ვირტუს ბოლონია, რომლის ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე შენგელიაა, იტალიის სერია A-ს პირველი ნახევარფინალისტი გახდა. ბოლონიელებმა მეოთხედფინალური სერიის მე-3 მატჩიც მოუგეს ბრინდისის და პოტენციურ მეტოქეთაგან პირველები გავიდნენ ნახევარფინალში. გადამწყვეტი შეხვედრა ვირტუსმა სტუმრად – 100:95 მოუგო ბრინდისის და თორნიკე შენგელია გამარჯვებულთაგან ყველაზე შედეგიანი იყო.
თორნიკე მატჩში სათადაროგოთა სკამიდან ჩაერთო და 25 წუთში 17 ქულა, 9 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 6-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა, რაც ბოლონიელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. ვირტუსს 18 ქულა შესძინა მარკო ბელინელიმ, ჯორდან მიკიმ 15 ქულა ჩააგდო, მილოშ ტეოდოსიჩმა კი – 13. ბრინდისის მხრიდან შეუჩერებელი იყო ამერიკელი მარკის რიდი – 33 ქულა.
თუ ვინ იქნება ვირტუსის მეტოქე იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალში, ტრენტოსა და ტორტონას სერიაში ირკვევა, რომელსაც ეს უკანასკნელი 2:1-ს იგებს.
GIPHY App Key not set. Please check settings