in

სერია A-ში საუკეთესო, TOP 5-ში მეცამეტე – კვარაცხელიას რეიტინგი მუნდიალის წინ

ევროპის საკლუბო ფეხბურთი მსოფლიოს ჩემპიონატის გამო პაუზაზე გავიდა. TOP 5 ლიგებში სეზონი მხოლოდ დეკემბრის ბოლოდან (იტალიაში და გერმანიაში – იანვრიდან) განახლდება. ეს სეზონი გამორჩეულია ქართული ფეხბურთის მოყვარულებისთვის, რადგან ელიტურ ლიგებში ერთბაშად სამი ქართველი ლეგიონერი თამაშობს: ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) და ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე) სერია A-ში და გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) – ლა ლიგაში. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით გამორჩეულია 21 წლის კვარაცხელია, რომელმაც იტალიის ჩემპიონატში ნამდვილი ფურორი მოახდინა, დებიუტანტს სულ რამდენიმე თვეც კი არ დასჭირდა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა შორის დასამკვიდრებლად.

სერია A მუნდიალის პაუზაზე 15 ტურის მერე გავიდა. ხვიჩას ნაპოლი 41 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და მას შესანიშნავი შანსი აქვს სკუდეტო კლუბის არსებობის ისტორიაში მესამედ მოიგოს. შეგახსენებთ, რომ პირველი ორი შემთხვევა (1986/87 და 1989/90) დიეგო არმანდო მარადონას სახელს უკავშირდება. სამწუხაროდ, ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე 7 ქულით გასავარდნ ზონაშია (მე-18 ადგილი) და მას ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებია.

ნაპოლი სუპერწარმატებულია, რაც დიდწილად ხვიჩას დამსახურებაა, რომელმაც 12 მატჩში 6 გოლი, 5 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი მიითვალა. კვარაცხელიას ბოლო სამი მატჩი წელის ტკივილის გამო გაუცდა. გოლი+პასი სისტემით, ხვიჩა ოსიმენთან (9+2) ერთად საუკეთესოა. ლუკა ლოჩოშვილის ანგარიშზე 12 თამაშში 1 საგოლე პასია.

WhoScored-ის რეიტინგით ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელია! მიუხედავად იმისა, რომ მას ბოლო სამი მატჩი გაუცდა, მისმა კონკურენტებმა ვერ გამოიყენეს ეს შანსი და ხვიჩამ პირველი ადგილი შეინარჩუნა – 7.55 ქულა საშუალოდ. ქართველმა გარემარბმა პირველობისთვის ბრძოლა თანაგუნდელს, ვიკტორ ოსიმენს (7.42) მოუგო, მესამეზე ლაციოს სერბი ნახევარმცველი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩია (7.41). სულ რეიტინგ-ლისტში სერია A-ს 307 ფეხბურთელი მოხვდა. ლუკა ლოჩოშვილი (6.50 საშუალოდ) 181-ე პოზიციაზეა, რაც ნორმალური მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ მის გუნდს ჯერ მოგება არ აქვს.

სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეები. WhoScored

  1. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.55
  2. ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი) – 7.42
  3. სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო) – 7.41
  4. პაულო დიბალა (რომა) – 7.36
  5. ადრიენ რაბიო (იუვენტუსი) – 7.28
    …181. ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე) – 6.50


კვარაცხელია 4-ჯერ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, ასეთი შედეგი მხოლოდ რაფაელ ლეაოს (მილანი), ლორენცო პელეგრინის (რომა) და ემილ აუდეროს (სამპდორია) აქვთ.

მართალია, იტალიის ჩემპიონატში საუკეთესოა, მაგრამ ხვიჩა ევროპის TOP 5 ლიგების რეიტინგში (WhoScored) ათეულში ვერ ხვდება. 7.55 საშუალო შეფასებით, ის მე-13 პოზიციაზეა, ის გაბრიელ ჟეზუშსა (არსენალი. 7.59) და ჰარი კეინს (ტოტენჰემი. 7.47) შორისაა. ევროპაში საუკეთესო შეფასება ლიონელ მესის აქვს – 8.65, რომელსაც 7 გოლი და 10 საგოლე პასი აქვს ლიგა 1-ში. საშუალოდ 8 ქულაზე მეტი შეფასება არგენტინელის გარდა არავის აქვს.

გიორგი მამარდაშვილის ვალენსია 14 ტურის მერე შესვენებაზე 19 ქულით გავიდა და ლა ლიგაში მე-10 ადგილზეა. გიორგიმ ყველა მატჩში დაიცვა “ღამურების” კარი, სულ 15 გოლი გაუშვა, კარი მშრალად სამჯერ შეინახა. 6.63 საშუალო შეფასებით ქართველი მეკარე 124-ე პოზიციაზეა რეიტინგში (მეკარეებში – მე-16).

TOP 5 ლიგების საუკეთესო მოთამაშეები. WhoScored

  1. ლიონელ მესი (პსჟ) – 8.65
  2. ნეიმარი (პსჟ) – 7.94
  3. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) – 7.90
  4. კილიან მბაპე (პსჟ) – 7.87
  5. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) – 7.76
  6. მარტინ ტერიე (რენი) – 7.76
  7. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 7.73
  8. იოზუა კიმიხი (ბაიერნი) – 7.67
  9. რემი კაბელია (ლილი) – 7.65
  10. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი) -7.64

    europop.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია, ჰოლანდი, სალაჰი -ვარსკვლავები, რომლებიც მუნდიალზე არ იქნებიან

“ლურჯი ძმები”, რომელთაც ტიტულები სწყურიათ -Corriere dello sport კვარასა და ოსიმენზე