in

საქართველომ სანქცირებული თვითმფრინავი არ შემოუშვა: აქტობე დროულად ვერ წამოვიდა და აფრიკელი თავდამსხმელიც ვერ მოჰყავს – რა მოხდა?

ქუთაისის „ტორპედო“ დღეს საღამოს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ყაზახეთის „აქტობეს“ უმასპინძლებს. მეტოქეს საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა, თუმცა მატჩის ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება და ის დაგეგმილ დროს გაიმართება.

რა მოხდა?

ყაზახური გუნდის ფრენა საათნახევარზე მეტით გადაიდო. ქართულმა მხარემ აქტობედან ჩარტერული რეისის მიღებაზე თანხმობა არ მისცა.

გარდა ამისა, პრობლემა შეექმნა „აქტობეს“ კოტ დ’ივუარელ თავდამსხმელ ანდერსონ ნიანბოს. გავრცელებული ცნობით, აფრიკელ თავდამსხმელს საქართველოს ვიზაზე უარი ეთქვა.

ჩვენებმა ყაზახურ მხარეს ჩარტერული რეისის შესახებ ჯერ კიდევ 25 ივლისს აცნობეს, რომ მზად იყვნენ დელეგაცია მიეღოთ, მაგრამ ყაზახურ გუნდს ავიაკომპანია უნდა შეეცვალა.

რაც შეეხება კოტდივუარელ ფეხბურთელს. მას ჰქონდა ბელგიაში ცხოვრების უფლება, მაგრამ მოქმედების ვადა ამოეწურა. ამის გამო საქართველოში კოტდივუარის პასპორტით უვიზოდ სურდა შემოსვლა, რაც აკრძალულია. ამ აფრიკული ქვეყნის მოქალაქეს ვიზის მისაღებად დრო სჭირდებათ და ყაზახებმა ეს არ გაითვალისწინეს.

„აქტობემ“ განცხადება გაავრცელა და დაწერა:
„შესაბამისი დოკუმენტები ჩარტერული ტრანსპორტირების შემსრულებელი თვითმფრინავის ტიპისა და გვერდითი ნომრის, ფრენის ნომრის, ავიაკომპანიის საჰაერო ხომალდის საკუთრების შესახებ დროულად გაუგზავნა ქართულ მხარეს კლუბის პარტნიორმა ტურისტულმა კომპანიამ „სანჯარ ტურმა“, რომელიც, ბოლო ხუთი წელია „აქტობეს“ ავიამომსახურებას უწევს.

თუმცა, 26 ივლისს, გამთენიისას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის წარმომადგენლებმა ქუთაისის აეროპორტში აღნიშნული თვითმფრინავის დაშვებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინება გაგზავნეს, მიზეზების ახსნის გარეშე. ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს დადებით გადაწყვეტილება არ მოჰყოლია. საფეხბურთო კლუბი „აქტობე“ სახლში დარჩა და წინა სამატჩო ვარჯიში აქტაუს სტადიონზე გამართა.

ამ დროისთვის თვითმფრინავის ფრენა გუნდის დელეგაციასთან ერთად კოორდინირებულია ყველა უფლებამოსილ სტრუქტურასთან. 27 ივლისს, დილის 9:00 საათზე აქტობეს დელეგაცია ქუთაისში სხვა თვითმფრინავით გაფრინდება. ჩვენ მოვუწოდებთ გულშემატკივრებს, რომლებიც გასვლით მატჩში გუნდის მხარდასაჭერად წავიდნენ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და საზოგადოებაში მიღებული ქცევის ნორმები დაიცვან“.

მომხდარზე განმარტება გააკეთა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომაც:

„განვმარტავთ, რომ, თავდაპირველი განაცხადის მიხედვით, ჩარტერული ფრენა უნდა განეხორციელებინა რუსულ ავიაკომპანიას (UVT AERO), რომელიც არის სანქცირებული და იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. ამასთან საჰაერო ხომალდზე, რომლითაც დაგეგმილი იყო ფრენა, დაწესებულია მწარმოებლის შეზღუდვა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღნიშნულ ავიაკომპანიაზე ფრენის ნებართვა არ გასცა.
ახალი განაცხადით, რეისს შეასრულებს ყაზახური ავიაკომპანია SCAT Airlines-ი, რომელზეც უმოკლეს ვადებში, მომართვიდან ორ საათში გაიცა ნებართვა სააგენტოს მიერ“.

„ტორპედოსა“ და „აქტობეს“ მატჩი ქუთაისში დღეს 21:00 საათზე გეგმის მიხედვით დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თამაში ჩვენზე იქნება დამოკიდებული: ტორპედო თავიდანვე აგრესიულ შეტევას აპირებს

გამოდის: ფიფამ უოტფორდს აკრძალვა მოუხსნა და ჩაკვეტაძის აყვანა შეუძლია