ფიფამ ახალი სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც სექტემბრის სანაკრებო მატჩების შედეგებია გათვალისწინებული.
საქართველოს ნაკრები, რომელიც რეიტინგში 91-ე პოზიციაზე იყო, განახლებულ ვერსიაში 5 საფეხურით ჩამოქვეითდა და 96-ე ადგილზეა, რაც 2017 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია. ეროვნულ გუნდს ლუქსემბურგმა, კონგომ, ბაჰრეინმა, იორდანიამ და ვიეტნამმა გადაასწრო. გარდა ამისა, ვილი სანიოლის გუნდს რეიტინგში ლიბანი, ყირგიზეთი, პალესტინა და მადაგასკარი მიუახლოვდა.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეებიდან საუკეთესო პოზიცია ესპანეთს აქვს, რომელიც მერვეა. შვედეთის ნაკრები მე-18 ადგილზეა, საბერძნეთი 46-ე, ხოლო კოსოვომ საქართველოსთან მოპოვებული გამარჯვებით 115-ე პოზიციიდან 109-ზე გადაინაცვლა, რაც საუკეთესო შედეგია ამ ნაკრების ისტორიაში.
სექტემბრის სანაკრებო მატჩების ფარგლებში საქართველოს ნაკრებმა ორი ოფიციალური და ერთი ამხანაგური შეხვედრა გამართა. ბათუმში, კოსოვოსთან წაგების (0:1) შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდი ესპანეთში გაემგზავრა და 0:4 დამარცხდა, ბულგარეთთან სოფიაში ჩატარებული ამხანაგური შეხვედრა კი მასპინძლებმა 4:1 მოიგეს.
მომდევნო სანაკრებო მატჩები ოქტომბერშია დაგეგმილი. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში საქართველოს ნაკრები 9 ოქტომბერს საბერძნეთს ბათუმში უმასპინძლებს, ხოლო 12 ოქტომბერს კოსოვოს ესტუმრება.
GIPHY App Key not set. Please check settings