ხვიჩა კვარაცხელია, როგორც მოსალოდნელი იყო, მოედანს დაუბრუნდა, მისმა „ნაპოლიმ“ კი რთულ მეტოქეს „რომას“ 2:1 მოუგო და ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა.
ხვიჩას ანგარიშზე ამჯერად საგოლე პასია. ეს მისი მე-8 ასისტია მიმდინარე ჩემპიონატში.
სერია ა-ს მე-20 ტურის შეხვედრაში პირველი სახიფათო მომენტი სწორედ ქართველმა შექმნა: მე-5 წუთზე მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოსკენ წავიდა და მარცხენა ქვედა კუთხეში დაარტყა, მაგრამ „რომას“ მეკარე ბურთი კუთხურზე მოიგერია.
მე-17 წუთზე ხვიჩა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შევარდა და კარის წინ ბურთი ოსიმენს გადააწოდა, რომელმაც შესანიშნავი გოლით ანგარიში გახსნა.
54-ე წუთზე ლოსანოს პასის შემდეგ კვარაცხელიას თავადაც შეეძლო გატანა, მაგრამ ბურთი დროულად ვერ დაამუშავა და შანსი ვერ გამოიყენა. 69-ე წუთზე ქართველი ფეხბურთელი შეცვალეს.
ამის შემდეგ „რომამ“ ანგარიში მალევე გაათანაბრა, მაგრამ 86-ე წუთზე ჯოვანი სიმეონემ გამარჯვების გოლი შეაგდო.
20 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ 53 ქულა აქვს და დამაჯერებელი ლიდერია. სამხრეთელები 13 ქულით უსწრებენ მეორეადგილოსან „ინტერს“.
მომდევნო შეხვერდა „ნაპოლის“ სტუმრად უწევს 5 თებერვალს „სპეციასთან“.
GIPHY App Key not set. Please check settings