საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სექტემბერში სამ შეხვედრას გამართავს-2 ოფიციალური და 1 ამხანაგური. ვილი სანიოლის გუნდი 2 სექტემბერს ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კოსოვოს დაუპირისპირდება. 5 სექტემბერს “ჯვაროსნები” ბადახოსში ესპანეთს ეთამაშებიან. 8 სექტემბერს კი, სოფიაში ამხანაგურ მატჩს ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავენ.
ფრანგი სპეციალისტის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები 30 აგვისტოს ანგისას საფეხბურთო ბაზაზე შეიკრიბება. სანიოლის გაფართოებულ შემადგენლობაში 5 დებიუტანტია. მათ შორის, ერთ-ერთი მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი, ბათუმის “დინამოს” თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია. ფანცულაია ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონშიც გამორჩეულ თამაშებს ატარებს და ევროსარბიელზეც კარგი იყო.
Sport4me.ge გიორგი ფანცულაიას ბათუმის ულამაზეს სტადიონზე ეწვია და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
გიორგი, მოდით ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. როგორ დაიწყეთ ფეხბურთის თამაში?
ფეხბურთის თამაში ადრეულ ასაკში დავიწყე. ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში მამაჩემს დიდი წვლილი მიუძღვის. ჩემი პირველი ნაბიჯები ამ სპორტში საფეხბურთო სკოლა “ირაოსთან” ასოცირდება. კარიერის მანძილზე ბევრი რთული პერიოდი მქონდა და ბევრი დაბრკოლებაც შემხვდა, მაგრამ ამიტომაცაა ცხოვრება საინტერესო. მიზნის მისაღწევად რთული დაბრკოლებების გადალახვა რომ არ გიწევდეს ცხოვრებაც აზრს დაკარგავდა. ფეხბურთის თამაში როცა დავიწყე, რა თქმა უნდა მთავარი მიზანი და ოცნება ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა იყო.
რთული პერიოდი ახსენე და შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე არასტაბილური სეზონის შემდეგ, ასე ვთქვათ, “მეორე სუნთქვა” ქუთაისის “ტორპედოში” გაგეხსნა.შემდეგ კი, წლევანდელი ბრწყინვალე სეზონი ბათუმის “დინამოში”.
სწორედ ახსენეთ “ტორპედომდე” ძალიან ხშირად ვიცვლიდი კლუბებს და თითქმის ყველა გუნდში მომიწია თამაში. არ ვიცი, ალბათ ამ გუნდებში ვერ მოიძებნა ჩემთვის შესაფერისი როლი და ადგილი გუნდისთვის, რომელშიც მეტად შემეძლებოდა ამ გუნდისთვის სასარგებლო ვყოფილიყავი. ქუთაისის “ტორპედოში” კი, ბოლომდე მენდნენ. მომცეს ის დავალებებები და მისია, რომელიც ვფიქრობ კარგად გამომდის და მე ამ გუნდის ძალიან მადლობელი ვარ. ბათუმის “დინამოში” კი, მთავარი გია გეგუჩაძის ფაქტორია. ჩემი აზრით, გეგუჩაძე საქართველოს ჩემპიონატში მომუშავე ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, რომელმაც იცის გუნდთან, ფეხბურთელებთან სწორი მიდგომა და ალბათ ესაა ჩემი და ბათუმის “დინამოს” წარმატებული სეზონის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი.
წლევანდელ ევროსარბიელზე ბათუმის “დინამოს” გამოსვლასაც უნდა შევეხოთ. წარმატებული რთულია ვუწოდოთ, რადგან კლუბმა მხოლოდ ორი ეტაპი გადალახა და საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია, მაგრამ, რაც მთავარია, გუნდმა ფეხბურთი ითამაშა და ამას ხალხი ყოველთვის აფასებს.
ბორისოვის “ბატესთან” მტკივნეული საშინაო მარცხის შემდეგ, გია გეგუჩაძემ გუნდში ძალიან საბრძოლო განწყობა შექმნა. მთელი მოსამზადებელი ეტაპი ბიჭები ისე განვეწყვეთ, რომ ჩვენ შეგვეძლო ამ გუნდის გასვლაზე დამარცხება. მთავარი იყო ჩვენი ფეხბურთი მოგვეხვია მეტოქისთვის. რაც შეეხება, “სივასპორთან” დაპირისპირებას. ვერ ვიტყვი, რომ თურქულმა კლუბმა რაიმეთი გვაჯობა. ცოტა იღბალი დაგვაკლდა და ამ ეტაპს გავივლიდით. ბათუმის “დინამო” ლამაზ, შემტევ ფეხბურთს თამაშობს. გუნდი ძალიან შეკრულია, ყველამ იცის თავისი როლი და ვფიქრობ ბათუმის “დინამოს” კიდევ უფრო მეტის პოტენციალი აქვს.
წელს მთავარი მიზანი ჩემპიონობაა და ამას აუცილებლად მივაღწევთ.
ახლა ნაკრებზეც გადავიდეთ. ალბათ, ყველა ფეხბურთელის ოცნებაა ეროვნული გუნდის მაისურით თამაში. რამდენად ელოდი ნაკრებში გამოძახებას და რა განცდა დაგეუფლა, როდესაც გაფართოებულ შემადგენლობაში შენი გვარი ამოიკითხე?
ერთი წლის წინ ვერც ვიოცნებებდი, რომ ნაკრებში მოვხვდებოდი. ეს წარმოუდგენლადაც მოჩანდა, მაგრამ რთული პერიოდის მიუხედავად არ დავნებებულვარ. წლევანდელი წარმატებული სეზონის შემდეგ კი, შანსს ნამდვილად ველოდი და მეც ვეცდები მის გამოყენებას.
გიორგი, ამის შესახებაც მინდა ვისაუბროთ. მამის გარდაცვალების შემდეგ, არა მხოლოდ კარიერაში, არამედ ცხოვრებაშიც რთული დრო გქონდა.
მამაჩემი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო. მისი ოცნება იყო მე ნაკრებში მოვხვედრილიყავი. სამწუხაროა, რომ მამა ამ დღეს ვერ მოესწრო, მაგრამ მწამს იქ ძალიან ბედნიერია.
.
GIPHY App Key not set. Please check settings