საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც გერმანულ “ჰამბურგს” გუშინ შეუერთდა, ახალი გუნდის მაისურით პირველი შეხვედრაც ჩაატარა.
“ჰამბურგი” ამხანაგურ შეხვედრაში “მიდტიულანდს” დაუპირისპირდა და 1:5 დამარცხდა. ჩაკვეტაძე მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა.
22 წლის ქართველ ნახევარმცველს რაიმე განსაკუთრებული არ შეუქმნია, მაგრამ რომ ითამაშა ესეც კარგია. ჩაკვე “ჰამბურგში” 7 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
“ჰამბურგის” მთავარმა მწვრთნელმა ტომ ვალტერმა მატჩის შემდეგ, ჩაკვეტაძის დებიუტი შეაფასა:
“ცხადია, მას შეუძლია ჩვენი დახმარება. ჩაკვეტაძე ფეხბურთს ისე თამაშობს და ისე მოძრაობს, რომ ამაში ეჭვი არ მეპარება. ძალიან კრეატიულია, გოლების გატანაც ეხერხება და ნამდვილად შეუძლია ჩვენი დახმარება.”