ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა. კასტელ დი სანგროში შეკრებაზე მყოფი „ნაპოლი“ თურქულ „ადანა დემირსპორს“ დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა – 2:2.
წინა ორი მატჩისგან განსხვავებით, ხვიჩა ამჯერად ძირითადში არ ყოფილა. ის მეორე ტაიმში შევიდა და ვითარებაც შეცვალა.
55-ე წუთზე ჩვენიანის ლამაზი პასით ანგარიში ირვინგ ლოსანომ გახსნა. კვარამ ბურთი მარცხენა ფრთაზე მოხდენილად მიიღო, არც წინ მდგომი და არც საჯარიმოში განლაგებული მცველები არად ჩააგდო, ბურთი მეკარის საჯარიმოსთან პარტნიორს ჩააწოდა და მექსიკელმაც დასწრება იყოჩაღა.
შემდეგ სტუმრების ჯერი დადგა. ანგარიში 74-ე წუთზე მარიო ბალოტელიმ გაათანაბრა, ხოლო 87-ე წუთზე სარიმ თურქები წინ გაიყვანა. „ნაპოლი“ წამატებულ დროში დაუსხლტა წაგებას, 90+4-ე წუთზე გოლი ისევ მექსიკელმა ლოსანომ გაიტანა.
რაც შეეხება კვარაცხელიას, ის ძალიან აქტიური იყო, თამაშს ხშირად ამწვავებდა, კარშიც დაარტყა და შეტევებსაც ავითარებდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანი სპალეტიმ, რომელიც პირველი საერთაშორისო ამხანაგური მატჩით კმაყოფილია:
“ტესტმა კარგად ჩაიარა, პირველ რიგში კარგია, რომ არავინ დაშავებულა. ბრძოლა მოგვიწია.
ეს მატჩი კონდიციების გასაუმჯობესებლად გვინდოდა. თავი არ დაგვიზოგავს, ბევრი შევქმენით, მაგრამ გოლებიც მარტივად გავუშვით. პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, მაგრამ ზოგადად ყველაფერი კარგადაა.
ბურთის ფლობის დროს მეტის გაკეთება შეგვეძლო, მაგრამ ზოგჯერ ვნერვიულობდით და საუკეთესო არჩევანს არ ვაკეთებდით, მაგრამ აერთო ჯამში გუნდის თამაში ძალიან კარგი იყო“.
შეგახსენებთ, „ადანაში“ ახლახანს ჩაირიცხა ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი ხაბულიანი.
GIPHY App Key not set. Please check settings