გასული უქმეები ქართული ფეხბურთის ქომაგებისთვის ძალიან სასიამოვნო გამოვიდა. თემურ ქეცბაიას მეთაურობით ქართველების “ანორთოსისმა” კვიპროსის თასი მოიგო. გადამწყვეტ შეხვედრაში ფამაგუსტელებმა ნიქოზიის “ოლიმპიაკოსი”, გიორგი ქვილითაიას გადამწყვეტი გოლით, 2:1 დაამარცხეს.
ვიდეო: ქართველების ანორთოსისი კვიპროსის თასის გამარჯვებულია – ქვილითაიას გოლით
ამის გარდა, ავსტრიის ბუნდესლიგაში გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა თავი ოთარ კიტეიშვილმა.
ესპანეთის ლა ლიგაში გიორგი ქოჩორაშვილის “ლევანტემ” “ხეტაფესთან” 1:2 წააგო. 21 წლის ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა.
გიორგი აბურჯანიას “კარტახენამ” სტუმრად 2:0 მოუგო “ესპანიოლს”, რომელმაც უკვე მოიპოვა ლა ლიგის საგზური. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა, მისმა გუნდმა კი დიდი ნაბიჯი გადადგა ლა ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნებისთვის.
გიორგი მაკარიძის “ალმერიამ” “ალბასეტეს” უმასპინძლა და ქულები გაუყო – 1:1. მაკარიძემ შეუცვლელად ითამაშა და 2 “სეივი” მიითვალა. ქართველი მეკარის გუნდს ჯერ კიდევ აქვს შანსი, პლეი-ოფის გარეშე გადავიდეს ლა ლიგაში.
ოთარ კაკაბაძის “ტენერიფემ” გასვლითი მატჩი გამართა “საბადელთან” და 2:0 გაიმარჯვა, ქართველი მცველი სათადარიგო იყო.
პოლონეთის ექსტრაკლასაში ნიკა კვეკვესკირისა და ნიკა კაჭარავას “ლეხმა” დასკვნით ტურში “გურნიკი” მიიღო და 1:1 დაუზავდა. კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშა.
გიორგი მერებაშვილის “ვისლამ” “ზაგლებიეს” უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. მერებაშვილი მოედანზე 75-ე წუთზე შევიდა. აქვე გეტყვით, რომ გიორგი მერებაშვილისთვის ეს “ვისლას” მაისურით გამართული ბოლო შეხვედრა იყო. ქართველმა შემტევმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბს დატოვებს.
ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფში ოთარ კიტეიშვილის “შტურმმა” “რაპიდს” უმასპინძლა და 4:1 მოიგო. ამ მატჩში ქართველი ლეგიონერის ბენეფისი შედგა, მან გოლი და საგოლე პასი მიითვალა. კიტეიშვილმა 90 წუთი ითამაშა.
ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის “ვოლფსბერგი” “ტიროლს” ესტუმრა და 2:2 დაუზავდა. ქართველებს არ უთამაშიათ, გიორბელიძე სათადარიგო იყო.
თურქეთის სუპერლიგაში ლევან შენგელია (“ქონიასფორი”) სათადარიგო იყო “ანთალიასფორთან” სტუმრად ფრედ (0:0) დასრულებულ მატჩში.
საბა ლობჟანიძის “ანკარაგიუჯუმ”, რომელიც ბოლო ტურამდე ოფიციალურად გავარდა სუპერლიგიდან, “ალანიასფორს” უმასპინძლა და კვლავ დამარცხდა – 0:1. საქართველოს ნაკრების შემტევი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
ხვიჩა კვარაცხელიას “რუბინმა” ორივე გუნდისთვის გადამწყვეტ მატჩში საბა კვირკველიას, ზურიკო დავითაშვილის, ნიკა ყიფიანისა და გიორგი არაბიძის “როტორს” უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა. ხვიჩა ტრავმირებულია. “როტორიდან” გოლი ბათუმის “დინამოს” ყოფილმა ფეხბურთელმა ჯოვინო ფლამარიონმა პენალტით გაიტანა. ყიფიანი 83-ე წუთზე შეცვალეს, დავითაშვილი ორი წუთის შემდეგ. კვირკველია სწორედ დავითაშვილის ნაცვლად შევიდა. ამ შედეგით, ხვიჩას “რუბინი” კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.
ჯიმი ტაბიძის “უფამ” გია გრიგალავას “არსენალი” მიიღო და 2:1 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში პირველი ტაიმი ითამაშა ტაბიძემ, ხოლო გრიგალავა 55-ე წუთზე გააძევეს.
GIPHY App Key not set. Please check settings