ჩემპიონთა ლიგის საღამოები ქართული ფეხბურთისათვის დასრულდა და ამაში მოულოდნელი არაფერია. დღეს თუარა ხვალ მაინც მოხდებოდა და საგანგაშო არაფერია. საწყენი ისაა, რომ ბათუმურ გუნდს შანსი ჰქონდა მეორე ეტაპზე გასულიყო, რაც კონფერენს ლიგის პლეი ოფის საგზურს ნიშნავს, თუმცა… საკმარისად ვისაუბრეთ გუშინდელ მატჩზე და ახლა კონფერენს ლიგას მივხედოთ.
თბილისის „დინამო“ ესტონურ „პაიდეს“ სტუმრად შეხვდება. პირველი მატჩის შემდეგ ქართული გუნდი ჩამორჩენაშია და მინიმუმ 1-ბურთიანი უპირატესობით გამარჯვება მართებს, თუმცა თბილისურმა მატჩმა გვიჩვენა, რომ სუსტი მეტოქე აღარ არსებობს, განსაკუთრებით, ქართული გუნდებისათვის.
ვიცით, რომ „პაიდე“ ნახევრად სამოყვარულო გუნდია და მათი სტადიონი ვერ აკმაყოფილებს უეფას მოთხოვნებს, შესაბამისად, მატჩი სხვა ქალაქში გაიმართება, რომლის ტევადობაც 1500 მაყურებელია.
მიუხედავად მარცხისა „დინამოს“ აქვს რესურსი საიმისოდ, რომ ეს ეტაპი გადალახოს და კიდევ უფრო შორსაც წავიდეს. მატჩი 20:00-ზე დაიწყება და რეპორტაჟის ხილვა სეტანტასპორტსზე შეგეძლებათ.
„საბურთალო“ ანგარიშის მხრივ დიდ ჩამორჩენაში არაა, მაგრამ გუნდში არსებული ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით სიტუაცია ძალიან რთულადაა. ალბანური „პარტიზანი“ ძალიან ძლიერი გუნდია და თბილისელებს ღირსეული ბრძოლის მეტი არაფერი მოეთხოვებათ. რა დრო დადგა, ალბანური გუნდი რთულ საკბილოდ ითვლება… ჰო, შეხვედრა 22:00-ზე დაიწყება და „საბურთალოც“ ერთ ბურთიანი ჩამორჩენით იქნება.
„გორის დილა“ შინ ითამაშებს, თუმცა 2 ბურთიანი ჩამორჩენა აქვს ფინურ „კუპსთან“. დასანანი გოლები, 32-მეტრიანი ჯარიმა და მატჩის ბოლოს დანიშნული პენალტი. ორი სტანდარტი და ორი უპასუხო გოლი.
„დილა“ ძალიან საინტერესო პროექტია. დემჩენკო კარგი მწვრთნელია და გუნდში საკმაოდ საინტერესო აფრიკელი ლეგიონერები თამაშობენ. შეხვედრა 21:00-ზე დაიწყება.
გამარჯვების მნიშვნელობასაც შევეხოთ. მოგეხსენებათ, უეფას ქვეყნების რეიტინგი აქვს, რომელიც ნაჩვენები შედეგების ჯამით განისაზღვრება და ამა თუ იმ ქვეყნის პოზიციის ინდიკატორია. მაგალითად, 2010-იანებში საქართველო 32-ე პოზიციაზე იყო ახლა კი 46-ე, რაც ნიშნავს იმას, რომ თითქმის ყველა გუნდი განუთესავია და ძალიან ძლიერი მეტოქეები ხვდებათ ქართულ კლუბებს. ამ მომენტისათვის, 5 ჩატარებულ მატჩში 1 ფრე და 4 წაგებაა ქართველთა მონაგარი. ბათუმის „დინამოს“ ფრე 1 ქულად ფასობს, რომელიც 4 ზე იყოფა, რადგან საქართველოს 4 წარმომადგენელი ჰყავს. დღეს, შესაძლოა, ქართულ ყულაბას 3 ქულა დაემატოს ან 0. მოკლედ, ეს მერე ვთვალოთ, იქამდე კი წარმატებები…
GIPHY App Key not set. Please check settings