გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის მთავარ ლიგაში პირველი გოლი გაიტანა. 10 კაცით მოთამაშე მისმა „მეცმა“ კი ფავორიტ „მარსელს“ ქულა მაინც გამოგლიჯა და ამაში ქართველის დამსახურება დიდია – 2:2.
მიქაუტაძემ გოლი 71-ე წუთზე გაიტანა და „მეცი“ წინ გაიყვანა, მაგრამ გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. გიორგი 84-ე წუთზე შეცვალეს. მისი შეფასება 7.2-ია.
მატჩის დასაწყისში „მარსელი“ უკეთ გამოიყურებოდა და მე-14 წუთზე გახსნა კიდეც ანგარიში.
გაშვებული გოლის შემდეგ „მეცი“ გააქტიურდა, ჩვენიანიც არ ყოფილა ურიგო, ცდილობდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.
52-ე წუთზე „მარსელს“ ვიდეოგამეორებაზე გოლი არ ჩაუთვალეს, მე-60 წუთისთვის კი „მეცი“ 10 კაცით დარჩა და თითქოს შანსებმაც იკლო, მაგრამ… ჯერ, 65-ე წუთზე ეფექტური დარტყმით საბალიმ გაათანაბრა, ხოლო 5-6 წუთში გიორგი მიქაუტაძემ ურთულესი ვითარებიდან გაიტანა. ეს ახალგაზრდა ქართველი ფორვარდის პირველი გოლია ტოპლიგაში.
81-ე წუთზე კონტრშეტევაზე მიქაუტაძეს მეორეს გატანაც შეეძლო, ორი მცველი მოატყუა და დაარტყა, თუმცა მეკარე ადგილზე იყო.
გიორგი მიქაუტაძე Sofascore-მა საუკეთესოდ დაასახელა და 7,6 ქულით შეაფასა.
Whoscored-მა კი 22 წლის თავდამსხმელს კიდევ უფრო მაღალი შეფასება მისცა – 7,9 და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარა.
„მეცმა“ ლიგა 1-ში პირველი ქულა მოიპოვა და ორ ტურში 1 ქულა აქვს.
მომდევნო შეხვედრას „მეცი“ 27 აგვისტოს სტუმრად „კლერმონთან“ გამართავს.
გიორგი მიქუტაძის კარგი თამაში პრესამაც გამოარჩია.
Republicain-lorrain:
„მეცმა“ გამბედაობა გამოიჩინა და „მარსელთან“ დამსახურებული ქულა მოიპოვა. ამის შანსი პირველ ტაიმში თითქმის არ ჩანდა, მაგრამ მიქაუტაძე ძალ-ღონეს არ იშურებდა. მან ხელიდან არ გაუშვა შანსი და ლიგა 1-ში თავისი პირველი გოლი გაიტანა. დუბლის შესრულებაც შეეძლო“.
Moselle.tv:
„საოცარი და დასამახსოვრებელი მატჩი. ათი ფეხბურთელით დარჩენილი „მეცი“ არ დანებდა. სტადიონი მისი მეფის დარტყმისგან აფეთქდა – გიორგი მიქაუტაძემ კონტრშეტევაზე ლიგა 1-ში პირველი გოლი გაიტანა და „მეცი“ დააწინაურა“.
„მარსელთან“ მატჩის შემდეგ „მეცის“ რუმინელმა მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ კომენტარი გააკეთა და გიორგი მიქაუტაძეზეც ისაუბრა და ემოცია ვერ შეიკავა, რადგან არ არის გამორიცხული გუნდის ლიდერი დაკარგოს.
„მეცი“ გაცილებით უკეთესი იყო შეტევაში, ვიდრე პირველ ტურში „რენთან“. ამან ორი გოლის გატანის საშუალება მოგვცა. ჩვენ გამოვავლინეთ აგრესიულობა და გამბედაობა. მომდევნო მატჩებში დაცვაში უფრო ყურადღებით უნდა ვითამაშოთ, შეტევაში კიუფრო ეფექტურები ვიყოთ.
რაც შეეხება მიქაუტაძეს და მაზიზს, შარშან ისინი იდეალურები იყვნენ. ჩვენ წარმატებას მათი ნიჭის წყალობით მივაღწიეთ. მიქაუტაძე თუ წავა, სულის ნაწილს წამართმევს, რაც ყოველთვის მტკივნეულია“, – განაცხადა ლასლო ბოლონიმ.
GIPHY App Key not set. Please check settings