შეგვძლებია. 3322 დღის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ვილი სანიოლის გუნდი პრიშტინას ფადიმ ვოკრის სახელობის სტადიონზე კოსოვოს ნაკრებს გაეჯიბრა და ბათუმში გაწვნილი მტკივნეული მარცხისთვის რევანში აიღო. “ჯვაროსნებმა” არაღიარებული სახელმწიფოს ნაკრები 2:1 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრებს ზედიზედ 4 მატჩი ჰქონდა წაგებული და ქართულ მედიასა თუ გულშემატკივრებში საფუძვლიანი კრიტიკაც იყო. განვლი მატჩებში წაგებაცაა და წაგებაც, მაგრამ ჩვენს ფეხბურთელებს მოედანზე მუხტი და გამარჯვების წყურვილი არ ეტყობოდათ. დღეს კი, ყველაფერი რადიკალურად განსხვავებული იყო, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ საქართველოს ნაკრებისთვის ეს მაქსიმუმია და კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ, მაგრამ წინა მატჩებისგან განსხვავებით, გუნდმა გააზრებული ფეხბურთი აჩვენა, დაგვანახა მოტივაცია, მოგების წყურვილი და შედეგიც მივიღეთ.
შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. საწყის წუთებში კოსოვოელებმა დიდი ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს. საწყის 10 წუთში მეტოქის ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი 74 იყო. “ჯვაროსნებს” ბურთის ცენტრამდე ამოტანაც უჭირდა. მიუხედავად ასეთი დიდი ტერიტორიული უპირატესობისა, კოსოვო მარტო ბურთს აგორავებდა და მათ თამაშში, რაიმე აზრიანი არ შეიმჩნეოდა. მილოტ რაშიცას გრძელი პასები მცველებს ზურგს უკან, რომელიც მურიქის მისამართით იყო გათვლილი, მაგრამ ამ გრძელ პასებს შედეგი არ მოჰქონდათ.
კოსოვო ბურთს ფლობდა და უკეთესად გამოიყურებოდა, მაგრამ გოლის გატანა საქართველოს ნაკრებმა მოახერხა. გიორგი წიტაიშვილმა მარჯვენა ფლანგზე კარგი სოლორეიდი განახორციელა, რომელიც საბა ლობჟანიძემ კარგად გააგრძელა. საბას მიერ გაკეთებული პასი თორნიკე ოქრიაშვილის მისამართით ოდნავ ძლიერი იყო, მაგრამ კოსოვოელთა მეკარემ მურიჩმა ძალიან ცუდად ითამაშა და საქართველოს ნაკრების ათიანმაც ეს საჩუქარი გამოიყენა. ოქრიაშვილმა საქართველოს ნაკრებში თავისი მეცამეტე გოლი გაიტანა.
გატანილი გოლის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ბურთი შედარებით დაიჭირა , მაგრამ გუნდს შეტევების შექმნა უჭირდა. სამაგიეროდ, დაცვაში ქართველი ფეხბურთელები უშეცდომოდ მოქმედებდნენ. ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრების და გერმანული დრეზდენის “დინამოს” მარცხენა განაპირა მცველმა გურამ გიორბელიძემ. გიორბელიძე დაცვაში უშეცდომოდ მოქმედებდა, ცენტრალურ მცველებსაც კარგად აზღვევდა და ერთ ეპიზოდში საქართველოს ნაკრები აშკარა გოლისგან იხსნა.
ტაიმის ბოლო 10 წუთში კოსოვოელებმა მაგრად შემოგვიტიეს. განსაკუთრებით მათი შეტევის მარცენა ფლანგი აქტიურობდა. ერთ-ერთი სწრაფი შეტევის დროს მილოტ რაშიცამ საჯარიმოში ჩააწოდა. ბურთი ბერიშას მიუვიდა, რომლის დარტყმულიც გიორბელიძემ ცარიელი კარიდან გამოიტანა. მასპინძლებმა მაინც გაიტანეს. ტაიმის მიწურულს ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესები დაარღვია და შეხვედრის პოლონელმა არბიტრმა 11-მეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. პენალტი მურიქმა იდეალურად შეასრულა და ტაიმიც ასე დასრულდა.
მეორე ნახევარიც, პირველის მსგავსად, კოსოვოელთა უპირატესობით დაიწყო და მასპინძლები ქართველთა კარს უტევდნენ, მაგრამ განსაკუთრებულ ხიფათს ადგილი არ ჰქონია. ბოლო ნახევარ საათში ვილი სანიოლმა ცვლილებები განახორციელა და უნდა აღვნიშნოთ, რომ სანიოლმა ტაქტიკურად ძალიან სწორი ცვლილებები, გადაადგილები მოახდინა, რამაც გაამართლა კიდეც. გიორგი ქვილითაიას გამოყვანამ მაღალ ბურთებზე საქართველოს ნაკრების თამაში აშკარად გამოასწორა. ქართველმა თავდასმხელმა თითქმის ყველა ბურთი მიიღო და შეტევებსაც კარგად ანაწილებდა. ასევე, კარგად შემოვიდნენ ზურიკო დავითაშვილი და ირაკლი აზაროვი. სწორედ, ამ ორი უკანასკნელის კომბინაციას მოყვა მეორე გოლი კოსოვოს კარში. აზაროვის ჩაწოდების შემდეგ, მასპინძლების დაცვა მაგრად ჩავარდა. დავითაშვილი სრულიად უმეთვალყურეოდ იყო და მასაც ზუსტი თავური დარტყმით მეტოქის კარის აღება არ გასჭირვებია.
მატჩის მიწურულს კოსოვოს ანგარიშის გათანაბრების იდეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ სელმანმა ახლო მანძილიდან კარს ააცილა.
საბოლოოდ, 2:1 და საქართველოს ნაკრებმა 2012 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველად მოიგო.
მართალია, ეს მოგება საქართველოს ნაკრების რთულ მდგომარეობასა და მძიმე რეალობას არ ცვლის, მაგრამ ეს გამარჯვება აუცილებელი იყო და კარგია, რომ ესეც მოხდა.
GIPHY App Key not set. Please check settings