in

არაფერი გამოგვივიდა: ესპანეთმა შეგვჭამა – სად არის ჩვენი ადგილი

საქართველოს ნაკრებმა წააგო ევროპული ფეხბურთის გამორჩეულ წარმომადგენელთან და ჩვენ კიდევ ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ წავაგებთ გრანდებთანაც და უფრო ნაკლებ გუნდებთანაც, მაგრამ ასეთი მტკივნეული მარცხი მაინც იშვიათად გვახსენდება. არაერთხელ ყოფილა, ქინქლაძის თაობის დროს, აღტკინებული წავსულვართ სტადიონზე და ისეთივე თავსხმა შხაპი მიგვიღია, „დინამო არენას“ წუხელ რომ წვიმა ასველებდა.

1:7 – ესპანეთთან კი არა, მსოფლიო ნაკრებთანაც ნამეტანია. არადა ქომაგი მოსაგებად მიდიოდა. ჩვენი ფეხბურთელების და არც თუ ვარსკვლავური ესპანეთის გადამკიდე ოპტიმისტური განწყობა იყო, მაგრამ არ ყოფილა მთავარი – რეალისტური და ობიექტური მიდგომა.

1:7-ზე ძნელია და იქნებ არც ღირდეს ფეხბურთელებისთვის (და არა მარტო) კიდევ მაზოლზე ფეხის დადგმა, მაგრამ არც წაყრუება ივარგებს და პასუხისმგებლობაც ვიღაცამ უნდა აიღოს. თუმცა წლებია ეს პასუხისმგებლობა სიტყვებს არ სცდება, უბრალოდ შეცდა და ეგაა.

1:7 – საქართველოს არასოდეს წაუგია ასეთი ანგარიშით.

1:7 სირცხვილია საერთაშორისო არენაზე, უეფაშიც, ვის მოუნდება ასეთი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე (ერთა ლიგიდან), სირცხვილია საკუთარ თავთან და პირველ რიგში სირცხვილია გულშემატკივრებთან, რომლებსაც ფედერაციამ თითო ბილეთში 50 ლარი გადაახდევინა და ოჯახიდან ორი კაცის წასვლა კი უკვე 100 ლარია.

და რაში?

არანაირი შეტევა, არანაირი შემოქმედებითობა, არც გახსნა, არც მოძრაობა, არც პასი, არც დაზღვევა, არც ბურთის ამოტანა, არანაირი კომბინაცია, ზოზინი და რა გავაკეთო გაუგებრობით შეწუხებული ფეხბურთელები, ცხვირ-პირ ჩამოშვებულობა და დანებება…

მოდი ვაღიაროთ, საქართველოს ნაკრებმა ეს შესარჩვი ციკლი დაამთავრა. პირდაპირ ვთქვათ, ახლა წავაგებთ (12 სექტემბერს) ჰოლანდის ნორვეგიასთან და ოფიციალურადაც დამთავრდება ჩვენთვის კიდევ ერთი იმედგაცრუებული ტურნირი.
და ისევ უეფასგან გადმოგდებული ერთა ლიგა და ამ „ამხანაგურების ჩამნაცვლებელ“ გათამაშებაზე აქცენტის გადატანა. და აღიარება, რომ ჩვენი ადგილი იქ არის, უკანა პლანზე.

არადა, ცოტა მეტი გვინდა, ოღონდ ბევრიც არა – რაღაც ეტაპამდე მაინც რომ ვიბრძოლოთ, ცოტა ბოლოსკენ რომ შანსი გვრჩებოდეს, ჟინი და მუხტი რომ შენარჩუნდეს და არცერთ მატჩში სირცხვილის გრძნობა არ გვქონდეს.

არავის აქვს უფლება ჰიმნის ერთად სიმღერის მოტივაცია გაუქროს ხალხს.

ეს ესპანეთის ნაკრები კი ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში აქ ჩამოსულა. მართალია წინააღმდეგიბა დიდი არ შეხვედრია, მაგრამ ეს ამ გუნდს არ აკნინებს და ეს მისი დამსახურებაცაა. ყველა ფეხბურთელი ხედავს მოედანს, ყველა აკეთებს პასს, მინიმუმ ერთი კაცი ყოველთვის თავისუფლდება, სივრცეები, კონტროლი, გასვლები, მრავალფეროვანი წამოწყებები – ეს ყოფილა გუნდი.
და როდრი: ყოჩაღ მასაც და გვარდიოლასაც ამხელა კაცად მან თუ აქცია. მთელ თამაშს ეგ კაცი აკონტროლებდა, ჩაშლასაც და განაწილებას ხომ მით უმეტეს. ის არ აკეთებს დე ბრუინის პასებს, მაგრამ მოედის ცენტრიდან გენერალივით წარმართავს მოვლენების განვითარებას.

თავსხმა წვიმაში მოყოლილი გულშემატკივრები მერე და მერე იმას თუ გაიხსენებენ, 16 წლის იამალი დიდი ვარსკვლავი რომ გახდება, იტყვიან, ეგ ცოცხლად მყავს ნანახი „დინამოზეო“. ამ სკოლის მოსწავლემ (ესპანეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის გამტანი), ნიკო უილიამსმა და ალვარო მორატამაც კი, რომელიც ხშირად ბევრს „მაზავს“, მშვენიერი შხაპუნა საღამო მოიწყვეს თბილისში.

ესპანეთმა რაღაცეები დაგვანახა, მთავარია ჩვენც დავინახოთ, ვიღაცეებს თავში ზედმეტად არ აუვარდეთ და შრომა განაგრძონ. ესპანეთმა მიგვითითა ჩვენი ადგილი, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ და ჯიუტად გავიწიოთ იქ, სადაც გული მიგვიწევს – ჩვენც გვინდა ევროპაში ყოფნა.

ევრო 2024. საკვალიფიკაციო მატჩი. A ჯგუფი

საქართველო – ესპანეთი 1:7
08.09. თბილისი. დინამო არენა

გოლები: 0:1 მორატა (22. ასენსიო პასით), 0:2 კვირკველია (27-საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40. ფაბიან რუისის პასით), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66. მერინოს პასით), 1:6 ნ. უილიამსი (68. გაიას პასით), 1:7 იამალი (74. ნ. უილიამსის პასით)

საქართველო: მამარდაშვილი – გოჩოლეიშვილი (77. საზონოვი), კაშია, კვირკველია, აზაროვი (60. დვალი) – აბურჯანია (46. ჩაკვეტაძე), გაგნიძე (46. მექვაბიშვილი), კიტეიშვილი, ლობჟანიძე (46. დავითაშვილი) – კვარაცხელია, მიქაუტაძე

სათადარიგოები: ლორია, გუგეშაშვილი – კალანდაძე, ქოჩორაშვილი, მამუჩაშვილი, წიტაიშვილი, ზივზივაძე
მწვრთნელი: ვილი სანიოლი

ესპანეთი: სიმონი – კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია – გავი (58. მერინო), როდრი (72. სუბიმენდი), ფაბიან რუისი – ასენსიო (44. ნიკო უილიამსი), ოლმო (44. იმალი), მორატა (72. ხოსელუ)

სათადარიგოები: არისაბალაგა, რაია – ასპილიკუეტა, ბაენა, ბალდე, დავიდ გარსია, პაუ ტორესი
მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე

გაფრთხილება: გავი (45+1), აბურჯანია (45+2), კაშია (50), კიტეიშვილი (60), ჩაკვეტაძე (64), სუბიმენდი (79), კვარაცხელია (82)

არბიტრი: დ. ზიბერტი (გერმანია)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩემპიონის გული: მესის საქციელმა აჩვენა რა ადამიანიც არის

ჩვენთან თამაში რთულია: საქართველო ცდილობდა შესაძლებლობებიდან გამომდინარე წინააღმდეგობა გაეწია