გერმანიის შემდეგ, ინგლისში ვიმოგზაუროთ. გერმანულისგან განსხვავებით, ინგლისურ სერიაში მხოლოდ ერთი ადამიანი საუბრობს, ვეტერანი კომენტატორი, კლაივ ტაილდესლი. ის წარმოგვიდგენს ინგლისურ საფეხბურთო იდეოლოგიასა და ხედვას ევროტურნირების გარშემო. მოკლედ, წინ ცხელი სტატია გველის. მიზეზი მარტივია, 43 ევროტიტული ინგლისური გუნდებისგან, სასაუბრო ბევრია.
გერმანული საფეხბურთო იდეოლოგია: როგორ და რატომ გახდა გერმანია გამარჯვებული
„ჩემი აზრით, პირველი, რასაც ახალგადმოსული სწავლობს ინგლისში, ისაა, რომ როგორი ტალანტიც არ უნდა იყოს, ინგლისში ფიზიკის გარეშე თამაში შეუძლებელია. შენი მაისური მუდმივად ძალიან ოფლიანი უნდა იყოს. მონდომება და ფიზიკური სიძლიერე – მათ გარეშე აქ თამაში წარმოუდგენელია. ეს ასე იყო ნებისმიერი ეპოქის ბრიტანულ ფეხბურთში“, – განაცხადა ტაილდესლიმ.
ინგლისური ფეხბურთი განსაკუთრებით ინტენსიურია, ტემპიც ყველა სხვა ჩემპიონატისაგან განსხვავებულია. მიზეზად 35 წლის ჯეიმს მილნერიც გამოდგება, ვინც მინიმუმ 12 კილომეტრს დარბის. მილნერი წარმოადგენს ინგლისური გამძლეობისა და სიძლიერის კონკრეტულ მაგალითს, თუმცა მისი განზოგადება შეგვიძლია. ან თუნდაც ადამა ტრაორე – მოთამაშე, რომლის ფიზიკური მონაცემებიც უბრალოდ წარმოუდგენელია. ახლა კი ევროტურნირები.
„სერ მეტ ბასბი – როდესაც ამ სახელს იგებ, გონებაში ამოტივტივდება ადამიანი, რომელმაც ევროსარბიელს ინგლისური ფეხბურთი გააცნო. 1948, 1958 და 1968 წლების სამი უძლიერესი „მანჩესტერ იუნაიტედი“. მისი ყველა გუნდი ულტრაშემტევი სტილის მიმდევარი იყო. დაცვა? უბრალოდ, გაიტანე მეტოქეზე მეტი“. ბასბი 25 წლის განმავლობაში წვრთნიდა „მანჩესტერ იუნაიტედს“ და უამრავ შიდა ტიტულს 1 ევროპული თასიც წაამატა. აქვე, უნდა გავითვალისწინოთ, 1958 წლის მიუნხენის ტრაგედია, როდესაც გუნდი თითქმის მთლიანი შემადგენლობით დაიღუპა.
70-იან წლებში ასპარეზზე ბილ შენკლის „ლივერპული“ ჩნდება. „ბევრი გაგებით, ბილ შენკლის „ლივერპულური“ პროექტი დღემდე წარმატებულია. you’ll never walk alone; this is anfield-ის ნიშანი. ეს ყველაფერი შენკლისთან ერთად ჩნდება“, – 14-წლიანი კარიერის განმავლობაში ბილმა უეფას თასი მოიგო. ინგლისური კლუბის ევროჰეგემონია კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბობ პეისლიმ დაიკავა შენკლის ადგილი . „სრულიად განსხვავებული პიროვნება შენკლისთან შედარებით. არავითარი swagg და ორატორობა. მას სჭირდებოდა გუნდი, რომელიც თამაშობდა უფრო მეტად გონებით, ვიდრე გულით. გუნდი, რომელიც თავს ბურთზე კონტროლის დაწესებით იცავდა, პოზიციის დაკარგვის დროს მყისიერი კოლექტიური პრესინგით ცდილობდა ბურთის დაბრუნებას და არა ძველებური სისხლიანი კონტაქტებით“. 1976/77 და 1977/78 წლებში მოგებულ ჩემპიონთა თასებს + სუპერთასი, ასე გამოიყურება პეისლის შედეგი 9 წლის განმავლობაში. ისე კი 19 ტიტულით წავიდა „ლივერპულიდან“.
გვერდს ვერ ავუვლით „ნოტინგემ ფორესტს“. 1978/79 და 1979/80 წლების სეზონის ჩემპიონთა თასის ტრიუმფატორი გუნდი, ბრაიან ქლოუს მეთაურობით. კომეტასავით გაიგრგვინა „ნოტინგემმა“ ევროპულ ფეხბურთში. 1983/84 სეზონში კი ტრიუმფატორი ისევ „ლივერპული“ ხდება. ინგლისური კლუბები ზედიზედ 6 წლის განმავლობაში ახერხებდნენ მინიმუმ 1 ევროტიტულის მოგებას და, შეიძლება ითქვას, რომ 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან 80-იანი წლების შუამდე ინგლისურ გუნდებს ოქროს ხანა ედგათ.
აღმართს დაღმართი რომ მოსდევს, ეს ბუნების კანონზომიერებაა, მაგრამ ის, რაც 1985 წელს ინგლისურ კლუბებს დაემართათ, ხელოვნურ დაღმართს უფრო ჰგავს. საქმე ისაა, რომ ამ წელს მოხდა „ეიზელის“ ტრაგედია. „ლივერპულსა“ და „იუვენტუსს“ შორის ჩემპიონთა თასის ფინალურ მატჩს ბრიუსელში მოყვა ფანებს შორის დაპირისპირება, ჭყლეტვის შედეგად კი 39 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის იტალიელი და ბელგიელი ფანები. მაშინ მერსისაიდელთა ფანები ცნეს დამნაშავედ და უეფამ ყველა ინგლისური კლუბი მოკვეთა ევროტურნირებიდან 5 წლით. „თაობა, რომელიც დაიკარგა. არადა ინგლისური კლუბები ბრწყინავდნენ ევროპის მასშტაბით. იქმნებოდა განცდა, რომ მათ უბრალოდ დაავიწყდათ როგორ უნდა ეთამაშათ ევროპულ ტურნირებზე, რამაც 15-წლიანი მშრალი სერია გამოიწვია“.
იწყება კლასიკა, სახელად სერ ალექს ფერგიუსონი. „ვფიქრობ, რომ ყველა მოთამაშე სარკესავით ირეკლავდა ჩემს მოწადინებულობას, რამაც შედეგი მოიტანა“, – განაცხადა თავის დროზე ლეგენდარულმა შოტლანდიელმა. ნებისმიერ მწვრთნელს რომ კითხოთ, რა ხდიდა ფერგის „მანჩესტერს“ მომაკვდინებელს, გიპასუხებდნენ: სისწრაფე, ტემპი და რწმენა. „მანჩესტერი იყო გუნდი, რომელსაც ნებისმიერი დაცვის დაშლა შეეძლო. მძიმე მატჩებში გუნდს დამატებითი სუნთქვა ეძლეოდა და ახერხებდა სცენარის მათ სასიკეთოდ შეცვლას“. fergie time – ამ ციტატის საუკეთესო ახსნა. რამდენჯერ ყოფილა, რომ გუნდმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში თამაში გადაარჩინა. 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბაიერნთან“ 0:1 ჩამორჩენა მსაჯის მიერ დამატებულ დროში სულშერისა და შერინგემის გოლებით აღმოფხვრა და ისტორიაში ერთ-ერთი დაუვიწყარი ფინალი გვაჩუქა. ფერგიმ შექმნა ისეთი ტალანტები, როგორებიც იყვნენ გიგზი, სქოულზი, ბექჰემი, რონალდო და სხვა უამრავი. ბასბის მსგავსად, ფერგიუსონიც შემდეგი პრინციპით სარგებლობდა: გოლის გაშვება პრობლემა არ არის, უბრალოდ ორი უნდა გაიტანო. ლეგენდალურმა სპეციალისტმა 27 წლის განმავლობაში 13 პრემიერლიგისა და 2 ჩემპიონთა ლიგის ტიტული დაისაკუთრა.
„90-იანი წლების ბოლოს, მსოფლიო ფეხბურთში დაიკარგა საზღვრები და ის უფრო კოსმოპოლიტური გახდა. ეს, განსაკუთრებით, პრემიერლიგაზე შეიძლება ითქვას, რადგან ინგლისური გუნდები გამოიმუშავებდნენ იმხელა მოგებას, რომ შესაძლებელი გახდა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელების მოყვანა სხვადასხვა ქვეყნებიდან, რამაც იდეოლოგიათა თუ ტაქტიკათა ვარიაციები შექმნა. მათ მოჰქონდათ საკუთარი ხედვები და არგებდნენ ადგილობრივ სტილს“, – ტაილდესლი საუბრობს ვენგერზე, მოურინიოზე, ბენიტესზე და სხვა სახელოვან სპეციალისტებზე. ერთ-ერთ ინტერვიუში რაფამ განაცხადა:
„ინგლისური მენტალობა კონკურენტუნარიანობაზეა დაფუძნებული. ძალიან უყვართ ინტენსიური ვარჯიშები. არსებობს გარკვეული ტაქტიკური სტრატეგიები, რომელთა ათვისებაც ინგლისელებს უკეთ გამოსდით. მაგალითად, სათამაშო ტემპის დაგდება იტალიელთა მსგავსად, მაგრამ კონკურენტუნარიანობა ქვაკუთხედია. თუ მოახერხებ, რომ ეს გააკონტროლო და ბალანსი შემატო, მაშინ გეყოლება გამარჯვებული გუნდი“. რაფას დაეჯერება. ზემოთ რომ ვთქვით 1999 წლის ფინალზე ერთ-ერთი საუკეთესოაო, მეორე და უფრო აღიარებული ვარიანტი 2005 წელს სტამბოლში, სწორედ ესპანელის „ლივერპულმა“ შემოგვთავაზა. 0:3 დეფიციტი უძლიერეს „მილანთან“ და 6 წუთში გაცამტვერებული ლამის მსოფლიო ნაკრები. ამ პერიოდში ინგლისური კლუბები სისტემატურად თამაშობდნენ უპირველესი ევროტურნირის ფინალში. ხშირი იყო, რომ ნახევარფინალში 3 ინგლისური კლუბი გადიოდა. არსენ ვენგერმა ევროტურნირი ვერ მოიგო, მაგრამ მისმა „არსენალმა“ 2006 წელს „ბარსასთან“ ფინალი ითამაშა. 2007 წელს მერსისპირელებმა ნახევარფინალში „ჩელსი“ გამოთიშეს და ფინალში „მილანთან“ დამარცხდნენ. 2008 წელს ინგლისური ფინალი ვიხილეთ მოსკოვში „მანჩესტერის“ ტრიუმფით.
2009-ში გვარდიოლამ წაართვა ფერგიუსონს back to back ტიტულის შანსი. 2011-შიც პეპმა დაამარცხა მანკუნიელები. ერთი წლის თავზე „ჩელსიმ“ ისტორიაში პირველად მოახერხა ლიგის თასის აღმართვა. ამ პერიოდში დაქვეითდა „ლივერპული“, მაგრამ ისე მიეწყო, რომ ვერც სხვები კაშკაშებდნენ. 2015 წელს „ენფილდის“ მესაჭე იუგენ კლოპი გახდა. 3 წლის შემდეგ გუნდი ფინალშიც გავიდა, მაგრამ „რეალთან“ 1:3 დამარცხდა. რომ არა კარიუსი… მომდევნო სეზონში ინგლისური ფინალი ისევ ვიხილეთ: „ლივერპული“-„ტოტენჰემი“ – 2:0. კლოპმა ევროპა დაანგრია. ამ წელს მეორე ინგლისური ფინალიც შედგა ევროპის ლიგაზე: „ჩელსი“-„არსენალი“ – 4:1. სრული დომინაცია, ევროპის თავზე წითელჯვრიანი დროშა ფრიალებს. ხსენებულ 2017/18 წლების სეზონში კი უპრეცედენტო ამბავი მოხდა. ინგლისს ჩემპიონთა ლიგაზე 5 წარმომადგენელი ჰყავს, რადგან „იუნაიტედმა“ ევროპის ლიგა მოიგო.
მოკლედ, სასაუბრო კიდევ ბევრია, რიცხვები გენიალური, თასები კი უფრო შთამბეჭდავი.
GIPHY App Key not set. Please check settings