in

გმირები-ანტიგმირები: რაგბის კავშირის ექს-პრეზიდენტის საჯარო წერილი

რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს საკმაოდ ვრცელ წერილს, რომელშიც ქართულ რაგბში არსებულ კრიზისულ ვითარებაზე საუბრობს და რაც საინტერესოა, იხსენებს და მიმოიხილავს გასულ წლებში არსებულ ვითარებას და ხელისუფლებ(ებ)ის მხრიდან დაინტერესების მაგალითებს. გოჩა სვანიძის წერილს უცვლელად გთავაზობთ.

ვაი სოფელს ცდუნდებებისაგან
ვინაიდან ცდუნებები უნდა მოვიდეს,
მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის ცდუნება.
მათე 18:6

რაც მეტი დრო გადის საქართველოს რაგბის კავშირში 2020 წლის იანვარში დანიშნული საპრეზიდენტო არეჩვნების დღიდან, რაგბის თემში დაძაბულობა და დაპირისპირება უფრო ღრმავდება და დრამატულ სახეს იძენს. ვიცი, რომ ზოგიერთი ზეიმობს 10 მარტის „ტრიუმფალურ“ არჩევნებს, მაგრამ მათ სახეებზე მონური სიხარულის ელემენტები იკვეთება, მამამარჩენალისგან მოსალოდნელი უზალთუნებისა და მშვიდი, უპასუხისმგებლო, ოქროს გალიაში ცხოვრების მოლოდინში.

თუმცა, მხოლოდ ამით არ ამოიწურება ჩემი სათქმელი.
მერაბ ანთაძის პრეზიდენტობის დროს (2004-2007წწ), ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას, ოპოზიციური ძალების გამოსვლები არ გახლდათ იშვიათი. ერთ-ერთი ასეთი მძიმე გამოსვლისას მან და სხვა სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებმა ხელისუფლებიდან მიიღეს დავალება, მოემზადებინათ ხელისუფლების მხარდამჭერი წერილი. შეიქმნა უმძიმესი სიტუაცია, განსაკუთრებით ანთაძისთვის, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისთვის. სწორედ მისი ინიციატივით შეიკრიბა, როგორც მოიხსენიებენ ხოლმე, რაგბის თემი/ოჯახი რაგბის კავშირში და მოამზადა წერილი. თემურ ჯაფარიძე წერდა მას და ყველა სიტყვას უთანხმებდა დამსწრე ათობით ვეტერან თუ მოქმედ მორაგბეს. წერილი იყო უაღრესად დახვეწილი, კორექტული ყველას მიმართ და აქცენტები გახლდათ ზუსტად და მკაფიოდ განსაზღვრული — რაგბის თემი პატივს სცემს თითოეული მორაგბის პირად სიმპათია-ანტიპათიას ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მიმართ და არასოდეს გამოიყენებენ თემის სახელს ვინმეს მხარდასაჭერად ან ვინმეს საწინააღმდეგოდ. ქართველი მორაგბეები, მიუხედავად მათ შორის არსებული პოლიტიკური მსოფლმხედველობის განსხვავებისა, იყვნენ და არიან საქართველოს სამსახურში. კავშირის გამგეობაშიც იყვნენ პოლიტიკურად განსხვავებული შეხედულებების მქონე წევრები, მაგრამ ჩვენ ყველა ერთხმად დავეთანხმეთ წერილის თითოეულ სიტყვას. მომიტევეთ, თუ რაიმე სწორად ვერ აღვიდგინე, თუმცა წერილის პათოსი გახლდათ ზუსტად ამგვარი. და მე ამაყი ვიყავი, რომ ასეთი პრეზიდენტი ჰყავდა საქართველოს რაგბის კავშირს. მეტიც, მე დღესაც ამაყი ვარ და მიმაჩნია, რომ იმ დღემ მნიშვნელოვნად განსაზღვრა, მინიმუმ ათი წლით მაინც, ქართული რაგბის დამოუკიდებლობის ხარისხი, ღირსება და შესაბამისად შექმნა თვითგანვითარების უზარმაზარი მუხტი. ამისთვის მადლობა მერაბს.

რაგბი მორაგბეებს! კობახიძის გავლენა რაგბისაც გადაწვდა?!

შემდეგ იყო 2012 წლის მოვლენები, როდესაც ქვეყანა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინაშე დადგა. არსებულ ხელისუფლებას არჩევნებში დაუპირისპირდა ყოფილი მოკავშირე, საქართველოს (და არა მხოლოდ) მასშტაბით უზარმაზარი რესურსების მქონე ბიზნესმენი და მეცენატი ბიძინა ივანიშვილი. ეს უკანასკნელი, საარჩევნო მარათონისას, ყოველდღიურად იკრებდა ძალებს და მისი შანსი და გავლენა მნიშვნელოვნად იზრდებოდა. ამ დროს, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რაგბის კავშირის თანამშრომლები შევიკრიბეთ ყვარელში, ილიას ტბაზე. სუფრას ხელმძღვანელობდა რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე. მან დამსწრეთათვის შოკისმომგვრელი სიტყვა წარმოთქვა. მიშა სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთად ადღეგრძელა, როგორც ქართული რაგბის მხარდამჭერები. ერთი როგორც სახელმწიფოს მეთაური, ხოლო მეორე როგორც კერძო ინვესტორი. ვისაც ის პერიოდი კარგად ახსოვს, ისიც ემახსოვრება თუ რა რისკს შეიცავდა გიასთვის მიშასთან ერთად მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგის მოხსენიება და როგორც მოგვიანებით გაირკვა, პირიქითაც. გიას ეს საქციელი მთლად გმირობა თუ არა, გმირობის ტოლფასი მაინც იყო და ანთაძის დაწყებული პოლიტიკის ღირსეული გაგრძელება.

2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ჩვენმა საერთო მეგობარმა, იმავდროულად ქართული ოცნების აქტივისტმა და შემდგომში მაღალჩინოსანმა, ლევან ყიფიანმა ჯერ დამირეკა, მერე სახლშიც მეწვია და მთხოვა, რამენაირად დამერწმუნებინა გია, რომ მისულიყო ბიძინა ივნიშვილთან საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად. ვეცადე ლევანისთვის ამეხსნა, თუ რატომ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება, მოვიშველიე ანთაძის მაგალითი და იქვე შევარბილე ილიას ტბაზე წარმოთქმული სიტყვით — ვაჩვენე რა ბიძინა ივანიშვილის პატივისცემა არამარტო გიასგან, არამედ მთლიანი სარაგბო თემისგან. პასუხად, ლევანმა გამაფრთხილა, რომ გიას მიუსვლელობა ბიძინასთან, ამ უკანასკნელის მიერ აღიქმებოდა უპატივცემლობად და ნეგატიურ დაღს დაასვამდა შემდგომ ურთიერთობას. არ ვიცი გიამ ვის რა უთხრა, მაგრამ მე გულწრფელი ვიყავი გიას პოზიციის მხარდაჭერისას, რადგან მჯეროდა, რომ რაგბის თემი ამ გზიდან გადახვევას არავის აპატიებდა. და მართალიც იქნებოდა.

რაგბიში კალაძე და მერია ერთვებიან?! ჩხუბი, ბრალდებები და ისევ ჩაშლილი არჩევნები

2015 წლის მიწურულს, როდესაც დაინიშნა რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები, გია ნიჟარაძე იძულებული გახდა (ზუსტი მიზეზები ჩემთვის დღემდე უცნობია) მოეხსნა კანდიდატურა ისე, რომ ეს საკითხი წინასწარ არ შეუთანხმებია მის გუნდთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც გვერდში დავუდექით და თავი გადავდეთ უხილავ თუ ხილულ მტერთან საბრძოლველად. ცხადი გახდა, რომ რაგბის ბედი უკვე სხვა მოედანზე, რაგბის თემისგან მოშორებით წყდებოდა. ორი ღამე თეთრად გავათენე (არა მარტო მე), საშინელი გაწბილება, შეურაცხყოფა და სიბრაზე ერთდროულად მახრჩობდა. ბათუ კევლიშვილმა დამირეკა და ერთი ერთზე გაიმეორა ის, რაც მეც და სხვა ვეტერანებს გვაწუხებდა. ასეთ შეურაცხყოფილად არასდროს მიგრძვნია თავიო. ღმერთი უშველის ბათუს! არა იმისთვის, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად დამასახელა, არამედ იმისთვის, რომ რაგბის თემში არჩევნების წესის დაბრუნებისთვის ბრძოლის მედროშედ იქცა. ესეც მესამე გმირი.
ვერავინ მეტყვის, რომ 2016-21020 წლებში, ჩემი პრეზიდენტობისას მე ეს დროშა დავხარე, მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან არაერთგზის გადაგდებისა. დიახ გადაგდება! — დღეს მაქვს ამის თქმის უფლება. ნათქვამი არ ეხება მხოლოდ მამუკა ბახტაძეს, სიტყვის კაცს და სპორტის დიდ მოტრფიალე პრემიერს!

ჩვენი კლუბის ღირსებას არავის გავათელინებთ: ჭიჭინაძე, კობახიძე, ნიჟარაძე… რაგბის კლანი?!

არც ერთ პოლიტიკურ პროვოკაციას არ ავყევი (ბევრმა არც კი იცის, თუ რა ნაღმებს ავაცილე რაგბის კავშირი). ჩემზე უკეთესი პრეზიდენტიც შეიძლება ყოფილიყო ვინმე, მაგრამ ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ამ ურთულეს პერიოდში ბევრი ვერ შეძლებდა დაეტოვებინა რაგბის თემი აპოლიტიკური. თუმცა, როგორც გამოჩნდა, ეს ჩემი ყველაზე დიდი ნაკლი ყოფილა მოცემულ ვითარებაში. მხოლოდ ჯამბაზებს აქვთ თავისუფლების უფლება ხელმწიფის კარზე. ჯამბაზი კი, მით უმეტეს მონა, ჩემგან ვერ გამოვიდა. არც მქონდა უფლება!

რამდენიმე სიტყვა ჩემი კიდევ ერთი ,,ნაკლი“-ს შესახებ, როგორც რაგბის ავტონომიის (თავისუფლების) დამცველმა. არაერთგზის გავაჟღერე სანუკვარი ოცნება – რაგბი საქართველოში გამხდარიყო თვითკმარი. რა თქმა უნდა ეს ერთ დღეში ვერ მოხდებოდა, მაგრამ მიზანმიმართული, გეგმიური ქმედებებით ამის მიღწევა 70-80%-ით რეალურია უახლოეს 5-8 წელიწადში. დავიწყე კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება, რამაც ჩვენი შემოსავლები მკვეთრად გაზარდა. გეგმაში იყო მეორე ეტაპის ღონისძიებები. მეტად არ დავკონკრეტდები. თუ დავიწყებ, სრულად უნდა მოვყვე. ამის საშუალებას კი წერილის ფორმატი არ მაძლევს. ხელისშემშლელი ფაქტორებიც დაუყოვნებლივ გამოჩნდა. სამართლებრივად მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, რომლის მოწესრიგების სურვილი მგონი ჩემს მეტს არავის გააჩნდა. ეს არც არის გასაკვირი რაგბის მხრიდან. აუშენეს, უხდიან და რაში ედარდებათ? საკვირველი ის არის, რომ არც მას სურს, ვინც ააშენა და ვინც იხდის. ინტერესების თანხდენის საოცარი ჰარმონიაა. ეს თემაც გაშლას იმსახურებს, ოღონდ არა ამ წერილში. თუმცა გამგები ისედაც გაიგებს. ასეა თუ ისე, უცბად გაირბინა ოთხმა წელმა.
2019 წლის ზაფხულში საბოლოოდ გადაწყდა რომ პრეზიდენტობის კანდიდატად მეორე ვადით უნდა მეყარა კენჭი. გადაწყვეტილება მიიღო იგივე გუნდმა, რომელსაც ადრე წარმოვადგენდი. ბაჩო ხურციძე ეცადა ყოფილიყო გუნდის ლიდერი, თუმცა გადაწყვეტილება არ იქნა მის სასარგებლოდ მიღებული და შევუდექი საარჩევნო მარათონს. ბაჩომ, ჩემდა გასაკვირად, მაინც არ შეცვალა გადაწყვეტილება და ისიც ჩაება ამ მარათონში. თავის მხრივ ნანატრ მარათონს შეუერთდა ირაკლი აბუსერიძე, ოთხწლიანი მოლოდინით გაბრაზებული, ენერგიით აღსავსე და ამომრჩეველთა ანგარიშგასაწევი ძალით გარშემორტყმული ბორჯღალოსანი, რომელსაც პარტიული წარსული და ხელმწიფის სადარი დიდოსტატური თანხმობა უმაგრებდა ზურგს.

სოსო ტყემალაძე: ივანიშვილი ჩემამდეც იყო და მერეც იქნება – სჯობს ჩემს გეგმას გაეცნონ (ექსკლუზივი)

2020 წლის იანვარი. ყველაფერი კარგად მიდის. და უცებ, მოწმენდილ ცაზე ჭექა-ქუხილივით მოგვევლინა სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, არაობიექტური და რეალურ ფაქტებს მოწყვეტილი, რომელმაც თავისი ბინძური საქმე გააკეთა — ხელმწიფეს მისცა ის კოზირი, რასაც ელოდებოდა. მომიტევეთ გადახვევა, ხელმწიფეებს ახასიათებთ ასეთი უცნაურობები, აკეთონ ფინტები იქ სადაც არათუ დაცვა არ დგას, მეკარეც კი არ არის. კარი ცარიელია, ჰა ბურთი და ჰა მოედანი. არა, ეს საკმარისი არ არის, ფინტის გარეშე გოლის გატანა მისთვის მიუღებელია, აბა რისი трюкач-ია, ხელობას ხომ ვერ დაკარგავს? ჰოდა ფანტასტიური ტრიუკით (ფანდით, ფინტით) ხელმწიფე ახერხებს რაგბის თემის მიერ დაგეგმილი არჩევნების გადადებას. გენიალური ფანდის არსი მარტივია: ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა და რა ისმინა ჩემმა ყურებმა, ჩემს სამეფოში ასეთი რამ შეუძლებელია, მომეცით შესაძლებლობა პირადად გავერკვე აუდიტის კეთილსინდისიერებაში და მერე ჩაატარეთ არჩევნებიო — ასე ბრძანა მისი უდიდებულესობის მსტოვარმა სოსო ტყემალაძემ. წყალი არ გაუვა, უმაგრესი არგუმენტია. თუ გავითვალისწინებთ მეფის უდიდეს წვლილს რაგბის ინფრასტრუქტურის შექმნაში, პრაქტიკულად წაუგებელია. თუ ნამუსი მთლად გარეცხილი არ გაქვს (ასეთს კი მადლობა ღმერთს რაგბის თემში სანთლითაც რომ ეძებო, ვერ იპოვი), უნდა დათანხმდე. ასეც მოხდა, თანხმობა მიღებულია არა ერთი, არამედ 15 კაცისგან — ეს კავშირის გამგეობაა.

2020 წლის თებერვალი. მეფე სდუმს. როგორც ჭეშმარიტი დემოკრატი, იგი ემორჩილება ოფიციალური სტრუქტურის პოზიციას და საკითხის პირადი შესწავლის გარეშე ითხოვს თამაშში სხვა, ახალი მოთამაშის შემოყვანას. ესეც მორიგი გადაგდება!
აქ გამოვტოვებ ფართო საზოგადოებისთვის უინტერესო პერიპეტიებს და პირდაპირ გადავალ 2020 წლის ივლისის ბოლო დღეებზე. „თუ რაგბის თემს მშვიდობა სურს, მოქმედი პრეზიდენტი უნდა წავიდეს!“ — ეს არის მეფის განაჩენი, ამჯერად სხვა ვეზირის, პრემიერ გახარიას გახმოვანებით.

როგორც რაგბის კავშირის პრეზიდენტს, ცხადია მქონდა შეცდომები და ეს ეხება საკადრო პოლიტიკას. ვერ დავძლიე პირადი ურთიერთობები მორაგბეებთან, ჩემს მეგობრებთან და ჩემს თავზე ავიღე მეტი ტვირთი, ვიდრე ამის შესაძლებლობა გამაჩნდა. მაგრამ ამჯერად დავუშვი უპატიებელი შეცდომა — ნაწილობრივ ვითანამშრომლე გარე ძალასთან. ამ თამაშში კი მსგავს შეცდომებს არ პატიობენ! ნაწილობრივ-მეთქი, რადგან ყოველი შემთხვევისთვის პრეზიდენტობის კანდიდატურა არ მომიხსნია. თუმცა, არჩევნები კვლავ ვერ ტარდება.

2020 წლის ოქტომბერი. საბოლოოდ რომ დავრწმუნდე, ღირს თუ არა ბრძოლა, ვკრიბავ დარჩენილ მხარდამჭერებს და ვეკითხები: „გსურთ გავაგრძელოთ საარჩევნო პროცესი, თუ შევწყვიტოთ? ერთსულოვანი მხარდაჭერის გარეშე ბრძოლას აზრი ეკარგება, აქამდე ჩემთვის უცნობი მიზეზების გარეშე (განმარტება არ მიმიღია) უკვე დავკარგე 7 ხმა: ლელო 4 და მისი სატელიტი იუნკერები 3. შექმნილი ვითარება არ მაძლევს უფლებას კიდევ დავკარგო ხმები. ჯერ ომი წაგებული არ არის.“ მხარდაჭერა მივიღე და ისევ მარათონში ვარ.

2020 წლის ნოემბერში ვიგებ, რომ ქუთაისი უკვე ბაჩოს მხარეს გადავიდა (მიზეზები კვლავ არ ვიცი, მისგან განმარტება არ მიმიღია). შანსი უკვე აღარ არსებობს. მეტი სიმუხთლე ვერც წარმომედგინა. შუა ბრძოლაში მიტოვება და მოწინააღმდეგისკენ გადასვლა არათუ გაუგებარია, მიუღებელია, რა მიზეზიც არ უნდა არსებობდეს. ქუთაისს სხვაც მიჰყვა.

ამ დროს ირაკლი აბუსერიძე მითვლის შეხვედრის სურვილს. თემაც წინასწარ ვიცი — დროა გამთლიანდეს რაგბის თემი! ბრძოლისას ბევრი ტალახი მომხვდა, თუმცა პირადული ეს არ იყო. მეტიც, არაფერი პირადული ჩემთან არ ყოფილა გასარკვევი და ითხოვს შერიგებას. ეს არ არის მარტო მისი სურვილი, რაგბი ითხოვს გამთლიანებას.
გასათვალისწინებელია, რომ მას ამ მომენტისთვის აქვს 34 ხმა (საკმარისი არჩევნების მოსაგებად), მე კი 21. ანუ შერიგების წინაპირობა არ არის ხმებით ვაჭრობა! ეს კაცური ნაბიჯია. ასეც მივიღე. გადავლახე პირადული წყენა, შეურაცხყოფა, შევეგუე თანამდებობის დაკარგვას, გავცვალეთ წინა წყენიდან გამომდინარე არგუმენტები და დავზავდით ყოველგვარი სამომავლო შეთანხმების გარეშე.

ირაკლი აბუსერიძე: ტყემალაძე აირჩია პოლიციამ და არა მორაგბეებმა – ბრძოლა ახლა იწყება

ამ დროისთვის ბაჩო ხურციძე იკრებს ძალებს და კულუარებში თავს აცხადებს პრეზიდენტად. ისე ჩანს, რომ მას ყველაფერი მოგვარებული აქვს, მაგრამ კონკრეტულად რა და ვისთან, ეს ჩემთვის გაურკვეველია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არა ბათუსთვის, გიასთვის, მერაბისთვის, და კიდევ ვიღაცეებისთვისაც. მათ ყველაფერი იციან, ალბათ, ისიც, რომ შემდგომში ბაჩოს სოსო ჩაანაცვლებს. ეს ვერ არის მთლად გმირული საქმე, მაგრამ ჯერ ასატანია. ისე, მოვლენებს გავუსწრებ და ვიტყვი -დღემდე ვერ გავიგე ბაჩომ რა დააშავა.

2020 წლის 30 დეკემბერი. აბუ იგებს არჩევნებს, ეს მოსალოდნელიც იყო. მისაღებია თუ არა? მისაღებია იმდენად, რამდენადაც ეს სურს უმრავლესობას. ეს არის არჩევნები, ეს არის დემოკრატია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მე აბუს მხარეზე ვარ. განვმარტავ: მე არჩევნების მხარეზე ვარ! პიროვნულად, მე ჩემი ახლო მეგობრების და ოჯახის წევრების მხარეზე ვარ მუდმივად, მიუხედავად არჩევნებისა და ვითარებისა. ხოლო არც აბუ და არც ბაჩო ამ წრეს არ განეკუთვნება.
ვაღიარებ არჩევნების შედეგს და წარმატებას ვუსურვებ გამარჯვებულს. ეს არის თამაშის წესი. წესი კი შედეგზე უმთავრესია. სამწუხაროდ, ამ მარტივ ჭეშმარიტებას ყველა ვერ აღიქვამს. რაგბის თემმა არჩევანი გააკეთა.

ამ დროს ტელევიზიით გვმოძღვრავენ გუშინდელი გმირები – თურმე ასე არ შეიძლება, თუ გვინდა წესიერად ჩატარება არჩევნების, კიდევ ერთხელ უნდა დაინიშნოს ის. ავიწყდებათ, რომ კლუბების გადამწყვეტი უმრავლესობა ითხოვდა განმეორებით არჩევნებს, კანდიდატებიც ამ მოთხოვნას უერთდებოდნენ, და ბოლოს გამგეობამ კავშირის წესდების შესაბამისად მიიღო განმეორებითი არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება. მთელმა სარაგბეთმა (ჩემი და გუშინდელი გმირების ჩათვლით) არჩევნებამდე უკვე იცოდა, რომ აბუსერიძეს არსებული კანდიდატები ვეღარ ჯობნიან. სწორედ ამას ვერ ეგუებიან ,,გმირები“. ისინი ჯერ კიდევ არ არიან ანტიგმირები, თუმცა ბრჭყალები დაიმსახურეს.

ბაჩომ (?!) ბოლოჯერ გაისროლა და საჯარო რეესტრმა უარი თქვა არჩევნების შედეგების ცნობაზე. ეს ის ბაჩოა, რომელიც ერთ თვეში აღარც კი განიხილება რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად.
ბაჩო ხელმწიფის უხილავი ხელია. თუმცა, ამ ხელს თუ რაიმეს ან ვინმეს არ წამოაცვამ, ყველა დაინახავს ხელმწიფის ხელს. ეს კი трюкач-ის თამაშის წესს ეწინააღმდეგება — არავინ უნდა იცოდეს თუ რა სურს მას. დიახ, დადგა დრო, რათა ხელმწიფის ხელს მოვარგოთ ის ხელთათმანი, რომელიც აგერ წელიწადზე მეტია თვითონ მიიწევს ხელისკენ. რატომაც არა, ახლა უკვე მისი ჯერია.

2021 წლის 10 მარტი. რაგბის კავშირის გამგეობის მიერ დანიშნულ განმეორებით არჩევნებს ,,იგებს“ ფავორიტი ხელთათმანი სოსო ტყემალაძე.

მერე რა, რომ გორის ჯიქი ჩაიძირა და გუბერნიის დავალების შეუსრულებლობისთვის ხელფასებს ვეღარ აძლევს მოთამაშეებს;
მერე რა, რომ ზესტაფონს გაუქმებით ემუქრებიან და ისიც ჯიქების რიგში დგას;
მერე რა, რომ ხვამლის დირექტორმა ვერ გაუძლო ზეწოლას და სახე დაკარგა;
მერე რა, რომ არმიის დირექტორმა საერთოდ დაკარგა სამსახური;
მერე რა, რომ ქედა, ბათუმი, ქობულეთი და ოზურგეთი საერთო კრებაზე მათ წარმომადგენელს არც იცნობს;
მერე რა რომ კავშირის წესდების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ ნამდვილ წევრთა პრემიალური ხმების გამოთვლისას ერთი კი არა, ორი სეზონის მონაცემებია გამოყენებული;
მერე რა, რომ …….. აღარ მინდა უხამსობაში გადავიდე.
მთავარი ხომ ეს არ არის, მთავარი უზალთუნებია.
მაგრამ ვაი მას, ვინც ცდუნდება და ასგზის ვაი მას, ვინც აცდუნებს.

ბატონებო, ტრაგედია არ არის, რომ ჩვენ განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. ტრაგედია პრინციპების ღალატია. ნებისმიერი შედეგის მიღწევა შეიძლება თამაშის წესების დაცვით. სოსო ტყემალაძე არავინ არის, ისევე როგორც თქვენი მონა-მორჩილი არ წარმოვადგენ რაიმე განსაკუთრებულს. იმავდროულად სოსოც და მეც, ისევე როგორც ამ სპექტაკლის ნებით თუ უნებლიედ მონაწილე უამრავი სხვა პერსონაჟი, განსაკუთრებულები ვართ, რადგან ადამიანები ვართ და არავის აქვს ჩვენით მანიპულირების უფლება! ვისაც სურს რომ გალიაში იჭიკჭიკოს, ნება მისია. ამისთვის არის არჩევანის თავისუფლება.
კიდევ, აბუსერიძისგან ნუ ქმნით მტრის ხატს. იგი ისეთივე მსხვერპლია მანიპულირების, როგორც თქვენ, ოღონდ თქვენ ჯერ-ჯერობით კარგად ხართ შეფუთული. ვისაც ეხება იმას მივმართავ.

ტყემალაძემ ჟურნალისტებს უსაყვედურა, რატომ არ მომილოცეთო. ჩემო სოსო, გაეშვი მაგათ რა ესმით, გია, მერაბი და ბათუ ხომ გილოცავენ. არჩევანის თავისუფლება რა მოსატანია, როცა ზოგიერთ ველურს ისიც კი არ ესმის რა კარგია გალიაში ჭიკჭიკი. გალიას აგერ 15 წელია გვიშენებენ. იქ საკენკიც ბლომადაა და არც მტაცებელი გვემუქრება. ერთი საფრთხეა მარტო, ჭიკჭიკის მუზა არ დაიკარგოს, ის ხომ გალიას დიდხანს ვერ ჰგუობს.
და გმირები ანტიგმირები ხდებიან!

რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე აირჩიეს: ვნებები ჩაცხრება და საქმეზე გადავალთ

ამ უსამართლობას არ შევეგუებით: რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებზე დაპირისპირებაა


დავესესხები ჩემს უფროს მეგობარს: ყველა ერს აქვს თავისი დანიშნულება სამყაროში, რომელსაც ასრულებს მაშინ, როცა ამის დრო მოვა. ჩვენი ქვეყანა დღეს მთვლემარე მზადების პროცესშია. მე არც თქვენზე უკეთესი ვარ და არც უარესი. უბრალოდ მინდა და ვცდილობ მზად ვიყო ამ დროისთვის. პრინციპებთან კომპრომისი კი ამ შანსის დაკარგვის ტოლფასია.

PS. მეკითხებიან, თუ რას ვაპირებ ახლო მომავალში. გადავწყვიტე, აქტიურად დავუბრუნდე ჩემს საყვარელ საქმიანობას — ადვოკატურას. ისე, არც არასდროს მიმიტოვებია იგი. ერთიცაა, ჩვენში ჯერჯერობით ყველფერი ისეა მოწყობილი, რაც არ უნდა აკეთო, ბოლოს მაინც პოლიტიკასთან აღმოჩნდები. ვნახოთ, გამოჩნდება.

გოჩა სვანიძე
თავისუფალი ადვოკატი
რაგბის კავშირის ექს-პრეზიდენტი
თბილისი, 2021 წლის 12 მარტი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პირველი სატიტულო სპონსორი ესპანეთში სპორტით ამოიქაჩა და რეალის სიმბოლო გახდა

რონალდო მადრიდში ბრუნდებაო