უეფა ალბათ არასოდეს ინანებს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა საქართველოს რომ მისცა. გავაოგნეთ ევროპა ასეთი გულშემატკივრობით, ხალხის აქტიურობით, ემოციით, შექმნილი ატმოსფეროთი…
ჰოდა, წერენ და წერენ ჩვენზე. ცალკე ფეხბურთელებზე რამხელა გუნდებს აჯობეს და ცალკე საქართველოში არსებულ სიტუაციაზე. ნიდერლანდებთან ფრედ დასრულებულ მატჩზე კი ლოგიკურია ზურიკო დავითაშვილის დაუვიწყარ გოლს აქებენ და საქართველოს პირველ ადგილს აღნიშნავენ.
ვერავინ მოგვიგო: საქართველო პირველია და პლეი-ოფისთვის თბილისში დარჩა – ნამდვილ ევროპაში ვართ
uefa.com
„ტურნირის თანამასპინძელმა საქართველომ ბოლო ტურში ნიდერლანდებთან ფრედ 1:1 ითამაშა, დაუმარცხებელია და მეოთხედფინალში გავიდა, როგორც ჯგუფის გამარჯვებული.
ზურიკო დავითაშვილმა 42-ე წუთზე შესანიშნავი გოლი გაიტანა. დრიბლინგი მოედნის ცენტრიდან დაიწყო და ლამაზი გოლით დააგვირგვინა. დავითაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. საქართველო შვედეთის შემდეგ პირველი მასპინძელი ქვეყანაა (2009 წ), რომელიც 21-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა“.
Daily Mail (ინგლისი)
„საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არასდროს უთამაშია. ჩემპიონატის დებიუტანტმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ზურიკო დავითაშვილის გოლმა გაიყვანა“.
Yorkshire Evening Post (ინგლისი)
„ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს გულშემატკივართა უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდა, თამაშს რეკორდული რაოდენობის მაყურებელი დაესწრო. მასპინძლებს ქულა ზურიკო დავითაშვილის შესანიშნავმა გოლმა მოუტანა. ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, შესანიშნავი სოლორეიდით ხუთ მეტოქეს გასცდა და ზუსტად დაარტყა“.
Mundo Deportivo (ესპანეთი)
„საქართველოს ნაკრები A ჯგუფში დაუმარცხებელია და 5 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. 2009 წლის შემდეგ მასპინძელი პლეი ოფში არასდროს გასულა, ეს ამჯერად საქართველომ შეძლო. კიდევ ერთი ფაქტი: თბილისში, შეხვედრას 43 043 მაყურებელი დაესწრო, რაც 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებზე დასწრების რეკორდია.
მთავარი „არქიტექტორი“ ზურიკო დავითაშვილი იყო. „ბორდოს“ 22 წლის ფეხურთელის გოლი კვარაცხელიას მიერ „ატალანტასთან“ გატანილ გოლს გაგახსენებდათ“.
Futboliza Mundo (ესპანეთი)
„ზურიკო დავითაშვილმა ნიდერლანდებთან დიდებული გოლი გაიტანა. საქართველომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, დავითაშვილის შეცვლისას ტრიბუნებზე წარმოუდგენელი ოვაცია იყო“.
beinsports.com (საფრანგეთი)
„ზურიკო დავითაშვილმა ნიდერლანდების ნაკრებს ბრწყინვალე გოლი გაუტანა. ქართველმა ფეხბურთელმა დრიბლინგით ჩამოიცილა მეტოქის ხუთი მცველი და ზუსტი დარტყმით გუნდი დააწინაურა. ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო მეოთხედფინალში გასვლით ტურნირზე თავის ყოფნას ამართლებს“.
Webgirondins (საფრანგეთი)
„ზურიკო დავითაშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად ნიდერლანდებს დაუპირისპირდა და პირველ ტაიმში შესანიშნავი გოლი გაიტანა, რომელმაც საქართველოს მეოთხედფინალის საგზური მოუტანა. ასეთი სოლორეიდები დავითაშვილის შესრულებით „ბორდოშიც“ არაერთხელ გვინახავს“.
Weszlo (პოლონეთი)
„ზურიკო დავითაშვილმა ფენომენალური დრიბლინგი ლეო მესის სტილში შეასრულა. 22 წლის ქართველმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ერთ-ერთი ულამაზესი გოლი გაიტანა, რომელიც ამ ტურნირის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება“.
GIPHY App Key not set. Please check settings