გიორგი მიქაუტაძე “აიაქსში” 5-მატჩიანი პაუზის შემდეგ ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში, ათენის აეკ-თან ათამაშეს. თუმცა, ჟორჟი მხოლოდ რამდენიმე წუთი იყო მოედანზე, სულ ორჯერ შეეხო ბურთს და რეალურად, ეს შანსის იმიტაცია იყო.
“ჯონი ვან’ტ სხიპის დამოკიდებულება გიორგი მიქაუტაძეს “აიაქსიდან” წასვლისკენ უბიძგებს”, – ქართველი თავდამსხმელის მდგომარეობაზე Soccernews-ში გამოქვეყნებული წერილის სათაური ზუსტად ასახავს ვითარებას.
გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშესა და ბომბარდირს ამსტერდამის “აიაქსი” (რომელმაც 19 მილიონი ევროდ გადაიხადა) ისე მტრულად დახვდა, თითქოს ამხელა თანხის გადახდაში გიორგის რაიმე ბრალი მიუძღვოდა.
რეალურად კი ყოფილ სპორტულ დირექტორზე (სვენ მისლინტატი, რომელსაც ანალოგიურ თანამდებობაზე “დორტმუნდში”, “არსენალსა” და “შტუტგარტშიც” უმუშავია) გაბრაზებული ნიდერლანდური კლუბი მიქაუტაძეს თავის გამოჩენის შანსს არ აძლევს.
“ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მისი გუნდიდან წასვლა რეალური იქნება. აღსანიშნავია, რომ ევროპაში მიქაუტაძის აყვანის შანსი მხოლოდ “მეცს” აქვს, რადგან ამ სეზონში ფრანგულ კლუბში უკვე ითამაშა და მესამე ევროპულ გუნდში გადასავლის უფლება არ აქვს. შესაძლებელია, სხვა კონტინენტის კლუბში გადასლა”, – წერს გამოცემა.
ფრანგული კლუბის ფანების “ტვიტერის” გვერდზე კი გავრცელდა კონკრეტული ინფორმაცია, რომ “აიაქსი” და “მეცი” ქართველის იჯარაზე უკვე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითც ხელფასის პროცენტებს ფრანგული და ნიდერლანდური კლუბები გადაინაწილებენ.
“ინფორმაცია სანდო წყაროსგანაა. გიორგი მიქაუტაძე “მეცში” დაბრუნდება. კლუბებს შორის მოლაპარაკება დასრულებულია. შეთანხმების მიხედვით, მიქაუტაძე საფრანგეთში 6-თვიანი იჯარით ითამაშებს, ოღონდ, ხელშეკრულებაში გამოსყიდვის უფლება გათვალისწინებული არ იქნება. ამას გარდა, კლუბებმა შეათანხმეს ქართველი თავდამსხმელის ხელფასის გადახდის პირობებიც. თანხის 30%-ს “მეცი” გადაიხდის, ხოლო 70-ს “აიაქსი”, – ვკითხულობთ ფანების პოსტში.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings