პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, ევროპაში 7-კაცა და 7-ქალა რაგბი ბრუნდება. წელს 7-კაცა რაგბის ტურნირების უმაღლეს დივიზიონს გრანპრის ნაცვლად ჩემპიონატი ერქმევა, მეორე დივიზიონს ალაფა, მესამე დივიზიონს კი, კონფერენსი.
რადგან წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იმართება, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ნაკრებები ევროპის 7-კაცა ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ იღებენ და სავარაუდოდ, დივიზიონებს შორის ასვლა-ჩასვლაც არ იქნება.
საქართველოს 7-კაცა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატში ითამაშებს და პირველ ტურნირს 5-6 ივნისს, ლისაბონში (პორტუგალია) ჩაატარებს. თამაშები მკაცრი კოვიდ-რეგულაციებით გაიმართება და უმაღლეს დივიზიონში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ჯგუფებში ასე განაწილდნენ.
ა ჯგუფი: გერმანია, პორტუგალია, საქართველო, ლიტვა;
ბ ჯგუფი: ესპანეთი, იტალია, რუსეთი, პოლონეთი;
7-კაცა რაგბში ჩემპიონატის მეორე ეტაპი 26-27 ივლისს რუსეთში გაიმართება და იქ ჯგუფები პირველ, ლისაბონის ეტაპზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით შედგება.
ალაფას ორ ეტაპს ითამაშებს ჩვენი 7-ქალა ნაკრებიც. ტურნირში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და პირველ ეტაპს 19-20 ივნისს ხორვატია, ზაგრები უმასპინძლებს. ჯგუფებში გუნდები ასე განაწილდნენ.
ა ჯგუფი: უკრაინა, შვედეთი, ნორვეგია, თურქეთი, მოლდოვა;
ბ ჯგუფი: ჩეხეთი, ფინეთი, საქართველო, უნგრეთი, დანია;
7-ქალას „ალაფის“ მეორე ეტაპი უნგრეთში, ბუდაპეშტში 9-10 ივლისს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings