თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო მატჩი ასტანაში ჩაატარა და ადგილობრივ „ასტანასთან“ 1:1 ითამაშა. საერთო ჯამში, ეს თამაში ჩვენს გუნდს აქტივში უნდა ჩაეთვალოს – „დინამომ“ კარგად ითამაშა, მინიმუმ ფრე ნამდვილად დაიმსახურა და განმეორებითი მატჩის წინ არა თუ მშვენიერი შანსი დაიტოვა, არამედ ფავორიტადაც კი უნდა მივიჩნიოთ.
„ასტანა“ – „დინამო თბილისი“ 1:1
გოლები: 1:0 აიმბეტოვი (11, ვოროგოვსკის პასით). 1:1 სიგუა (55)
„დინამო“: ლორია, მალი (72. მაისურაძე), მარგველაშვილი, ტაბიძე, კობოური (46. კალანდაძე), ხარაიშვილი (72. ხვადაგიანი), ბარნს ოსეი (72. ოსიყმაშვილი), სიგუა, იმრანი (82. სანგარე), კამარა, სხირტალაძე
სათადარიგოები: კერესელიძე, კუტალაძე; მოისწრაფიშვილი, იობაშვილი, ლაკვეხელიანი.
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
გაფრთხილება: კალანდაძე (50).
ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში ჩვენთვის ხელსაყრელად არ დაწყებულა და დაცვაში დაშვებული შეცდომის გამო მასპინძლებმა მალევე გახსნეს ანგარიში. „დინამოელები“ თანდათან აუმჯობესებდნენ თამაშს და მიუხედავად იმისა, რომ კამარას გატანაც შეეძლო, საუკეთესო პერიოდი ტაიმის მიწურულს გვქონდა. სახიფათოდ დავემუქრეთ მეტოქის კარს და გოლიც გასატანი იყო. გამოჩნდა, რომ გატანა შეიძლებოდა და ამის პოტენციალი იყო.
საბედნიეროდ ასეც მოხდა. „დინამომ“ ანგარიში მეორე ნახევარში, საკმაოდ მალე გაათანაბრა. იმრანის არც თუ მოხერხებული დარტყმა მინდორმა აისხლიტა, მეკარე ხელით შეეხო, ბურთი ძელს მოხვდა და გამოვარდნილზე სიგუამ დაამატა – 1:1.
ამის შემდეგ ყაზახური კლუბი მოსაგებად გამოიწია, მაგრამ ჩვენებმა ბევრი არაფერი გააბედინეს, რაიმე რეალური მომენტი „ასტანას“ არ ჰქონია, ჩვენებს კი კონტრშეტევებზე ჰქონდათ შანსი, მაგრამ საოცრად ხელსაყრელ მომენტამდე საქმე არც იქით კართან მისულა. „დინამო“ აშკარად კმაყოფილი ჩანდა ამ შედეგით და პრინციპში მართალიცაა. ეს ფრე განმეორებითი შეხვედრის წინ „დინამოს“ თავდაჯერებას შემატებს და მეორე ეტაპზე გასვლის შანსსაც.
მეორე საკვალიფიკაციოზე კი წყვილში გამარჯვებული ზაგრების „დინამოს“ შეხვდება.
განმეორებითი მატჩი კი ერთ კვირაშია, 19 ივლისს „ბორის პაიჭაძეზე“ და ბილეთის ფასი 10 ლარიდან იწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings