in

საბა მესის ვერ შეხვდა: ნაკრებიდან მიბრუნებულებმა მშვენივრად ითამაშეს

სანაკრებო პაუზა დასრულდა და ქართველი ლეგიონერები კლუბებს დაუბრუნდნენ. ნაკრებისგან განსხვავებით ბევრმა მშვენივრად ითამაშა.

დავიწყოთ შორეული ამერიკით.
MLS-ის 29-ე ტურში საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედმა“ ლეო მესის „ინტერ მაიამის“ უმასპინძლა და 5:2 დაამარცხა. სამწუხაროდ, მესი გუნდს ატლანტაში არ გაჰყოლია და არ უთამაშია.
სამაგიეროდ შესანიშნავად ითამაშა საბა ლობჟანიძემ, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა წარმატებაში. განსაკუთრებით ორ გოლში, რომელიც მან გაატანინა პარტნიორებს. ქართველის ანგარიშზე ორი ასისტია. 76-ე წუთზე საბამ მოედნის ცენტრში ჩაჭრა ბურთი, მეტოქის კარისკენ დაიძრა და თანაგუნდელს მარტივად გაატანინა. 89-ე წუთზე კი ისევ მარჯვენა ფლანგიდან ცარიელ კართან მიაწოდა ვოლფს და ანგარიშიც სოლიდური გახდა.
ლობჟანიძის ანგარიშზე 3 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასია.

გოლი გაიტანა ოთარ კიტეიშვილმა, თანაც რა გოლი და თან გაუტანა ავსტრიულ გრანდ „ზალცბურგს“ – 2:2. გოლის გარდა ოთარმა თავი საგოლე პასითაც გამოიჩინა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
53-ე წუთზე კიტემ კუთხურის შემდეგ საჯარიმოს გარედან ულამაზესი გოლით (შორეული დარტყმით ბურთი ხარიხას მოხვდა და ისე ჩაეშვა) ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 10 წუთში სარკარიას გაატანინა და გრაცელები დაწინაურდნენ.
კიტეიშვილი ორივე გუნდში საუკეთესო იყო – 8.4.
„შტურმა“ 17 ქულა დააგროვა, მე-2 ადგილზეა და სწორედ „ზალცბურგს“ ჩამორჩება 2 ქულით.

ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ ლიგა 2-ში „ვალენსიენთან“ სტუმრად ითამაშა და 2:1 მოიგო. ჩვენიანის ანგარიშზე საგოლე პასია.
ზურიკო სათადარიგოთა შორის იყო, ის მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა და გადამწყვეტი როლიც ითამაშა.
სტუმარმა გუნდმა გამარჯვების გოლი 89-ე წუთზე გაიტანა, დავითაშვილის გადაცემით ალექს პიტუმ ისარგებლა.
ზურიკოს კარგი თამაში დაუფასეს და მაღალი შეფასებაც დაუწერეს – 7.7.
„ბორდოს“ 6 ტურის შემდეგ მხოლოდ 9 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა.

გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისის ჩემპიონშიფში პირველი საგოლე პასი შეასრულა და „უოტფორდს“ „ბირმინგემთან“ გამარჯვებაში დაეხმარა – 2:0.
მე-6 ტურის მატჩში ქართველი ნახევარმცველი ისევ თადარიგში იყო და ისევ დაახლოებით ნახევარი საათი მიეცა, მოედანზე 65-ე წუთზე 0:0-ზე შევიდა.
ჩაკვეტაძემ შეტევებს სიმწვავე შემატა. გიორგის დარტყმული მეკარემ მოიგერია. 88-ე წუთზე სტუმრებს კაცი გაუგდეს და „უოტფორდმა“ ამით ისარგებლა კიდეც.
მსაჯის წამატებულ დროში ორჯერ გაიტანა, 90+6 წუთზე სწორედ ჩაკვეტაძის დაგორებული ბურთით რაიან ენდრიუსმა საჯარიმოდ გარედან დაარტყა და ანგარიში გააორმაგა.
გიორგის შეფასება 7.0-ია.
„უოტფორდმა“ 8 ქულა დააგროვა და მე-11 პოზიციაზე დაწინაურდა.

ბუდუ ზივზივაძემ მორიგი შეხვედრა ჩაატარა „კარლსრუეში“, რომელიც „კაიზერსლაუტერნს“ დაუპირისპირდა – 1:1.
ბუდუ სათადარიგოთა შორის იყო და 68-ე წუთზე შევიდა (შეფასება 5.9).
ჩვენიანი თამაშში აქტიურად ჩაერთო და თავის გამოჩენაც შეეძლო. 73-ე წუთზე მახვილი კუთხიდან დაარტყა და მეკარემ იოლად აუღო, ხუთ წუთში კი პარტნიორი დატოვა კარის წინ, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა.
„კარლსრუეს“ 6 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა.

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ მე-6 ტურში „ალკორკონი“ 2:0 დაამარცხა სტუმრად, ქართველი ფეხბურთელი მოედანზე მატჩის ბოლოს, 88-ე წუთზე შევიდა.
ქოჩორაშვილის გუნდი ამ მოგებით და 11 ქულით მე-5 ადგილზე დაწინაურდა.

უკრაინის პრემიერლიგის მეშვიდე ტურში „შახტარმა“ „ობოლონი“ 1:0 დაამარცხა.
ირაკლი აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა და სწორედ მისი პასით გავიდა ეს ერთადერთი გოლი, გიორგი გოჩოლეიშვილი კი დისკალიფიცირებული იყო.
„შახტარი“ 17 ქულით ლიდერია.

საბა კვირკველიამ საუდის არაბეთში ნორვეგიასთან მატჩიდან ორიოდ დღეში სრულად ითამაშა. მისი “ალ ახდუდი” 0:1 დამარცხდა ბენზემას გოლით “ალ იტიჰადთან”. ქართველმა მცველმა საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო – 7.4.

ნაკრებში რატომღაც არგამოძახებულმა ლუკა ლოჩოშვილმა კარგი მატჩი ითამაშა სერია B-ში. „კრემონეზე“ მე-5 ტურში „რეჯიანას“ შეხვდა და მატჩი ბოლო წუთებზე გატანილი გოლით ქულა აიღო – 2:2.
ლოჩოშვილმა ორივე გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა. ქართველი მცველის თამაში flashscore-მა 7.7 ქულით შეაფასა. მასზე უკეთესი ქულა მხოლოდ კრემონელთა ლიდერმა სერნიკოლამ მიიღო, თანაც თითქმის იდენტური (7.8).
„კრემონეზე“ 5 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-9 პოზიციაზეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდამ ატლეტიკოსთან კარი მშრალად შეინახა, ვალენსიამ უპირობოდ მოიგო

ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონია… და ისტორიაში შევიდა