ამდენს პრემიერლიგის გუნდებიც კი ვერ მოგვიგებენ, რა გახდა ეს ყაზახური გუნდები. „აქტობეს“ რიგებში 4 ლეგიონერი თამაშობდა და ასეთი რა პროგრესი აქვთ ყაზახ ფეხბურთელებს, რომ ერთი ხელის მოსმით გვიგებენ და წლებია ასე გრძელდება.
მოკლედ, იმედიანად მყოფმა ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ „აქტობესთან“ შინ 1:4 დამარცხდა და მიუხედავად განმეორებითი მატჩის არსებობისა, თამამად შეიძლება ითქვას, გავარდა.
„ტორპედოს“ მწვრთნელი ამბობდა, რა დროს უკან დგომაა, აგრესიულად უნდა შევუტიოთო, მაგრამ არ გამოვიდა და რა უნდა ქნა.
ყაზახები პირველ ტაიმში უკეთ გამოიყურებოდნენ და ტაიმის ბოლოსკენ სოლიდური უპირატესობაც შეიქმნეს. ჯერ იყო და ცოტა საკამათო სიტუაციაში დანიშნული პენალტით გახსნეს ანგარიში (უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენმა მეკარემ თითქმის აიღო, მაგრამ თითქმის ხომ არ ითვლება), მერე კიდევ სტუმარი შემტევი ხელსაყრელ პოზიციაზე მარტო დარჩა და ტაიმიც 0:2 დასრულდა.
„ტორპედომ“ მეორე ტაიმში ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა, შეტევა სცადა და არაბიძის კარგი პასით ბუღრიძეს შეეძლო გატანა, მაგრამ ხუთიოდ მეტრიდან ზემოდან ააცილა.
მერე იყო დასანანი ეპიზოდი, როდესაც დაცვაში შეცდომა მოგვივიდა და სტუმრები დიდი ანგარიშით გავიდნენ წინ.
89-ე წუთზე გიორგი არაბიძემ ინდივიდუალური ოსტატობით ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა, მატჩს 8 წუთი დაემატა და „ტორპედოს“ კიდევ მიეცა იმედი, მაგრამ კონტრშეტევაზე და მორიგი შეცდომის შედეგად აქეთ გაუშვა და ძალიან უსიამოვნო შედეგიც მიიღო – 1:4.
„ტორპედოსა“ და „აქტობეს“ განმეორებითი მატჩი 3 აგვისტოს აქტობეში გაიმართება.
კონფერენსლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
ტორპედო (ქუთაისი, საქართველო) – აქტობე (ყაზახეთი) 1:4
27.07. ქუთაისი. რამაზ შენგელია
0:1 კასიმი (34-პენ), 0:2 რაიჩკოვიჩი (43. ბაიტანას პასით), 0:3 სამოროდოვი (73. ფილიპოვიჩის პასით), 1:3 არაბიძე (89), 1:4 ფილიპოვი (90+3)
ტორპედო: კლიაიჩი – მონტეირო, სანდოხაძე, ნადარაია, შერგელაშვილი (46. კაიკე) – ქობულაძე, გიგაური, აკბარი, ბუღრიძე (78. ჰაიდარი) – არაბიძე – ფანცულია (83. კაბალიერო)
სათადარიგოები: გოშაძე, მეფარიშვილი – ჩაჩუა, ჭიჭინაძე, გოგლიჩიძე, მანჯგალაძე, ნკუმბა
მწვრთნელი: სტივ კინი
აქტობე: პოკატილოვი – კასიმი, იაშინი, გადრანი (71. კიბირაი) – ტანჟარიკოვი, რაიჩკოვიჩი, შტრუმია, შომკო – სამოროდოვი (80. უმაევი), ბაიტანა (71. ფილიპოვიჩი), ელდერ სანტანა (78. ჟუმაბეკი)
გაფრთხილება: გიგაური (45+2), სამოროდოვი (45+3), ბუღრიძე (45+3), იაშინი (45+3), ტანჟარიკოვი (47), არაბიძე (56), რაიჩკოვიჩი (81)
არბიტრი: ჟ. ლარდო (ბელგია)
GIPHY App Key not set. Please check settings