ეროვნული ლგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი, მაგრამ თბილისის “დინამომ” დაანონსებული საკადრო ცვლილებები დაიწყო. საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა ჯანო ანანიძე დაითხოვა.
კლუბიდან გაშვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ თბილისის “დინამო” მას არასწორად მოექცა.
“მოგესალმებით… საკმაოდ დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ეს წერილი. გადავწყვიტე, რომ ჩემი გულშემატკივრებისთვის დინამოდან წამოსვლის მიზეზსა და ფორმაზე მესაუბრა. საქმე ისაა, რომ ბევრის აზრით, დინამოდან წამოსვლის მთავარი მიზეზი ფინანსური უკმაყოფილება გახდა, ეს არის მცდარი ინფორმაცია და ჩემმა გულშემატკივარმა მინდა სიმართლე იცოდეს.
მინდა გითხრათ, რომ ეს იყო კლუბის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემდა გასაკვირად ტელეფონით მაცნობეს და არა შეხვედრის დროს, პირად საუბარში. ჩემთვის ისიც გასაკვირი იყო, დინამოს ერთ-ერთმა ახალმა ხელმძღვანელმა დამირეკა და არა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და არც პრეზიდენტმა, რომელსაც ახლოს ვიცნობ.
გულწრფელად ვიტყვი, გული იმაზე დამწყდა, რომ ეს თავად იმ ადამიანმა არ მითხრა, ვისაც აქამდე დიდ პატივს ვცემდი. მიმაჩნია, რომ არც მწვრთნელისგან და არც კლუბისგან ასეთ დამოკიდებულებას არ ვიმსახურებდი, რადგან მის ნათქვამს უფრო მეტი წონა ექნებოდა, ვიდრე ნებისმიერი ხელმძღვანელისას.
კლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მითხრა, რომ ჩემთან თანამშრომლობას ვერ გარისკავდა. საქმე ისაა, რომ ამხელა პაუზის შემდეგ, თავი ასე კარგად არასდროს მიგრძვნია. კლუბში მითხრეს, რომ შეკრებაზე ჩემი ხარჯით წავსულიყავი, თუ ფორმას დავიბრუნებდი, ამის შემდეგ ვისაუბრებდით ახალ კონტრაქტზე.
ნურავინ ეცდება, რომ ეს ამბავი ფინანსურ მხარეს მიაწეროს. ზოგადად ვიტყვი, რომ კლუბების ხელმძღვანელთა და მენეჯმენტის მხრიდან, რომელიც მეტწილად ნამდვილად არ გამოირჩევა დიდი საფეხბურთო ცოდნით, გემოვნებითა და მენეჯერული თვისებებით, ფეხბურთელებისადმი ასეთი დამოკიდებულებით ვერც რომელიმე კლუბსა და ვერც ქართულ ფეხბურთს განავითარებს.
სამწუხაროა, რომ ქართული კლუბების მენეჯმენტში ასეთი რეალობაა. რეალობა, რომელიც ნათლად მეტყველებს შედეგებზე. ეს აუცილებლად უნდა მეთქვა, რადგანაც განვითარებაზე საუბრისას ამოსავალი წერტილი საქმისადმი სწორი და პროფესიონალური დამოკიდებულება უნდა იყოს. ამას კი საფეხბურთო განათლება და განსაკუთრებული საფეხბურთო ინტელექტი სჭირდება”, – წერს ჯანო ანანიძე.
შეგახსენებთ, ჯანო ანანიძე თბილისის “დინამოს” აპრილში შეუერთდა და მას შემდეგ “დინამოს” მაისურით მხოლოდ 1 მატჩი ითამაშა (26 წუთი).
GIPHY App Key not set. Please check settings