in

ორ წუთში გამოვარდნილი დინამო: მორჩა ლიგა, წავედით კონფერენს ლიგაზე

თბილისის „დინამომ“ თავისი ჩემპიონთა ლიგა პირველსავე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაასრულა და ეს ყაზახურმა გუნდმა გაუკეთა. წაგების გამართლებას არ ვაპირებთ, მაგრამ მართლა უნდა ითქვას, რომ ჩვენი ჩემპიონი მარცხს დიდად არ იმსახურებდა. შესაძლოა, გამარჯვებისთვისაც არ არის მზად და ამას შტაბი უკეთ აწონ-დაწონის, მაგრამ ეს „ასტანა“ და თავად თამაში არ ყოფილა ისეთი, რომ მისი გადალახვა არ შეიძლებოდა.

იმ ავადსახსენებელი ორი წუთის შემდეგაც, „დინამოს“ რამდენი რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ფორტუნა რატომაღაც გამუდმებით ყაზახებისკენ იხრებოდა: ხან მეკარე მიწვდა თითქოს თავზე გადაგდებულ ბურთს, აი სიგუას ხუთიოდ მეტრიდან ლამის ცარიელ კარში ძლიერად გაშვებული ბურთი ზემოდან გადაცდა კარს და ა.შ.

არადა, ხალხიც მივიდა. თამაშამდე იყო მოწოდებები, რომ “დინამოსთვის” მხარი დაგვეჭირა და რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი მისულიყო, რათა ბიჭებს წარმატებაში დახმარებოდნენ. ამხელა სტადიონის გავსებას არავინ ელოდა, მაგრამ მთლად უქომაგობაც არ ყოფილა. როგორც ვიცით ხოლმე, თამაშის მსვლელობისას ემატება ხალხი ტრიბუნებზე, გამონაკლისი არც ახლა ყოფილა და საერთო ჯამში, სოლიდური რაოდენობა მოგვროვდა ტრიბუნებზე. არც ამან უშველა.

მატჩი „დინამომ“ აქტიურად დაიწყო და მე-20 წუთზე უკვე წინ იყო. იმრანის პასით უსმანე კამარამ ისარგებლა და შორეულ კუთხეში ლამაზი გოლი გაიტანა. მასპინძლებს პირველ ტაიმში კიდევ შეეძლოთ გატანა.

მეორე ნახევარი სტუმრების გამოდგა. ერთწუთიან მონაკვეთში ორჯერ აიღეს დინამოელთა კარი. 50-ე წუთზე აბზალ ბეისებეკოვმა წონასწორობა აღადგინა, შემდეგ კი დემბო დარბომ ყაზახები დააწინაურა.
დინამოელები გაშვებული გოლების შემდეგ მსაჯის ბოლო ჩასტვენამდე უტევდნენ და არაერთი საგოლე მომენტიც შექმნეს, მაგრამ თამაშის მერე ზეიმი სტუმრებს დარჩათ.

ჩემპიონთა ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი

დინამო (თბილისი, საქართველო) – ასტანა (ყაზახეთი) 1:2
(პირველი მატჩი 1:1)
19.07. თბილისი. დინამო არენა
1:0 კამარა (22. იმრანის პასით), 1:1 ბაისებეკოვი (50. ამანოვიჩის პასით), 1:2 დარბო (51)

დინამო : ლორია – მალი (57. ხვადაგიანი), ტაბიძე, მარგველაშვილი (57. მაისურაძე), კალანდაძე – მექვაბიშვილი, ოსეი (57. სიგუა) – ხარაიშვილი (73. მოისწრაფიშვილი), იმრანი, კამარა – სხირტლაძე (77. მარუშიჩი)
სათადარიგოები: კერესელიძე, კუტალაძე – იობაშვილი, ოსიყმაშვილი, ლაკვეხელიანი, კობოური, ოდიშარია
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

ასტანა: ჩონდრიჩი – მაროჩკინი, ტომაშევიჩი, ამანოვიჩი – ბაისებეკოვი (65. ლონჩარი), იოვანჩიჩი (46. კ. ოვანესიანი), ებონგი, ვოროგოვსკი (86. ასტანოვი) – ურეგა (76. დოსმაგამბეტოვი), ტომასოვი – დარბო (86. აიმბეტოვი)
მწვრთნელი: გრიგორი ბაბაიანი
არბიტრი: ს. ეტუელი (ინგლისი)

ამ წაგების გამო „დინამო“ გადაერთო კონფერენს ლიგაზე. რანგით მესამე ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტურ „ჰამრუნ სპარტანსს“ შეხვდება. პირველი მატჩი 25 ივლისს მალტაზე გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ჰოლანდი მეგაძვირ ფერარის საჭესთან შენიშნეს – ასეთი ავტო მხოლოდ 500 ცალია

არ გვაქვს გამოცდილება და გამარჯვებულის ფსიქოლოგია: რატომ წააგო დინამომ