საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა სექტემბრის სანაკრებო პაუზაზე სირცხვილი ჭამა. ჩვენმა ნაკრებმა ჯერ კოსოვსთან წააგო საკუთარ მოედანზე (0:1), შემდეგ ესპანეთთან განადგურდა (0:4), მერე კი ამხანაგურ მატჩში ბულგარეთთან ვიწვნიეთ მწარე მარცხი (1:4).
საქართველოს ნაკრების სამარცხვინო თამაშები დღეს გადაცემაში “სპორტი იმედზე” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა შეაფასა.
“რაც ვნახეთ არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა, არ იკითხებოდა, რომ ასე უნდა გვეთამაშა. ეს მატჩები ჩემთვის იყო კატასტროფა, სამარცხვინო, მე ნამდვილად მრცხვენოდა. მთავარი იყო კოსოვოსთან მატჩი, ამდენი დღე გავიდა, მთელი დღეები ვფიქრობ, რა მოხდა და ვერ ვხსნი. უბრალოდ არანაირი არგუმენტი არ მუშაობს და ვერანაირად შეძლებ, რომ ამ წაგებას გამართლება მოუძებნო. როდესაც ასე თამაშობ, ყველანაირი კრიტიკა უნდა მიიღო და თავი დახარო. კოსოვოსთან ჩემთვის ყველაფერი აბსოლუტურად გაუგებარი იყო. პირველი თამაში იყო ახალ სტადიონზე, ან სტატისტიკას არ კითხულობენ, მსოფლიოს შესარჩევში წლებია თამაში არ მოგვიგია, რაღაცის შეცვლა ხომ უნდა გინდოდეს, რაღაცის გაკეთება, პლუს ამას ეთამაშები არაღიარებულ ქვეყანას. ლოგიკურად რომ შეხედო, ერთადერთი თამაშია, რომელიც უნდა მოიგო, მაგრამ რაც მოედანზე პირველივე წუთიდან ჩანდა, აბსოლუტური კატასტროფა იყო. დავიჯერო სულ ცუდი მწვრთნელი გვყავს? ასე არ არის, თუ ფეხბურთელებს არ გავაკრიტიკებთ, შეუძლებელი იქნება, მათაც უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა. კოსოვოს თავდამსხმელი (ვედათ მურიქი), უთამაშებელია, მაგრამ მოედანზე რამე შეატყეთ? გუნდი, რომელიც შენზე მეტს დარბის, მეტ ორთაბრძოლას იგებს, ყოველთვის მოგიგებს. 14 ნომერი ყავდათ, არ გაჩერებულა. გეფიცებით, ორჯერ დავთვალე, ხომ 11 ფეხბურთელია მოედანზე-მეთქი. აქ ხომ საუბარი არაა მთელ სეზონზე, ერთი კონკურეტული მატჩია, რაც არ უნდა მოემზადებელი ფეხბურთელი იყო, პირველივე წუთიდან ხომ მეტყობა მინდა თუ არა თამაში? მართლა მიხარია ნებისმიერი ქართველი სპორტსმენის წარმატება, ნუთუ, შენ არ უყურებ და არ გინდა, რომ იგივე ჩვენი ოლიმპიელებივით წარმატებული იყო? შენც ხომ უნდა გინდოდეს, აეროპორტში რომ ჩამოდიხარ, ერთხელ ხალხი დაგხვდეს, ტაში დაგიკრას. გსიამოვნებს თავდახრილი სიარული? უნდა ვისწავლოთ და მივეჩვიოთ, რომ კონკრეტული მოთამაშეები ვაკრიტიკოთ. თუ საჭიროა უნდა ვაკრიტიკოთ, ეს ცუდი კი არ არის, მისთვის ეს კარგია, მაგრამ სწორედ, მიზანმიმართულად უნდა შევეხოთ ყველაფერს. არ შეიძლება ყოველთვის მწვრთნელის შერჩეულ შემადგენლობაში ვეძებოთ პრობლემა. არ მინდა, შევეხო კონკრეტულ ფეხბურთელებს, მაგრამ მაგალითად ხოჭოლავა, მწვრთნელი რომ ვარ და პირველ თამაშს ვუყურე, არ მომინდება მეორე მატჩში მისი დაყენება, კარგ შემადგენლობას და გამარჯვებულ შემადგენლობას რომელი მწვრთნელი შეცვლის? გავიგე, რომ გვაკლდა ფეხბურთელები, რომლებზეც დამოკიდებული ვართ, მაგრამ ვინც მოედანზე გადის, თავისი ქვეყნის ნაკრების მაისურს ირგებს, რაღაცის დამტკიცება ხომ უნდა სურდეს? ეს არ ჩანს და ეს მტკივა”.
GIPHY App Key not set. Please check settings