საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ სამ შეხვედრაში 1 ქულა აიღო. შვედეთთან და ესპანეთთან მარცხის შემდეგ, ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა საბერძნეთთან გასვლით მატჩში ფრედ ითამაშა და ცოტა რომ გაგვმართლებოდა, მოგებაც შეგვეძლო.
პირველი ქულა: საქართველოს საბერძნეთიდან ქულა და იმედი მოაქვს
საქართველოს ნაკრების განვლილი თამაშებისა და ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვილი სანიოლის დებიუტის შესაფასებლად Sport4me.ge თბილისის “დინამოს” ლეგენდარულ მეკარეს, 1981 წელს თასების თასის გამარჯვებულ ოთარ გაბელიას ესაუბრა.
პირველი 3 მატჩის შეფასება
მინიმუმ 3 ქულა უნდა გვქონოდა ამ 3 თამაშის შემდეგ, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ 1 გვაქვს. გარკვეულ ეპიზოდებში იღბალი არ იყო ჩვენს მხარეს. მატჩებამდე ვფიქრობდი საბერძნეთთან უფრო გაგვიჭირდებოდა, ვიდრე ესპანეთთან, რადგან ბერძნები დაცვით, ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობენ. თუმცა, გამოჩნდა, რომ მრისხანე მეტოქეებთან კარგად თამაში შეგვიძლია.
სოციალურ ქსელებში წერდნენ გულშემატკივრები, ესპანეთთან სულ დაცვაში ვიდექით და მეორე ნომრად ვითამაშეთო. ესპანეთთან გერმანიამ სცადა პირველ ნომრად თამაში და კი გახსოვთ 0:6 წააგო. ესპანელებთან ვაჩვენეთ ის ფეხბურთი, რომელიც ამ დონის გუნდთან წარმატების მისაღწევადაა საჭირო და ახლოსაც ვიყავით დადებით შედეგთან, მაგრამ არ გაგვიმართლა. მთლიანობაში საქართველოს გამოსვლით კმაყოფილი ვარ, პოტენციალი გამოჩნდა.
ესპანეთთან გიორგი ლორიას შეცდომა
მეკარეობა ყველაზე დაუფასებელია. შეიძლება საოცარი ბურთები მოიგერიო და გუნდი არაერთხელ გადაარჩინო, მაგრამ ყველა ერთ დაშვებულ შეცდომას გახსენებს. ესპანეთთან მეორე გოლის ეპიზოდში მხოლოდ ლორიას შეცდომაზე ვერ ვისაუბრებ. მეტოქის ფეხბურთელმა საჯარიმოს სიახლოვეს ბურთი თავისუფლად მიიღო, უპრობლემოდ გაისწორა და დაარტყა. მცველმა საკუთარ საჯარიმოსთან მეტოქეს ამდენის საშუალება არ უნდა მისცეს. გიორგისაც ეფარებოდნენ ბურთზე და კარგად ვერ ხედავდა დარტყმის ტრაექტორიას.
შანსები ჯგუფში
ადრეც აღვნიშნე და ახლაც ვიტყვი, რომ ნებისმიერ გუნდთან შეიძლება თამაში და მეტოქის მიუხედავად, თავიდანვე წაგებულის პოზიციიდან არ უნდა გავიდეთ მინდორზე. აგერ ჩრდ. მაკედონიამ გერმანია სტუმრად დაამარცხა, სომხეთმა სამიდან სამი მატჩი მოიგო და ჯგუფში, რომელშიც გერმანიაა, ერთპიროვნული ლიდერია. თანამედროვე ფეხბურთს სახელები აღარ თამაშობენ. მთავარია მონდომება, სწორი ტაქტიკა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რეალურად კი, ამ ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება წარმატებული შედეგი იქნება.
ვილი სანიოლი და ვლადიმირ ვაისი
ამ ორი მწვრთნელის შეფასება ჯერ ძალიან ადრეა. ვაისი მაღალკვალიფიციური მწვრთნელი იყო და საქართველოს ნაკრებს თავისი ხელი ნამდვილად დაატყო. ევროპის ჩემპიონატთან ყველაზე ახლოს სწორედ მისი თაოსნობით ვიყავით. ვაისს საკუთარი ფილოსოფია ჰქონდა, სანიოლი უფრო შემტევ ფეხბურთს თამაშობს. მთავარია შედეგი და ვნახოთ რა იქნება.
ტალანტები და ხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩას ბავშვობიდან ვიცნობ. ბადრი კვარაცხელია ჩემი ახლო მეგობარია და ხვიჩას თამაშს პატარაობიდანვე ვუყურებ. ჩემი ყურადღება განსაკუთრებით თბილისში გამართულ ვიტალი დარასელიას სახელობის ბავშვთა ტურნირზე მიიპყრო და მას შემდეგ სწორი ნაბიჯებით ვითარდება. ამ ბიჭს აქვს გამარჯვებულის ფსიქოლიგია, რაც სპორტში ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი ხვიჩას მიდგომა ფეხბურთისადმი, მხოლოდ თამაშზეა კონცენტრირებული, ყაზანშიც ბაზაზე ცხოვრობს.
საქართველოში ახალგაზრდა ფეხბურთელები ყოველთვის იყვნენ და მუდამ იქნებიან, მაგრამ ფეხბურთელმა მხოლოდ ფეხბურთზე უნდა მოახდინოს კონცენტრირება და სხვა ყველაფერი გვერდზე გადადოს.
GIPHY App Key not set. Please check settings