2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის ჩემპიონატიდან ლეგიონერები წავიდნენ, მათ შორის „რუბინის“ ხვიჩა კვარაცხელია.
გასული წლის 20 მარტს მან 87 წუთი ითამაშა ცსკა-სთან (1:6), რამდენიმე თვეში კი ნეაპოლის მთავარი ვარსკვლავი და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი გახდა.
რა ხდებოდა იმ დღეებში, რომელმაც ხვიჩას კარიერა ამოატრიალა?
როგორ მიდიოდა ხვიჩა
24 თებერვლის მოვლენების (უკრაინაში ომის დაწყება) შემდეგ ფიფამ უცხოელებს რუსეთიდან წასვლის ნება მისცა. 8 მარტის შემდეგ ლეგიონერების კონტრაქტი ავტომატურად შეჩერებულად ითვლებოდა 2022 წლის 30 ივნისამდე.
ხვიჩას იურიდიულად ჰქონდა უფლება შეეჩერებინა კონტრაქტი (2024 წლის ზაფხულამდე მოქმედებდა) და მერე დაბრუნებულიყო „რუბინში“. შესაძლებლობის მიუხედავად კვარაცხელია მაშინვე არ წასულა სხვებისგან განსხვავებით.
ხვიჩა დარჩა „როსტოვთან“ და ცსკა-სთან მატჩებზე. მოსკოვში კაპიტნის სამკლაურითაც გავიდა. ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც ნაკრებში თამაში ელოდა, სტადიონზე სამი ჩემოდნით შეამჩნიეს.
სანაკრებო პაუზის დროს პირველი ცნობები გაჩნდა: კვარაცხელია შეიძლება არ დაბრუნდეს რუსეთში ოჯახის მუქარის გამო: სახლის ფანჯრებს ქვები ესროლეს, ხვიჩას მამას მანქანა დაუმტვრიეს.
„24 თებერვალს რუსეთში ვიყავი. უკვე ყველამ იცოდა, რაც ხდებოდა. შიში მქონდა. ველაპარაკე საიმანოვს („რუბინის“ გენდირექტორი) და სლუცკის (მწვრთნელი), ვუთხარი, რომ ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია. მითხრეს ისე მოვქცეულიყავი, როგორც უმჯობესი იქნებოდა. ვიცოდი, რომ წავიდოდი. რუსეთში ვერ დავრჩებოდი. ორი თამაში რჩებოდა და ვთქვი, რომ ჩავამთავრებდი, რადგან „რუბინმა“ ბევრი გააკეთა ჩემთვის. ბიჭებთან ორი წელი ვიყავი და არ შემეძლო უბრალოდ მიტოვება“, – მოჰყვა მოგვიანებით ხვიჩა.
„რუბინმა“ ჯერ შეაჩერა კონტრაქტი, მერე გაწყვიტა.
ახსნეს „საქართველოში კრიტიკითა და აგრესიით“. კლუბში ისიც თქვეს, რომ ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელის მომავლის ინტერესების გათვალისწინებითაც მიიღეს.
6 დღეში ბათუმის „დინამომ“ გააკვირვა – სრულფასოვანი კონტრაქტი გაუფორმა.
ჯუღელი რუბინს ხვიჩას წასვლაზე შეუთანხმდა
კვარაცხელიას აგენტ მამუკა ჯუღელს ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა „რუბინთან“.
„საიმანოვთან მეგობრები ვართ და არ ვაპირებ ამ მეგობრობის დამთავრებას. 100 წელიც რომ ვიცხოვროთ, მეგობრებად დავრჩებით“, – ამბობდა ჯუღელი.
მამუკას პირველი კლიენტები ყაზანში 2000-იანებში გამოჩნდა ჯერ კიდევ პირველ ლიგაში (დავით ჩალაძემ 20 გოლი გაიტანა სეზონში).
„რუსეთში მოთამაშე თითქმის ყველა ქართველი, ასათიანისა და მუჯირის გარდა, მისი კლიენტებია“, – იხსენებდა მეკარე ნუკრი რევიშვილი, რომელიც ასევე ყაზანში თამაშობდა.
ბოლო სეზონში „რუბინში“ აღმოჩნდნენ ჯუღელის სხვა ფეხბურთელებიც: დავითაშვილი, მიქელთაძე, ყიფიანი და ხვიჩა.
მამუკა ჰყვებოდა, რომ ნეაპოლელები ხვიჩას 24 თებერვლამდეც აკვირდებოდნენ, ტრანსფერზე თანხმობაც გაიცა, მაგრამ მაშინ არ გამოვიდა.
„რუბინმა“ 30 მლნ ევრო მოითხოვა. მაშინ კონტაქტი გავწყვიტეთ ისე, რომ მოლაპარაკებები არც დაგვიწყია. ოსიმენის ტრანსფერზე ვმუშაობდით და ამხელა ფულს ასეთ ახალგაზრდაში ვერ დავხარჯავდით“, – ამბობდა „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი კრისტიან ჯუნტოლი, და მერე დაამატა: „მაგრამ არ ვივიწყებდი ხვიჩას. გარიგება 10 მილიონად დავასრულეთ და დავასწარით „იუვენტუსს“, „რომას“, „სოსიედადს“. საქმე ისაა, რომ ხვიჩას არასოდეს დაუტოვებია ჩვენი სატრანსფერო სია“.
იშოვა რუბინმა ცოტა მაინც?
მინიმუმ სოლიდარული გადასახადი ახალგაზრდა ფეხბურთელის გაზრდისთვის. გარდა ამისა, საიმანოვისა და ჯუღელის ურთიერთობიდან გამომდინარე, აგენტი „რუბინს“ არ გადააგდებდა. მაგრამ როგორ – ჯერაც გაურკვეველია.
„არის „ნაპოლის“ პრეზიდენტი, არის საიმანოვი, შევთანხმდებით. ჩვენ „რუბინს“ არასდროს არ მოვატყუებთ. ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება“, – ამბობდა ჯუღელი.
როგორც „რუბინის“ სპორტული დირექტორი ოლეგ იაროვინსკის ჰყვებოდა, ყაზანელებმა ფული მიიღეს: „ხვიჩასთან დაკავშირებით კითხვები საიმანოვთან. იშოვა თუ არა კლუბმა? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა“.
GIPHY App Key not set. Please check settings