ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გამოსვლა დაასრულა. ბოლო წარმომადგენელი 97 კგ წონით კატეგორიაში ელიზბარ ოდიკაძე გვყავდა, რომელსაც ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი ჰქონდა.
მან რეპეშაჟში აზერბაიჯანელი შარიფოვის წინააღმდეგ იჭიდავა და 5:7 დამარცხდა. ეს იყო დრამატული ორთაბრძოლა, რომლის დასრულებამდე 13 წამით ადრე ქართველი 5:4-ს იგებდა, თუმცა შარიფოვმა დარჩენილ დროში ორქულიანი გდება შეასრულა და 6:5 დაწინაურდა.
ბოლო წამზე ოდიკაძემ მეტოქეს ფეხი კარგად აუღო, თუმცა ორქულიანი გდებისთვის დრო აღარ ეყო. ჩვენი მწვრთნელის, გორგი იანტბელიძის ჩელენჯი არ დაკმაყოფილდა (ბოლო წამზე მეტოქე თითქოს პარტერში გადაიყვანა, მაგრამ ჩელენჯის დროს გამოჩნდა, რომ ეს არ მომხდარა) და საბოლოოდ 7:5 დაფიქსირდა აზერბაიჯანელის სასარგებლოდ.
32 წლის ქართველმა მოჭიდავემ, რომელიც მსოფლიოსა და ევრიოპის ჩემპიონატების პრიზიორია, ტოკიოში გამოსვლა 6 აგვისტოს დაიწყო. 1/8-ფინალში მან ირანელი მოჰამადჰოსეინ მოჰამადიანი 6:3 დაამარცხა, ხოლო 1/4-ფინალში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წევრთან, აბდულრაშიდ სადულაევთან 0:10 წააგო. ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა და შედეგად, ოდიკაძემ დამამშვიდებელ წრეში გამოსვლის უფლება მიიღო.
GIPHY App Key not set. Please check settings