in

პორტუგალიაც დავდეთ: ბორჯღალოსნებმა ზაფხული კარგ ხასიათზე დაასრულეს

ბორჯღალოსნებმა 2022 წლის ზაფხულის სერიის დასკვნით მატჩში პორტუგალია 23:14 დაამარცხა. იტალიასთან ისტორიული გამარჯვებას ლოგიკური გაგრძელება მოყვა.

საოცარი ატმოსფერო ბათუმში და ისტორიული გამარჯვება: ბორჯღალოსნებმა იტალია დაამარცხეს

წავაგეთ, არადა როგორ ვიგებდით – ვხურდებით იტალიამდე

ეს იყო ამ გუნდების 24-ე დაპირისპირება, რომელთაგან 17 საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, 3 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ 2006 წლის შემდეგ, ბორჯღალოსნებს ლობუშთან წაუგებელი სერია აქვს – 14 მოგება და 3 ფრე.

შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რამდენიმე მორაგბისთვის იყო. სანდრო თუდუამ ნაკრების კვართით მე-100 კეპი მოიხვეჭა და გახდა მეოთხე ქართველი ცენტურიონი. მას ამ ფაქტის აღმნიშვნელი კეპი ვეტერანმა ბორჯღალოსანმა, თავად ცენტურიონმა (122 თამაში) და ჩატარებული მატჩებით რეკორდსმენმა დავით კაჭარავამ გადასცა. მერაბ შარიქაძემ გუნდს 39-ედ უკაპიტნა და ამ მაჩვენებლით ირაკლი აბუსერიძეს გაუტოლდა, მომდევნო შეხვედრა კი, მისთვის სარეკორდო იქნება.

ეროვნულ გუნდშის პირველად ითამაშეს მიხეილ ბაბუნაშვილმა და ბექა შვანგირაძემ. სასტარტო შემადგენლობაში პირველად გამოჩნდნენ ნიკა აბულაძე და ლადო ჩაჩანიძე, რომელთაც დებიუტი იტალიასთან ჰქონდათ.

ხაზგასასმელია კიდევ ერთი მომენტი. ზაფხულის სერიის სამ მატჩში საქართველომ 8 ლელო გაიტანა, საიდანაც 7 ხაზის მოთამაშეებზე მოდის – 3 თედო აბჟანდაძემ, 2 დავით ნინიაშვილმა და თითო-თითო სანდრო თოდუამ და მირიან მოდებაძემ. მორკინალებიდან ლელო ნოდარ ჭეიშვილის ანგარიშზეა.

ჯარიმები პირველ ტაიმში

პირველ ტაიმში მოედანზე თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა და ბორჯღალოსნებმა მხოლოდ დასკვნით წუთებში შეძლეს სალელოვე შეტევების განხორციელება, თუმცა სტუმრებმა თავი დაიცვეს. ამ ნახევარში ხშირად ვჯარიმდებოდით, რის გამოც მეტოქის ნახევარზე ფეხის მოკიდება ჭირდა.

საწყის 10 წუთში თედო აბჟანდაძემ 40 მეტრიდან ორი ჯარიმა გაიტანა. ჩვენი შეცდომების ფონზე, პორტუგალია მაღალ ტემპში, ხელდახელ ცდილობდა შეტევას, თუმცა დაცვა გაუვალი იყო, ხშირად მეტოქეს უკანაც ახევინებდა და „ლობუშმაც“ კარში დარტყმით აიღო ქულები. მათ პირველი დარტყმა გაუცუდდათ, თუმცა ნუნო სოზა-გედეშმა 23-ე წუთამდე ორი ზუსტი დარტყმა შეასრულა და წონასწორობა აღადგინა.

ამის შემდეგ საქართველოს უპირატესობა გამოიკვეთა. 27-ე წუთზე სტუმრებმა ჩვენი ხელდახელ შეტევა ჯარიმით შეაჩერეს და აბჟანდაძემ უპირატესობა დაგვიბრუნა. მას მალევე კიდევ ერთი შანსი მიეცა, მაგრამ 45 მეტრიდან მიზანმა ოდნავ უმტყუნა. ტაიმის ბოლომდე დარჩენილი წუთები ბორჯღალოსნებმა მეტოქის წითელ ზოლში, იერიშებში გალიეს. ორჯერ ლელოს ხაზის გადაკვეთაც მოხერხდა, მაგრამ მცველებმა ბურთის დამიწების შესაძლებლობა არ მოგვცეს, დავით ნინიაშვილს კი მიზნამდე სულ ცოტა დააკლდა.

ლელოები მეორე ტაიმში

მეორე ტაიმი საქართველოს შეტევებით დაიწყო. ისინი მაღალ ტემპში, ორგანიზებულად თამაშობდნენ, თუმცა უშედეგოდ და 50-ე წუთზე პორტუგალიამ შეძლო ჯარიმით წონასწორობის კიდევ ერთხელ აღდგენა.

საპასუხოდ, ბორჯღალოსნებმა ჯარიმა კარში აღარ დაარტყეს, შერკინებიდან შეუტიეს, ნინიაშვილმა გრძელი გადაცემით მირიან მოდებაძე მოძებნა და მას ლელოს გატანა აღარ გაჭირვებია. აბჟანდაძემ რთული პოზიციიდან გარდასახა. მასპინძელთა დომინირება ამის შემდეგაც გაგრძელდა, მაგრამ სტუმრებმა შეძლეს თავის დაცვა და მატჩის მიწურულს საქართველოსთან ზედიზედ მეორე და სულ მეოთხე მატჩის ფრედ დასრულების იმედი გაუჩნდათ, როდესაც როდრიგუ მატამ ხაზი გაჭრა და ლელო გაიტანა.

გარდასახვა ძელმა აისხლიტა, მერე კი საქართველო კვლავ მეტოქის 22-ში დაბრუნდა, შერკინებიდან ბურთი კვლავ ხაზზე გავიდა, ვასილ ლობჟანიძემ ის ფეხით მარჯვენა ფრთაზე გადაკიდა, მოდებაძე ორ მცველს შორის შევიდა და ბურთი შეინახა, რაქიდან კი ნინიაშვილმა ჯიქურ შეუტია და ლელო გაიტანა, აბჟანდაძემ კი გარდასახვით წერტილი დასვა – 23:14.

This image has an empty alt attribute; its file name is 293383577_472284611374708_8692876725585669527_n-1024x683.jpg

16 ივლისი. ქუთაისი. აია არენა
საქართველო – პორტუგალია 23:14
საქართველო
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ლადო ჩაჩანიძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. მიხეილ ბაბუნაშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გურამ პაპიძე, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. ბექა შვანგირაძე; 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. გიორგი კვესელაძე.

2 ლელო: მოდებაძე, ნინიაშვილი
2 გარდასახვა: აბჟანდაძე
3 ჯარიმა: აბჟანდაძე

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩასთან კიდევ ერთი თავდამსხმელი მიყავთ: დიდი კაცის ნიჭიერი შვილი

დიახ, ბედნიერი ვარ: ლევანდოვსკის ოცნება ახდა – ის ბარსაშია