in

ბრაიან კლაფი – გენია, რომელმაც ნოტინგემ ფორესტს ორი ჩემპიონთა თასი მოაგებინა!

არსებობენ ადამიანები, რომლებმაც საფეხბურთო რეალობაში წარუშლელი კვალი დატოვეს. 70-იანი წლების ფეხბურთი ბევრს არ ემახსოვრება, მაგრამ რიველინოს, პელეს და სხვა ვარსკვლავების, ვარსვკლავური ბრაზილიის შესახებ სმენიათ, ბილარდო ვერსუს მენოტიც ცნობილთა შორისაა, მაგრამ ხშირად ვერ გაიგონებთ ბრაიან კლაფის სახელს, ყოველშემთხვევაში, საქართველოში და ურიგო არ იქნება, თუკი საოცარი მწვრთნელის დაუჯერებელ გზას ჩავუყვებით…

1967 წელს, მისტერ კლაფი “დერბი ქაუნთის” მესაჭედ დაინიშნა და ეს მისი კარიერის პირველი დიდი ნაბიჯი იყო. ვერძები მაშინ მეორე დივიზიონში იყვნენ და მძიმე დროება ედგათ. ბრაიან კლაფი და პიტერ ტეილორი კი, სწორედ ამ სიმძიმილის შესამსუბუქებლად მოვიდნენ. ჰო, ტეილორი ბრაიანისთვის ალუბალი იყო ტორტზე. ალბათ, ერთგულ ჯარისკაცსა და ჭირგამყოფსე ბევრს სანჩო პანსაც მოაგონდებოდა, მაგრამ მთლად სერვანტესული სცენარი არ გამოვიდა…

71/72 წლების სეზონში “დერბი” გაჩემპიონდა! დაუჯერებელი რამ, რომლის შემოქმედიც ერთი წითელლოყება კაცი და პიტერ პეტიგრიუსდარი ტეილორი იყვნენ.

“THE DAMNED UNITED” და “I BELIEVE IN MIRACLES” – ფილმები, რომლებსაც მცირე მეგზურობის გაწევა შეუძლიათ იმ დიდებულ სამყაროში, რომელსაც 70-იანების ინგლისური ფეხბურთი ჰქვია და თან ეს ყველაფერი ბრაიან კლაფის ჭრილში. პირველი მათგანი “ლიდს იუნაიტედში” გატარებულ 44 დღეს ეხება, მეორეს სიტყვები კი გვეუბნება, რომ სასწაულის დაჯერების დროა და ზედიზედ ორი ჩემპიონთა თასი ამ წინადადებას, ალბათ, იდეალურად მიესადაგება.

“ლიდსი” მაშინ უძლიერესი გუნდი იყო და უდიდესი სპეციალისტიც წვრთნიდა. დონ რივი, რომელმაც კლაფს ბევრი ტიტული ააცალა, მაგრამ სამი ლომის მესაჭედ მიიყვანეს, ჰოდა, მისი ვაკანტური ადგილი სერ კლაფმა შეავსო, ოღონდ, პიტერ ტეილორის გარეშე და დღემდე მიდის ამ თემის ირგვლივ საუბარი: რა იქნებოდა ტეილორთან ერთად და ა.შ. ჰო, კლაფისა და დონ საფეხბურთო სიძულვილი ცნობილი ამბავია და ორი დიდებული სპეციალისტის სატელივიზიო დებატების შესანიშნავი ვიდეოც არის შემორჩენილი, გადაცემა 1974 წელსაა გადაღებული!

მის “ლიდსურ” “ვოიაჟს” მივუბრუნდეთ. პირველი ვარჯიშია და კლაფი სიტყვით გამოდის: “ყველა ტიტული, რომელიც ამ წლებში მოიგეთ, ნაგვის ურნაში გადაყარეთ, რადგან თქვენ ეს დონ რივის ბინძური ხერხებით მოიპოვეთ” – კაპიტანი ჯონი ჯაილსი გაოცებული იყურებოდა და აქ ყველაფერი გაირკვა. კლაფი “ლიდსში” ვერ იმუშავებდა. 44 დღე, სარეკორდოდ მცირე პერიოდი და მისტერ ბრაიანმა მწარე გაკვეთილი იგემა. “დერბიდან” მისი წამოსვლის მთავარი მიზეზიც მსგავსი იყო, იქ ხელმძღვანელებს ღიად აკრიტიკებდა და არ მოუთმინეს.

ახლა კი “ნოტინგემ ფორესტის” დროა. უმძიმეს რეალობაში მყოფი გუნდი, მეორე დივიზიონის ქვედა ნაწილში და სრული ქაოსი. 1975 წელს გარიბალდიანთა მესაჭედ ბრაიან კლაფი ინიშნება და მალევე უერთდება პიტერ ტეილორი, რომელმაც პირველივე ვარჯიშის შემდეგ ბრაიანს უთხრა: ამ გუნდით, მეორე ლიგაში მე-8 ადგილი, შენი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელიაო.

ცნობილია, რომ კლაფი ცუდი პოლიციელი იყო, პიტერი კი კარგი. პიტი ვისზეც იტყოდა მოიყვანეთო, ყოველმიზეზგარეშე მოსაყვანი იყო, კლაფი კი უფრო ირონიული, მკაცრი და ამპარტავანი, მაგრამ შედეგი?

მოკლედ, მეორე სეზონში “ნოტინგემმა” უმაღლესი დივიზიონის საგზური მოიპოვა და აქედან იწყება საფეხბურთო ბლიც-კრიგი, ანდაც ვენი, ვიდი, ვიცი…

ეგრევე ჩემპიონობა, შედმეგ ჩემპიონთა თასი და ისევ ჩემპიონთა თასი! ბრაიან კლაფმა 70-იანი წლების ფეხბურთში ბევრი რამ განსაზღვრა.

ეს ის ეპოქაა, როდესაც ინგლისელები ყველაფერს აწიოკებენ: “ლივერპული” ; “ლივერპული” ; “ნოტინგემი” ; “ნოტინგემი” ; “ლივერპული” ; “ასტონ ვილა” ; “ჰამბურგი” და “ლივერპული”. 8 შესაძლო ჩემპიონთა თასიდან 7 ინგლისში წავიდა და ეს გენიალური ეპოქა “ეიზელის” ტრაგედიამ, უბრალოდ შთანთქა, რადგან 5 წლით ინგლისური გუნდები ევროთასებიდან მოიკვეთნენ. არავინ იცის რა იქნებოდა, მაგრამ მაინც.

ჰო, ჩვენ კლაფზე ვსაუბრობთ და მისი გენიალურობა არაერთხელ დამტკიცდა. მაგალითად, კენი ბარნსი ცენტფ ფორვარდად თამაშობდა, მაგრამ ტეილორმა უყურა და კლაფს შესთავაზა, იქნება ცენტრალურ მცველად დავწიოთო. თითქოს გიჟურ იდეას კლაფმა მწვანე აუნთო, მგონი მართალი ხარო. შედეგი? – იმ წელს ბარნსი, ინგლისის უმაღლესი დივიზიონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ბრაიანის ფრაზები დღემდე განხილვის საგანია. მისი ირონიული, მაგრამ სამართლიანი, ხშირად უხეშობის ზღვარზე გამავალი.

ერთხელ კლაფს ჰკითხეს, მოთამაშე რომ გეუბნებათ – სერ მგონი ცდებით – ამ დროს რას შვრებითო? – “ყველაფერი მარტივადაა, ვეკითხები რატომ თვლის ასე, შემდეგ 20 წუთი ვსაუბრობთ და ვწვყეტთ, რომ მე მართალი ვარ” – იუმორის უმაღლესი კონცენტრაცია პლუს ძალზე მკაცრი და შეუვალი რეპუტაცია, ასეთი იყო კლაფი.

მაგალითად, ჰამბურგის წინააღმდეგ გასამართ ჩემპიონთა თასის ფინალამდე ტრევორ ფრენსისმა ტრავმა მიიღო. ფრენსისი პირველი ბრიტანელია, ვის სანაცვლოდაც მილიონი გადაიხადეს და ამან ის ნამდვილ ვარსკვლავად აქცია… ჰოდა, ტრევორს უთხრა შენ ფინალზე ვერ წამოხვალო, თან გასახდელში, ყველას თვალწინ ათქმევინა, რომ ეს საკუთარი გადაწყვეტილებაა და კლაფი არაფერ შუაშია, არადა წლების შემდეგ ფრენსისმა თქვა, იქ ყოფნას არაფერი მერჩივნა, მაგრამ ბრაიანის აზრით, ჩემი იქ ყოფნა ბიჭებს დააბნევდაო.

ყველაფერ დიდებულს დასასრული აქვს და არც კლაფის ვარსკვლავი იყო გამონაკლისი. 1983 წელს, პიტერ ტეილორმა გარიბალდიანები დატოვა და კლაფი მარტო დარჩა, სწორედ აქ იყოფა “დონ კიხოტისა” და კლაფ-ტეილორის გზები. 1993 წელს მისი “ნოტინგემი” პრემიერ ლიგას დაემშვიდობა, ფეხბურთიდან საერთოდ წავიდა და 2005 წელს, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ეს ფოტო ცალკე გამოყოფილ რამდენიმე სიტყვას იმსახურებს. მაშინ, როდესაც კლაფი “დერბის” წვრთნიდა, არაერთგზის უთქვამს, რომ ის მეორე მუჰამედ ალია. ჰოდა, ერთხელ მსოფლიოს უძლიერესი მოკრივე, მუჰამედ ალი ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც კლაფს ემუქრება, რომ შეწყვიტოს ასე საუბარი. ფეხბურთიდან კრივამდე, მხოლოდ საუკეთესოებთან.

“არ გამომიგზავნოთ ყვავილები, როდესაც აღარ ვიქნები, ის სიცოცხლეში მომიტანეთ” და “ღმერთს რომ სდომოდა ჩვენ მაღალი პასებით გვეთამაშა მოედანი ღრუბლებამდე აიწევდაო” – არადა ფრენსისმა “მალმიოს”, სწორედ თავური გაუტანა.

დღმდე განიხილავენ საკითხს, რომ წლების მანძილზე კლაფს ინგლისის ნაკრების მწვრთნელად განიხილავნდნენ, მაგრამ მისი აროგანტული და პირდაპირი ხასიათის გათვალისწინებით, ეს იდეა ჩანასახშივე მოიშთო, რადგან ბრაიანი ყველაზე ხშირად, სწორედ ფეხბურთის ასოციაციას ერჩოდა.

დღეს, 2022 წლის 20 სექტემბერია და მისი გარდაცვალებიდან 18 წელი შესრულდა. “ნოტინგემი” კი პრემიერ ლიგას 23 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. ზოგი ამბობს, სტივ კუპერი ახალი კლაფიაო, ქალაქ ნოტინგემის ცენტრში დადგმულ კლაფის ძეგლს კი ეღიმება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩელსიმ ფროინდთან შეთანხმებას მიაღწია. რედ ბულის სპორტული დირექტორი ლონდონისკენ მიემართება

გვსურს ჯგუფი თბილისში მოვიგოთ: ნაკრები უკვე სრულია