საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ხორვატიის ქალაქ სპლიტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა: ჩვენი გუნდი მე-8 ადგილზე გავიდა.
მეშვიდე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველომ მონტენეგროსთან წააგო – 11:14.
შეგახსენებთ, ეს გუნდები ამ ჩემპიონატზდე ერთ ქვეჯგუფში იყვნენ და ის მატჩიც მონტენეგრომ მოიგო, სხვათა შორის ისიც 14:11.
შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. მცირე უპირატესობას მონტენეგროელები ფლობდნენ და პირველი მეოთხედი ჩვენი მეტოქის სასარგებლოდ დამთავრდა – 6:4.
მეორე მეოთხედი ნაკლებად შედეგიანი იყო, მაგრამ ამ პერიოდშიც მონტენეგროელებმა იმარჯვეს – 2:1.
საქართველოს ნაკრებმა მესამე მეოთხედიც დათმო და ანგარიშში სხვაობა გაიზარდა – 3:4 (8:12)
აი მეოთხე მეოთხედი ჩვენმა გუნდმა მოიგო (3:2), მაგრამ ცხადია ეს საერთო სურათს ვეღარ შეცვლიდა.
საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგს მიაღწია და პირველად მოხვდა ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის.
ამასთან, საქართველომ ავტომატურად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური.
GIPHY App Key not set. Please check settings