ვერ დაემართა კარგი ამბავი ზურიკო დავითაშვილს და მის „ბორდოს“. გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე ჟირონდელებმა სტუმრად ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ „ანსისთან“ 0:1 წააგეს და მე-2 ადგილს დაემშვიდობნენ, რომელიც ლიგა 1-ში გადასვლის გარანტიაა.
ბოლო დროს მშვენივრად მოთამაშე დავითაშვილი „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 88 წუთი ითამაშა.
„ბორდომ“ გოლი მალევე, მე-9 წუთზე გაუშვა, თუმცა მერე თამაშს აკონტროლებდა, ოღონდ დიდად გამწვავებას ვერ ახერხებდა. დავითაშვილიც აქტიურობდა, მაგრამ ზოგადად გუნდს ბევრი არაფერი გამოსდიოდა.
37 ტურის შემდეგ და სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ლიდერია „ლე ავრი“ (72 ქულა), ხოლო გიორგი მიქაუტაძის „მეცს“ და „ბორდოს“ 69 ქულა აქვთ. მე-2 ადგილზე „მეცი“ გადავიდა ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო (3:0, 0:2).
გადამწყვეტი ცხადია ბოლო ტური იქნება, რომელშიც 2 ივნისს „ბორდო“ შინ გავარდნის საფრთხის წინაშე მყოფ „როდეზს“ მიიღებს.
რა შანსი აქვს „ბორდოს“? მოიგოს ბოლო ტურში „როდეზთან“, ხოლო „მეცმა“ ქულები დაკარგოს. „ბორდო“ ვერც იმ შემთხვევაში გადავა ლიგა 1-ში, თუ ბოლო ტურში სამივე გუნდი („ლე ავრი“, „მეცი“ „ბორდო“) 72-72 ქულას დააგროვებს. პირველ ადგილზე გავა „ლე ავრი“, რომელსაც სამივე კონკურენტთან უპირატესობა აქვს, ხოლო მეორე ადგილი დარჩება „მეცს“, რომელიც ურთიერთშეხვედრებში „ბორდოს: ჯობნის.
ასე რომ, დავითაშვილი და „ბორდო“ ბოლო ტურში სასწაულის იმედზე არიან. არადა, საქმე სულ სხვანაირად მიდიოდა…
GIPHY App Key not set. Please check settings