ხვიჩა კვარაცხელიას შედეგიანი თამაში ჰქონდა დღეს სტუმრად „ვერონასთან“. გახსოვთ ალბათ, სწორედ ამ ქალაქში შედგა ქართველის დებიუტი სერია ა-ში და მაშინაც ფეხბედნიერი გამოდგა – პირველი გოლი (პლუს პასიც). ახლაც ხვიჩა გამარჯვებული ბრუნდება ნეაპოლში – „ნაპოლიმ“ 3:1 მოიგო და ამაში ქართველი შემტევის წვლილი დიდია.
კვარაცხელია ჩვეულად ცდილობდა გამწვავებას, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მცველები ბევრის საშუალებას არ აძლევდნენ. ასე გაგრძელდა თითქმის ტაიმი, როდესაც 43-ე წუთზე კვარაცხელიამ საჯარიმოში, მარცხენა მხარეს, ბურთი მიიღო, მცველი მოიშორა, ბურთი მარჯვენა ფეხიდან მარცხენაზე გადაიტანა და მეკარეს ახლო კუთხეში დაურტყა. ხვიჩამ გოლი, როგორც ნაკრებში, ისევ ისრის სროლით აღნიშნა. ეს „ნაპოლის“ მეორე გოლი იყო და შესვენებაზე 2-ბურთიანი უპირატესობთ გავიდა.
კვარაცხელიამ თავისი მეორე გოლი (გუნდის მესამე) კონტრშეტევაზე გაიტანა. პოლიტანომ (პირველ გოლშიც ის იყო ასისტენტი) საკუთარი მოედნიდან გრძელი და კარგი პასით ქართველს სივრცეში შეუგდო ბურთი და ჩვენიანი თითქოს პირისპირ გარბოდა, მაგრამ მცველი წამოეწია, ხვიჩამ ის მოხდენილად მოატყუა და უკვე მარჯვენა ფეხზე გადატანილი ბურთი დაბალ კუთხეში აუღელვებლად გაგზავნა – 3:0.
ქართველმა ფეხბურთელმა, რომელმაც ორშაბათს ჯვარი დაიწერა, ეს გოლი სატრფოს (ნიცა თავაძეს) მიუძღვნა აჩვენა რა მეოთხე თითი დაა საქორწინო ბეჭედზე მიუთითა.
თითქოს ამის შემდეგ სტუმრებს საფრთხე არ ემუქრებოდათ, მაგრამ ვერონელებმა ერთი გაქვითეს და კიდევ სცადეს, მაგრამ ერთ ეპიზოდში მერეტიმ მაგარი ბურთი გამოაძრო.
რუდი გარსიამ კი ხვიჩა 76-ე წუთზე შეცვალა.
„ნაპოლის“ 9 ტურის შემდეგ 17 ქულა აქვს (5 მოგება) და მომდევნო მატჩს 29 ოქტომბერს შინ ლიდერ „მილანთან“ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings