in

ვერავინ მოგვიგო: საქართველო პირველია და პლეი-ოფისთვის თბილისში დარჩა – ნამდვილ ევროპაში ვართ

საქართველოს ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. ბოლო მატჩი ნიდერლანდებთან ფრედ 1:1 ითამაშა და ეს საკმარისია იმისთვის, რომ უძლიერეს კვარტეტში პირველები ჩვენ გავმხდარიყავით. თუმცა ახლა ეს სათქმელად არის მარტივი, მაგრამ ამ ქულის მოპოვება ოფლად, სისხლად და ბოლომდე ბრძოლად დაუჯდათ ფეხბურთელებს. თამაშის მერე ფეხზე დგომაც კი უჭირდათ, სამაგიეროდ დაუფასდათ – დაუფასდათ ქულებითაც და ხალხისგანაც.

მატჩის შემდეგ სტადიონის მიმდებარე ქუჩებში იყო ერთი ღრიაცელი – ყვირილი, სიმღერა, შეძახილები, დროშების ფრიალი, ზღვა სიხარული და ემოცია: აი ეს შეუძლია ფეხბურთს, აი ეს არის საქართველო, თანაც გამარჯვებული სამშომბლო.

ფეხბურთს რომ დავუბრუნდეთ, ცხადია არც ეს თამაში ყოფილა მარტივი. ნიდერლანდებს მოგება ჯგუფიდან გაიყვანდა, ამიტომაც ჩვენი მეტოქე თავიდანვე შეუდგა საქმეს და საწყის წუთებში 2-3-ჯერ შეეძლო გატანა. გვიმართლებდა.

მაშინვე გამოჩნდა, რომ ეს იქნებოდა მორიგი ნერვების ომი და ასეც მოხდა. მეტოქე მუდიმვად აკონტროლებდა ბურთს და თამაშს და სახიფათოდ გვიტევდა. ჩვენებს უჭრდათ ბურთის დაჭერაც, ხეირინად ამოტანაც, წინ გადაგდებულ ბურთზე მარტო გაგუა იყო და ისიც თითქმის ვერაფერს ვერ ახერხებდა. რჩებოდა ნაცადი ხერხი – ინივიდუალური ოსტატობა. და ისევ ამან იმუშავა, თან როგორ იმუშავა. ზურიკო დავითაშვილმა ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული (არ არის გამორიცხული ტურნირის საუკეთესო) და კარიერაში დაუვიწყარი გოლი გაიტანა. მარჯვენა ფლანგზე გადმოსულმა ბურთი მიიღო და დაიწყო მსვლელობა: შუისკენ შეიწია, გზად რამდენიმე მეტოქე მოიცილა, მეკარამდე მიაღწია, მეურვეებიც არაფრად ჩააგდო და კოხტად შეაგორა ბურთი კარში. იშვიათი დრიბლინგი და გოლი იყო, მარადონაც არ იტყოდა 1986 წელს ასეთზე უარს. ზურიკოსაც ისე გაუხარდა, სტადიონს ლამის სამი წრე დაარტყა და იმ წამს ისიც, ბიჭებიც და გულშემატკივრებიც სიგიჟემ მოიცვა.

ზუ-რი-კო!.. სკანდირებდა მთელი სტადიონი. მერეც არაერთხელ.

პირველ ტაიმში ბევრი შეჩერება იყო და მსაჯმა 5 წუთი დაამატა. ზუსტად ბოლო წამს, ზედ ჩასტვენამდე გაგვიტანეს, ბურთი ვერაფრით გამოვიტანეთ საჯარიმოდან და ტეილორმა 4 მცველსა და მამარდაშვილს შორის გააძვრინა.

მეორე ნახევარი როგორი გველოდა აშკარა იყო. ჩაჯდა საქართველო უკან, წამოვიდა ნიდერლანდები და დაგვსტრიალებდა თავს გაუთავებლად. ცალკე ფეხბურთელები შეაკვდნენ და ცალკე მაყურებელი დაწყდა ნერვიულობისგან. მეტიც, ერთ ეპიზოდში, ბოლოს, როდესაც სტუმართა მეკარე ჩვენს საჯარიმოში ჩამოვიდა, ბურთი ჩავჭერით და გოჩოლეიშვილმა საკუთარი მოედნიდან ცარიელ კარში გაუშვა, მაგრამ მიზანს აუცდა.
მოკლედ, საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა, ვერ გაგვიტანეს და ამ ფრით საქართველო პირველ ადგილზე გავიდა.

სამი უძლიერესი მეტოქე, სამივეს უპირატესობა ჰქონდა ჩვენზე, სამივეს უნდოდა მოგება, მაგრამ ვერცერთმა ვერ მოგვიგო… რატომ? იმიტომ, რომ ეს იყო ერთ მუშტად შეკრული საქართველო – მიზნით, მოტივაციით, ემოციით, ერთმანეთის სიყვარულით… ჰოდა, ჩვენ მოვიგეთ!

ევრო 2023. U21. A ჯგუფი. III ტური

ნიდერლანდები-საქართველო 1:1
27.06. თბილისი. დინამო არენა. 43 043 მაყურებელი
0:1 დავითაშვილი (42), 1:1 ტეილორი (45+6)

ნიდერლანდები: ვერბრუგენი – ბურგერი (75. დალინგა), ვან ევაიკი (83. მანჰუფი), ვან ჰეკე, ვან დე ვენი, ჰარტმანი (83. მაატსენი) – გრავენბერხი, ტეილორი – ეკელენკამპი (75. ტავსანი), სამერვილი, ბრობი
სათადარიგოები: სხენდელაარი, სხერპენი – ტიმბერი, რენში, მიინანსი, რეისი, სამბო, ზირკზეე

საქართველო: მამარდაშვილი – საზონოვი, გელაშვილი, კალანდაძე, გოჩოლეიშვილი – ლომინაძე (46. ლ. გაგნიძე) – აზაროვი, მექვაბიშვილი, დავითაშვილი (90+2. ო. მამაგეიშვილი), წიტაიშვილი (58. ხვადაგიანი) – გაგუა (79. გულიაშვილი)
სათადარიგოები: კუტალაძე, ყალიჩავა – კაპანაძე, ნ. ხორხელი, ჯინჯოლავა, სიგუა, მოისწრაფიშვილი

გაფრთხილება: ლომინაძე (45+1), მექვაბიშვილი (45+4)
არბიტრი: რ. ობრენოვიჩი (სლოვენია)

უეფამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ზურიკო დავითაშვილი დაასახელა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა, ევროპის 8 საუკეთესო გუნდშია და პირველადგილოსნობის გამო ¼ ფინალს ისევ თბილისში ითამაშებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩაზე წიგნი გამოუშვეს – კვარადონა: ქართული სასწაული

ჩვენ ეს დავიმსახურეთ, ლამაზი ისტორია დავწერეთ: ეს არის თაობა, რომელსაც ბევრის მიღწევა შეუძლია და გულშემატკივარს უნდა ჰქონდეს მისი იმედი