in

ყოველთვის ყველაფერი კარგად არ მიდის, მაგრამ მომდევნო მატჩებზე უნდა ვიფიქროთ: ვილი სანიოლი ტაილანდთან შანსს ახლებს მისცემს

საქართველოს ნაკრებს ოქტომბერში ორი თამაში აქვს მიჯრით. სამწუხაროდ, არცერთი მათგანი არ იწვევს დიდ ინტერესს. ამხანაგური გვაქვს საკმაოდ ეკზოტიკურ ტაილანდთან, ხოლო ოფიციალური კვიპროსთან იმ დროს, როდესაც სატურნირო მნიშვნელობით არაფერს არ წყვეტს. წასაგები უკვე წავაგეთ, დასაკარგი ქულები უკვე დაიკარგა და სპორტული ინტერესიც არ არის. აციებულ თბილისში 50-ლარიანი ბილეთებით უმნიშვნელო მატჩზე წასვლა ბევრ ქომაგს აღარ სურს. თუმცა თამაში სათამაშოა და ჯერ ტაილანდია, რომელთანაც ვილი სანიოლი გადახალისებულ შემადგენლობას დააყენებს.

ტაილანდს თბილისში ყოფნა უხარია და წინააღმდეგობას გაგვიწევს: რთულგვარიანი ხვიჩა ნეიმარივითაა

დღეს ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა, მასთან ერთად იყო ბუდუ ზივზივაძეც.

ვილი სანიოლი:
„ტაილანდთან შანსი მათ მიეცემათ, რომლებიც ბოლო დროს ცოტას თამაშობდნენ, მაგალითად, შენგელიას და სიგუას. მათ შეეძლებათ საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცონ. ბოლო 3-4 თვის განმავლობაში სიგუა ფიზიკურად კარგად განვითარდა. მისი „ბაზელში“ გადასვლა ამიტომ იყო საჭირო, ეს არ ხდება
აქ, საქართველოში. მას სასტარტოში ვიხილავთ. მის განვითარებას დიდი იმედით ვუყურებ. რა თქმა უნდა, რაც ვთქვი, ეს ეხება სხვებსაც – ალთუნაშვილს, ჩაკვეტაძეს… ფიზიკური მდგომარეობის გამოსწორება მოედანზე ისახება და ეს ლოგიკური შედეგია.

სანდრო კალანდაძეს ნაკრებში ინტეგრაცია გაუმარტივდა. ის ბევრს იცნობდა კიდეც. ნორვეგიაში მისი დებიუტით კმაყოფილი ვარ. დამეთანხმებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ნაკრების კარი ბევრს გავუხსენი. ეს მომავალშიც ასე იქნება.

მეკარეებში მკაფიოდ ჩამოყალიბებული იერარქია გვაქვს, ტაილანდთან კი გიორგი ლორია ითამაშებს. მისთვის რთული სიტუაციაა, რადგან დიდი ხნის განმავლობაში პირველი მეკარე იყო. ის კარგად მუშაობს და ახალგაზრდებს გამოცდილებას უზიარებს.

ტაილანდთან მატჩი კვიპროსთან მოსამზადებელი შეხვედრაა. მათ კარგი გუნდი ჰყავთ, თუკი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას მივცემთ, ისინი ამაზე უარს არ იტყვიან. სწორი თამაში და მაღალი პრესინგის გვჭირდება. აზიური გუნდები უფრო მეტ ოფიციალურ მატჩს მართავენ და ტონუსში არიან. მათ სუსტი გუნდი არ ჰყავთ.

არ ვიცი, მაქვს თუ არა უფლება, იმედგაცრუებულ გულშემატკივარს გზავნილი მივაწოდო. ყოველთვის ყველაფერი კარგად არ მიდის, არსებობს წარმატებული და წარუმატებული პერიოდები, მომდევნო მატჩებზე უნდა ვიფიქროთ. მესმის, ბევრია იმედგაცრუებული და ასეთ დროს ეს ყველგან ასეა.

მინდა აღვნიშნო, როდესაც ქუჩაში გულშემატკივრებს ვხვდები, მათგან მხოლოდ დადებითი გამოხმაურებები მსმენია. როგორც გუნდი, ერთად ვიმარჯვებთ და წარუმატებლობაც ერთად გადაგვაქვს. სოციალურ ქსელებში ანონიმური კრიტიკა ზოგჯერ ძალიან მწვავეა და არ ვიცი, ვისგან მოდის“.

ბუდუ ზივზივაძე:
„კლუბში ცოტას ვთამაშობ. კარგ ფორმაში ვარ და ვფიქრობ, მეტს ვიმსახურებ. ამისთვის ბევრს ვცდილობ და იმედია, ყველაფერი შეიცვლება.
რამდენსაც არ უნდა ვთამაშობდე კლუბში, ნაკრებში ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ბოლო შეხვედრაში გავიტანე.
სასიამოვნოა, როცა მწვრთნელი გენდობა. ვეცდები, ნდობა გავამართლო. ცოტას ვთამაშობ და მაინც ნაკრებში ვარ.
ტაილანდს ტექნიკური გუნდი ჰყავს, ვეცდებით ლაღი, შემტევი და შედეგიანი ფეხბურთი ვაჩვენოთ. მადლობა გულშემატკივრებს გვერდით დგომისთვის და მათ ახლაც იმავეს მოვუწოდებ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგას 7 ქულა სეზონის პირველ მატჩში

ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელებში ქართველი ბიჭიცაა: ერთიც ქართული გვარით