საქართველოს ნაკრებმა მერიის თსის ნახევარფინაში იორდანიას ზედმეტი გართულების გარეშე აჯობა – 86:69. ანგარიში შეიძლებოდა მეტიც ყოფილიყო, მაგრამ არც ასეა ურიგო.
24 შედეგიანი გადაცემა ჩვენს გუნდს აქამდე არ გაუკეთებია. კმაყოფილი იყო ილიას ზუროსიც.
აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილე ოთხივე გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეა. ყველასთვის ამ მატჩებს მოსამზადებელი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სწორედ ეს აღნიშნა, რომ იორდანიასთან მოგებული მატჩი იმედისმომცემი იყო, რომელმაც გამოაჩინა ჩვენი გუნდის პოტენციალი და ის, რომ დაცვაზე კიდევ უფრო მეტია სამუშაო.
ილიას ზუროსი:
„დღეს გუნდურად კარგად ვითამაშეთ, ბურთსაც ვატრიალებდით, დაცვაშიც კარგად გამოვიყურებოდით.
გახარებული ვარ გოგა ბითაძის დაბრუნებით. გვინდა, ყველა კალათბურთელი ჩვენთან იყოს, რომ დანიშნულების წერტილამდე შეთამაშებულები მივიდეთ.
ასე თუ განვაგრძობთ, კარგი შედეგი გვექნება. ამისთვის თავგანწირვაა საჭირო. მივდივართ მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ არ ვიცით, რას უნდა ველოდოთ იქ. ამიტომ, მადლობა გულშემატკივრებს, იმედი მაქვს, ფინალზე, დარბაზი გაივსება.
მინდა, დავამატო ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი – 24 პასი გვქონდა, რამაც ძალიან გამახარა. მიყვარს ახალგაზრდა კალათბურთელები, ყოველთვის ვაძლევ მათ შანსს. ჩვენი ახალგაზრდებისთვის რთული შეხვედრა იყო, პირველ მატჩს ატარებდნენ ნაკრების მაისურით ქართველი გულშემატკივრის წინაშე.
დიდ ყურადღებას ვაქცევ ახალგაზრდულ ნაკრებებს და მიხარია, რომ 16-წლამდელთა გუნდმა B დივიზიონში მიაღწია მაღალ შედეგს, გავიდა ნახევარფინალში“.
თორნიკე შენგელია:
„ამ მატჩში ბევრი პოზიტივი დავინახეთ. მოსამზადებელი ეტაპის დასაწყისიდან დღემდე პროგრესი ნამდვილად ჩანს. დაცვაშიც და შეტევაშიც იყო ბევრი კარგი ნიუანსი, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატამდე კიდევ უნდა გავაუმჯობესოთ.
ყველაზე მთავარი, რაც იორდანიასთან მატჩში დავინახეთ – გუნდურობაა“.
ფინალში საქართველოს მეტოქე მონტენეგრო იქნება, რომელმაც მეორე ნახევარფინალურ მატჩში ირანი 81:66 დაამარცხა.
ფინალი 13 აგვისტოს, 19:00 საათზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings