საქართველოს ეროვნული ნაკრები იტალიიდან ლიეტუვაში ჩავიდა. ილიას ზუროსის წინამძღოლობით საქართველოს ნაკრებმა ტრევიზოდან კაუნასამდე 2 ავტობუსი და 2 თვითმფრინავი გამოიცვალა. დაახლოებით 9-საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩვენი გუნდი კაუნასის ცენტრში მდებარე სასტუმრო ვიქტორიაში დაბინავდა, იქ, სადაც ლიეტუვის ეროვნული ნაკრები იმყოფება და ჩვენს მსგავსად, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ციკლში მორიგი საკონტროლო მატჩისთვის ემზადება.
ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებთა ამხანაგური მატჩი კაუნასის არენაზე, 1 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 19:30 საათზე გაიმართება. ლიეტუვა მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, რომელიც საქართველოს ნაკრებს ამხანაგურად უკვე მეოთხედ ხვდება. აღნიშნული მატჩი ლიეტუვის ტელევიზიით გადაიცემა და მის ტრანსლაციას პირველი არხიც შემოგთავაზებთ, ხოლო დარბაზი, მიუხედავად მატჩის არაოფიციალური სტატუსისა, სავარაუდოდ ბოლომდე შეივსება. ლიეტუვაში კალათბურთი ძალიან უყვართ და ეს ჩვენს ნაკრებთან დაკავშირებულ ძალიან მარტივი მაგალითებიდანაც კარგად გამოჩნდა: ჩვენს ბიჭებს აეროპორტშივე გამოუჩდნენ ფანები, რომლებმაც ნბა-ს მოთამაშეებთან ფოტოები გადაიღეს, ხოლო სასტუმროდან კაუნასის ქუჩაში გასულ თორნიკე შენგელიას 2 ათეული ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული, რომ ჯერ ერთმა, მერე მეორე გამვლელმა შეაჩერა და ფოტოს გადაღება სთხოვა. ლიეტუველებს კალათბურთი უყვართ და სპორტის ამ სახეობის გამორჩეულ სპორტსმენებს კარგად იცნობენ.
ილიას ზუროსმა ნამგზავრი ჩვენი ნაკრები კაუნასში ჩასვლის დღეს დაასვენა. ჩვენი გუნდი ლიეტუვაში დღეს საღამოს მატჩისთვის მოსამზადებელ წვრთნას ჩაატარებს. ჩვენი ნაკრები ლიეტუვაში 15 კალათბურთელით ჩავიდა, ტრევიზოს კემპზე მყოფი 18 კალათბურთელიდან კი 3 საქართველოში დაბრუნდა.
GIPHY App Key not set. Please check settings