One-Mam show – პირდაპირ ასე, სიტყვების თამაშით, დაწერეს „ვალიადოლიდისა“ და „ვალენსიას“ შეხვედრაზე, რომელშიც ქართველმა მეკარემ შესანიშნავად კი ითამაშა და გუნდი არაერთხელ გადაარჩინა, მაგრამ მატჩის ბოლო წუთზე მცველების მორიგი უნიათობის გამო მაინც გაუშვა და მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.
თავიდან „ვალენსია“ უტევდა, მაგრამ კავანიმ და მუსამ შანსებით ვერ ისარგებლეს.
შემდეგ უკვე „ვალიადოლიდმა“ ჩაიგდო უპირატესობა ხელთ და მომენტებიც შექმნა.
მამარდაშვილმა გუნდი ჯერ მაჩისის, მერე კი პლანოს დარტყმების შემდეგ გადაარჩინა. ჩვენიანმა კიდევ ორი მწვავე შეტევა მოიგერია, როდესაც პირისპირ დარჩენილ იმავე მაჩისს არ გაატანინა, შემდეგ კი გონსალო პლატას.
„ვალენსიას“ ჩემპიონატში 4 მატჩია ვერ მოუგია (აქედან 3 წაგება) და 20 ქულით მე-14 ადგილზე დაეშვა. ხოლო გასავარდნ ზონას სულ რაღაც 1 ქულით უსწრებს. მომდევნო თამაში ვალენსიელებს 2 თებერვალს სტუმრად თვით მადრიდის „რეალთან“ უწევთ და რა შანსი აქვთ, თავად განსაჯეთ.
GIPHY App Key not set. Please check settings