in ,

ხვიჩამ ისევ გაიტანა, ნაპოლიმ ისევ მოიგო და ლიდერია – როგორ ითამაშა კვარამ

სერია ა-ს მე-8 ტური „ნაპოლის“ თამაშით გაიხსნა. ნეაპოლელებს სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე უწევთ თამაში და ასე ნაადრევი დასაწყისიც ამის გამოა. სანაკრებო პაუზის შემდეგ საინტერესო იყო ფეხბურთელები როგორი კონდიციებით დაბრუნდებოდნენ. მოგეხსენებათ, ხვიჩამ ნაკრებში ორივე მატჩი ითამაშა მოკლე მონაკვეთში, თუმცა საბედნიეროდ დაღლის არაფერი ეტყობოდა.

„ნაპოლიმ“ მეტოქე მალევე გატეხა და მატჩის ბედიც პირველ ნახევარში გადაწყდა – 3:1. ამაში კი ხვიჩას როლი დიდია. დასაწყისშივე დუბლი შეასრულა ანგისამ. პირველი გოლის დროს ასისტი მარიო რუიმ მიითვალა, მაგრამ მას ბურთი ფლანგზე სწორედ ხვიჩამ გაატანა. მეორე გოლის დროს ანგისას სოლოგარბენი გამოუვიდა და ბოლოს თავად დაარტყა, მაგრამ კვარაცხელია იმით დაეხმარა, რომ მცველების ყურადღება გადაიტანა და პარტნიორს საბოლოო დარტყმის საშუალება მიეცა. მესამე კი თავად ხვიჩამ შეაგდო. მარცხენა ფრთაზე მორიგი კონტრშეტევისას გაიქცა და საჯარიმოში შესულმა მარცხენა ფეხით მართალია არც თუ ძლიერად, მაგრამ ზუსტად შორეულ ძელთან გაუშვა და ბურთი ძელის გავლით შეგორდა კარში. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში მცველი მაისურზეც ექაჩებოდა, მაგრამ ხვიჩამ თავისი მაინც გაიტანა.

კვარაცხელიას იტალიის ჩემპიონატში უკვე 5 გოლი აქვს გატანილი.

ვიდეო: კვარას მეხუთე გოლი იტალიაში – ხვიჩამ ტორინოს გაუტანა

საერთო ჯამშიც, ჩვენიანი ჩვეულად აქტიური იყო. რადგან „ნაპოლი“ თავიდანვე დაწინაურდა, მეტი კონტრშეტევის შანსი და მეტი სივრცე მიეცა გუნდს და კვარაცხელიასაც სულ დაძაბულად ჰყავდა მეურვეები. სხვათა შორის, ერთ-ორ ეპიზოდში პარტნიორს დაუტოვა/დაუგორა ბურთი, ეტყობა სპალეტის შეგონება პასი უნდა მისცესო, მოქმედებს. მოკლედ, ხვიჩამ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა. ის 81-ე წუთზე ელმასმა შეცვალა.

„ნაპოლიმ“ კი ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და 20 ქულით პირველ ადგილზეა. მისი ქულებით დაწევა მარტო „ატალანტას“ შეუძლია, რომელიც ხვალ „ფიორენტინას“ უმასპინძლებს, თუმცა რომც მოიგოს, დიდი ალბათობით ბურთების სხვაობით პირველზე მაინც „ნაპოლი“ დარჩება.

სერია ა-ში მომდევნო შეხვედრა „ნაპოლის“ 9 ოქტომბერს უწევს და ალბათ შედგება ქართული დერბიც – ხვიჩას გუნდი სტუმრად ლოჩოშვილის „კრემონეზესთან“ მიდის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: კვარას მეხუთე გოლი იტალიაში – ხვიჩამ ტორინოს გაუტანა

ანჩელოტი: კვარაცხელიას ამბავი საერთოდ არ მიკვირს