თბილისის „დინამომ“ კონფერენს ლიგაზეც წააგო, ამჯერად მალტურმა გუნდმა დაგვჯაბნა. ეს ჩვეული ამბავი გახდა საქართველოს ტიტულიანი გუნდისთვის. უკვე ისეა საქმე, რომ თითქოს ეს ასეც უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ანდორის, ფარერების, კვიპროსის არაერთი გუნდი იგებს, საქართველოს ჩემპიონი კი ყველასთან აგებს.
„დინამოს“ მცირერიცხოვან ქომაგებს იმედი ჰქონდთ, რადგან სტუმრად 1:2 ისეთი არაფერია, შინ რომ ვერ ამოქაჩო, მაგრამ ხეირიან მომენტს რომ ვერ შექმნი მთელი მატჩი და ზოზინით ეცდები შედეგის მიღწევას, მიიღებ კიდეც ისეთ შედეგს, ბოლოს ტაბლოზე რომ ენთო – 0 გატანილი გოლი და ერთხელაც აქეთ გაშვებული.
არ დაგვავიწყდეს, რომ „დინამო“ ლამის მთელი მეორე ტაიმი მეტი ფეხბურთელით თამაშობდა, მეტოქეს დასაწყისშივე ფეხბურთელი გაუგდეს, მაგრამ ამანაც ბევრი ვერაფერი შეცვალა მინდორზე.
ბურთის ყველა შეხებაზე გაწვებოდნენ „ჰამრუნის“ ფეხბურთელები მინდორზე და კოტრიალობდნენ საათობით – ასე იყო მთელი მატჩი, ალბათ 2-3 საათი მარტო მაგათ მინდორში გორაობაზე დაიხარჯა. მსაჯს მარტო პირველ ტაიმისთვის 7 წუთის დამატება მოუწია და სწორედ მაშინ მივიღეთ გოლი.
საპასუხოდ კი, მატჩის ბოლო წუთზე შექმნილ რეალურ მომენტს არ ჩავთვლით, სახეირო ბევრიც არაფერი გვქონია.
სახეირო ამ ერთ მატჩში კი არა, ისედაც აშკარად არ გვაქვს ბევრი რამ…
კონფერენსლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
დინამო (თბილისი, საქართველო) – ჰამრუნ სპარტანსი (მალტა) 0:1
პირველი მატჩი 1:2
03.08. თბილისი. დინამო არენა
0:1 ჯურანოვიჩი (45+2. პენტსილის პასით)
დინამო: ლორია – მაისურაძე (46. მალი), ხვადაგიანი, კალანდაძე, კობოური (58. კობოური) – მექვაბიშვილი, ოსეი (57. მოისწრაფიშვილი) – ხარაიშვილი, იმრანი (57. სხირტლაძე), კამარა (74. ოდიშარია) – მარუშიჩი
სათადარიგოები: კერესელიძე – იობაშვილი, მარგველაშვილი, ოსიყმაშვილი, უგრეხელიძე
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
ჰამრუნ სპარტანსი: მარკეტი – ბორგი (90+8. ბილიჩი), ემერსონი, ბიელიჩიჩი, მბონგი (76. კორბალანი) – ელიონაი (56. კრსტიჩი), პრშა, ედერი (58. ნენოვი), კამენზული – პენტსილი (76. ჯონი), ჯურანოვიჩი
სათადარიგოები: ბონელო, დებონო, ტომი – ატარდი, მონტებელო, ჯერი, ზერაფა
გაფრთხილება: ოსეი (37), მარკეტი (89)
გაძევება: ჯურანოვიჩი (46)
მატჩის დასრულების შემდეგ, „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი პრესკონფერენციაზე არ გამოცხადდა და ჟურნალისტების კითხვებს მისმა ასისტენტმა გიორგი დეკანოსიძემ უპასუხა. ასევე, მედიასთან საუბარი არ ისურვა „დინამოს“ არცერთმა ფეხბურთელმა.
გიორგი დეკანოსიძე:
„ბოდიშს ვუხდი მთელ ქვეყანას, „დინამო თბილისი“ ასე არ უნდა თამაშობდეს. რატომ მოხდა ინციდენტი? კონფლიქტი პირველი თამაშიდან დაიწყო. დღეს ვითარება გასახდელში დაიძაბა და დაპირისპირება მოხდა. სამწვრთნელო სტაფი პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. ვნახოთ, კლუბის ხელმძღვანელობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
რაც შეეხება საკადრო საკითხებს, თუ რატომ ვერ გავძლიერდით. შეიძლება, სასურველი მოთამაშის დამატება გინდოდეს, მაგრამ ბევრი თავად ამბობს უარს, რადგან ჩამოსვლა არ სურს. ზოგიერთს კი პირობებზე ვერ ვუთანხმდებით“.
GIPHY App Key not set. Please check settings