„არსენალს“ შეეძლო მსოფლიო დონის ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას დაახლოებით 10 მილიონ ევროდ დამატება, თუმცა ეს კლუბის ყოფილი სპორტული დირექტორის ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომად იქცა, – წერს ინტერნეტგამოცემა Arsenal Insider-ი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ 2022 წელს სპორტულმა დირექტორმა, ედუ გასპარმა რამდენიმე წარმატებული ტრანსფერი განახორციელა, თუმცა არაერთი მნიშვნელოვანი გარიგებაც ჩაშალა. მათ შორის ყველაზე მტკივნეულად სწორედ კვარაცხელიას არდამატება მოიხსენიება.
„„არსენალი“ დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა მსოფლიო დონის გარემარბს და ქართველის დამატებასაც განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ბრაზილიელ მარკინიოსზე გააკეთეს. ამავე პერიოდში „ნაპოლიმ“ კვარაცხელია დაახლოებით 10 მილიონ ფუნტად შეიძინა – ტრანსფერი, რომელიც „არსენალის“ ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გარიგებად შეიძლებოდა ქცეულიყო.
დღეს კვარაცხელია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ ფეხბურთელად ითვლება – CIES-ის მონაცემებით, მისი საბაზრო ღირებულება 91 მილიონ ევროს აღწევს. შედარებისთვის, დეკლან რაისის შეფასება 81.9 მილიონი ევროა, რაც ქართველი ფეხბურთელის ელიტურ სტატუსს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
ედუ გასპარმა „არსენალში“ მუშაობისას რამდენიმე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, კვარაცხელიას კარიერული პროგრესის გათვალისწინებით, სწორედ ეს შეცდომა გამოიკვეთა ყველაზე თვალსაჩინოდ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისიც, რომ მარკინიოსი, რომელიც 2022 წელს შეიძინეს, კვარაცხელიას დონეზე ვერ განვითარდა და ამჟამად იჯარით „კრუზეიროში“ თამაშობს.
ბათუმის „დინამოდან“ „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა, მხოლოდ 24 წლის ასაკში, უკვე მოიგო სერია A-ს ტიტული, ჩემპიონთა ლიგა, ლიგა 1 და უეფა-ს სუპერთასი. წარმოიდგინეთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო „არსენალში“, კვარაცხელია 2022 წელს რომ დაემატებინათ – ფეხბურთელი, რომელმაც მოკლე დროში ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ მოთამაშედ იქცა“, – წერს Arsenal Insider-ი.
1tv.ge



GIPHY App Key not set. Please check settings