დაიწყო აზიის ჩემპიონთა ლიგა და ქართველმა ფეხბურთელმა თავი გამოიჩინა: უზბეკეთის „ნოვბაჰორის“ თავდამსხმელმა თომა ტაბატაძემ გოლი გაიტანა და ვის გაუტანა – საუდის არაბეთის ამბიციურ „ალ ჰილალს“, სადაც ნეიმარი თამაშობს. ბრაზილიელი ვარსკვლავის გარდა მოედანზე იყვნენ რუბენ ნევეში, ალეკსანდარ მიტროვიჩი და მალკომი. განაცხადში ბუნუ, კულიბალი და მილინკოვიჩ-სავიჩი ვერ მოხვდნენ.
ტაბატაძემ ანგარიში გახსნა და უზბეკური გუნდი 52-ე წუთზე დააწინაურა.
უზბეკებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, ტაბატაძემ საჯარიმოში მცველს აჯობა, მეკარეს მახვილი კუთხიდან დაურტყა და გაიტანა.
მერე ნეიმარს ნერვებმა უმტყუნეს და მეტოქეს ხელი ჰკრა, წაქცეულს ბურთი განზრახ გაარტყა და მოედნის ცენტრში ატყდა ჩხუბი. ეტყობა მსაჯზე ბრაზილიელის ავტორიტეტმა იმოქმედა და მხოლოდ გააფრთხილა, ხოლო მატჩს 14 წუთი დაამატა. 90+10-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს და შეხვედრა 1:1 დასრულდა.
ტაბატაძე 83-ე წუთზე შეცვალეს.
უზბეკეთის „ნასაფმა“ სტუმრად 1:0 დაამარცხა იორდანიის „ალ ფაიზალი“ (გოლი 90+7 წუთზე გავიდა). სტუმართა გუნდში მეორე ტაიმში, 70-ე წუთზე შევიდა ჯაბა ჯიღაური.
დღეს კი გიორგი გველესიანის „პერსეპოლისი“ რონალდოს „ალ ნასრს“ უმასპინძლებს. ირანში პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს მეფური პატივით დახვდნენ.
ვაკო ყაზაიშვილის სამხრეთ კორეის “ულსანი” ტაილანდის “პანტუმ იუნაიტედს” მიიღებს.
GIPHY App Key not set. Please check settings