კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და ქართულ კლუბთა ხელმოცარვის ბოლოწლებისეული ტრადიცია გრძელდება.
არაერთგზის მოვისმინეთ, რომ თამაში ყველამ ისწავლა და იოლი მეტოქე არ არსებობს. ვიცით და გვესმის, თუმცა წლიდან წლამდე, სხვათა პროგრესს და ქართული გუნდების რეგრესისკენ მიმავალ სტაგნაციას ვუცქერთ. კარგი, დავიწყოთ გუშინდელი დღის მიმოხილვა.
„პაიდე“ 1:2 (პენ 6:5) „დინამო“
ოთხ ქართულ კლუბს შორის თბილისის „დინამო“ ერთადერთი განთესილი იყო და თითქოს წილისყრაშიც გაუმართლა. 2004 წელს დაარსებული, ნახევრად სამოყვარულო „პაიდე“ და შემდეგ უკვე „არარატი“.
თბილისში მეტოქემ მოიგო და შინ 1 ბურთიანი უპირატესობა წაიღო, თუმცა ახლა გუშინდელზე ვისაუბროთ.
„დინამო“ ტერიტორიულ უპირატესობას საწყის წუთებზევე დაეუფლა და მეტოქის საჯარიმოს ირგვლივ ტრიალი დაიწყო, თუმცა მარჯვენა ფრთაზე მალის მომარაგება და მისი ჩაწოდებები არ მუშაობდა. 37 წლის რაგნარ კლავანი შეუცდომლად იდგა.
„დინამოს“ პირველი გოლი ლამაზ, სამსვლიან კომბინაციას მოჰყვა. ოსეის დიაგონალი, კამარას დაგდება და სხირტლაძის მორიგი გოლი!
შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სადაც „დინამომ“ კიდევ ერთი გაიტანა. ამჯერად გოლი ცვლილებაზე გამოსულმა ანტილევსკიმ შეაგდო. 114-ე წუთზე კი მსაჯმა პენალტი დანიშნა და მასპინძლებმა ორი მატჩის ჯამში გაათანაბრეს. საბოლოოდ, შეხვედრა პენალტების სერიაში გადავიდა, სადაც „პაიდემ“ უშეცდომოდ ურტყა, ხარაბაძემ კი გადამწყვეტი პენალტი გააფუჭა და ისტორიული საღამო მოიწყო.
რატომ ისტორიული? – „პაიდე“ 2004 წელს დაარსდა და დღემდე ნახევრად სამოყვარულო გუნდია. ასეთი ქვეყნებისა თუ კლუბების ისტორიის წერა კი საქართველოს ოდითგანვე ახასიათებდა. „დინამო“, რომელიც წყვილის აშკარა ფავორიტი გახლდათ, თანაც ერთადერთი ქართულ გუნდთაგან განთესილთა შორის, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა. კიდევ სცადეთ…
„დილა“ 0:0 „კუპსი“
გორულმა გუნდმა თავისზე გაცილებით ძლიერ და მდიდარ „კუპსს“ ვერაფერი მოუხერხა. შეხვედრის სტარტზე გორელთა გატანილი ბურთი თამაშგარის გამო გაუქმდა, მაგრამ ქართლელებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ.
მატჩის განმავლობაში დემჩენკოს გუნდმა 21-ჯერ გაისროლა, ბურთს 58%-ით აკონტროლებდა, მეტოქეზე გაცილებით მეტი კუთხურიც მოაწოდა და ყველაფერიც გაიღო გასამარჯვებლად, თუმცა უკეთესმა გაიმარჯვა.
„პარტიზანი“ 0:1 (პენ 4:5) „საბურთალო“
ყოველწლიურად, რომელიღაც ქართული გუნდი სასიამოვნოდ გვაოცებს და წელს ეს „საბურთალო“ აღმოჩნდა. ზედ ევროთასების წინ, გუნდი მთავარმა მწვრთნელმა და არაერთმა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა (გუნდში სერიოზული ფინანსური პრობლემებია) თუმცა თბილისური გუნდი კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე მაინც გავიდა!
წილისყრამდე ითქვა, რომ ყველაზე მეტად, სწორედ „საბურთალოს“ არ გაუმართლა, რადგან „პარტიზანიც“ ძალიან ძლიერია, პლუს მეორე ეტაპზე ბუქარესტის „სტიაუა“…
რუმინელებამდე ერთი კვირაა იქამდე კი ქება- ქება და კიდევ ქება ნოზაძის გუნდს! გულიაშვილის გოლმა მატჩი დამატებითსა და პენალტებში გადაიყვანა, სადაც თორნიკე მეგრელიშვილი დიდებულად გაისარჯა, 2 პენალტი უკუაგდო და „საბურთალო“ მეორე ეტაპზე გაიყვანა!
ახალგაზრდული ჟინი და ბრძოლისუნარიანობა, ამის იმედი ჰქონდა ნოზაძეს და იმუშავა კიდეც, ახლა კი ძალიან რთული მეტოქე იცდის და ისევ ახალგაზრდული ჟინის იმედია!
GIPHY App Key not set. Please check settings