, პლეი ოფის გზით ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ.

ესპანეთთან თამაშის გეგმა იყო მთლიანად არასწორი, რაზეც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. ასევე არასწორი იყო მოთამაშეთა მიდგომა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ის ჩავარდნა იყო, რომელიც ნებისმიერ გუნდს ერთხელ მოსდის“.

ოქტომბრის მატჩებში ნაკრებში ცვლილებები იქნება. ამხანაგურ თამაშსაც გავმართავთ და ამ ორ შეხვედრაში, ტაილანდთან და კვიპროსთან ბევრ მოთამაშეს მივცემთ შანსს. გვსურს, ისინი განვითარდნენ.

სათამაშო სქემის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში არ ვისაუბრებ, მაგრამ მთავარია, დისციპლინა დავიცვათ. ამას ადრე ვახერხებდით და ახლაც იმავეს ხილვა მსურს. ის გუნდი არ გვეყოლება, რაც ნორვეგიასთან. იქ ზოგმა კარგად ითამაშა, ზოგმა კი – არა. ფეხბურთში ახალი სისხლი მნიშვნელოვანია.

ხვიჩა კვარაცხელია

„არის თუ არა ჩვენი ნაკრების თამაში დამოკიდებული კვარაცხელიაზე? თუ ლიდერი ფორმაში არ არის, ეს გავლენას ახდენს გუნდზე და ამით ის ზარალდება, მაგრამ ჩვენ არ გვსურს თავის მართლება. ხვიჩა ინტენსიურად მუშაობს, რათა ფორმაში ჩადგეს.

მან ნორვეგიაში ბევრი კარგი თვისება უკვე აჩვენა. დარწმუნებული ვარ, კვიპროსის წინააღმდეგ ხვიჩა დაამტკიცებს, რომ ეროვნულ ნაკრებში საუკეთესოდ თამაშობს. გარკვეული პრობლემები ჰქონდა, რაც ფიზიკური ან თვითრწმენის ნაკლებობის ფაქტორით იყო გამოწვეული.

უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში, ბათუმში და „ნაპოლიში“ გატარებული პერიოდები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ეს აბსოლუტურად სხვა სამყაროა და მას დრო სჭირდება, რათა ეს ცვლილება გადაამუშაოს, მაგრამ მთავარია, სწორ გზაზე დგას. დარწმუნებული ვარ, ხვიჩა თვითრწმენას დაიბრუნებს“.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვე ძირითადში იყო, პირველად… უოტფორდმა წააგო

ფიფამ ყველა დააკმაყოფილა: მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება ექვს ქვეყანაში და სამ კონტინენტზე