in ,

მამარდაშვილი VAR-მა გადაარჩინა: რეალთან თამაშამდე ვალენსიამ ოსასუნა დაამარცხა

სანაკრებო შეკრებიდან დაბრუნებულმა გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიას” შემადგენლობაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა და მისმა გუნმა მეორე ტაიმში ყოჩაღობის გამო დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა. ლა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში ხოსე ბორდალასის შეგირდები პამპლონაში “ოსასუნას” ესტუმრნენ და მეტადრე გონსალო გედეშის ბრწყინვალე თამაშის დამსახურებით 4:1 მოიგეს.

მატჩი “ღამურებისთვის” კარგად არ დაწყებულა. საკუთარ საჯარიმოში გილემონმა რობერტო იბანიესი წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. თუმცა ვიდეორეფერიმ გადაწყვეტილება შეცვალა. “ოსასუნამ” კი მაინც მალევე გაიტანა. სტუმრების დაცვა ისევ ჩავარდა, ხოსე გაია პოზიციურად შეცდა და ჯონ მონკაიოლამ უზუსტესი დარტყმით ანგარიში გახსნა. გიორგი მამარდაშვილმა ნახტომის შემდეგ აღება ვერ შეძლო.

გოლი მამარდაშვილის კარში

ეს ქართველისთვის მეორე გაშვებული გოლია ლა ლიგაში. საინტერესოა, რომ პირველიც (“გრანადასთან”) თითქმის ანალოგიური იყო. ყოველ შემთხვევაში ის გოლიც მეკარისგან მარჯვენა დაბალ , უკიდურეს კუთხეში წავიდა.

გაშვებული გოლის შემდეგ, “ვალენსიამ” ბურთი დაიჭირა და სახიფათო შეტევებიც განახორციელა, მაგრამ, თავის მხრივ, “ოსასუნაც” კარგად კომბინირებდა. ანგარიში 26-ე წუთზე გათანაბრდა. მარჯვენა ფლანგზე კარლოს სოლერმა ჩინებულად ითამაშა და საჯარიმოში მისი გამჭოლი პასის შემდეგ, მაქსი გომესმა გაიტანა. ტაიმის მიწურულს მასპინძლებს ისევ შეეძლოთ წინ გასვლა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა რთული ბურთის აღება შეძლო – ჩვენიანმა თავისგან მარჯვენა კუთხეში მოიგერია დაბალი ბურთი.

მეორე ნახევარი “ვალენსიამ”, კონკრეტულად გედეშმა ჩინებულად დაიწყო. 50-ე წუთზე პორტუგალიელი ფლანგური გარღვევის შემდეგ საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან თავზე გადაუგდო ბურთი მეკარეს, ოღონდ რიკოშეტი იყო და ავტოგოლი დაფიქსირდა. 55-ე წუთზე კი გედეშმა დიდებული დარტყმით დუბლი შეასრულა.

62-ე წუთზე არასასიამოვნო მომენტი ვიხილეთ. “ოსასუნას” შეტევის დროს, ალდერატემ და მამარდაშვილმა შეუთანხმებლად ითამაშეს. ქართველი მეკარე ბურთთან არადამაჯერებლად მივიდა და ბრასანაჩმა გაიტანა. თითქოს გოლი ჩაითვალა, მაგრამ VAR-მა აჩვენა, რომ გიორგი მამარდაშვილს ბურთი ხელებში დაფიქსირებული ჰქონდა და თავდამსხმელმა მას ხელებიდან აართვა უხეშად. შესაბამისად, გოლი სამართლიანად გაუქმდა.

გარდა ამისა, მამარდაშვილმა რამდენჯერმე ბურთი მუშტებით მოიგერია.

73-ე წუთზე ალდერატემ ბრწყინვალე თავური დარტყმით აიღო მეტოქის კარი და მატჩის საბოლოო ანგარიში 4:1 დააფიქსირა.

“ვალენსია” ისევ დაუმარცხებელია და “რეალის” საღამოს მატჩამდე, “ატლეტიკოსთან” ერთად 10 ქულით ჩემპიონატის თანალიდერია. მომდევნო შეხვედრას “ვალენსია” კი შინ “მესტალიაზე” მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტარიელ ხეჩიკაშვილი და შალვა გოგოლაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს შეხვდნენ

ლევან კობიაშვილი: შენც ხომ უნდა გინდოდეს აეროპორტში რომ ჩამოდიხარ, ხალხი დაგხვდეს, ტაში დაგიკრას?