29 აგვისტოს, ხორვატიაში, სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში და, ცხადია, საქართველოს ნაკრები მონაწილეობას ღებულობს.
მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ ჯერი ევროპის ჩემპიონატზეა, თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ევროპის ჩემპიონატსა და მუნდიალს შორის დიდი სხვაობა არ არის. რატომ? – მიზეზი ისაა, რომ მსოფლიო წყალბურთში ამინდს ევროპელები ქმნიან. ¼ ფინალში 8-დან 7 ნაკრები ევროპული იყო… შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატის უფრო იოლ ტურნირად აღქმა, უბრალოდ არასწორია.
წლების განმავლობაში სტაბილურად მონაწილეობისა და პროგრესის გამო საქართველოს ნაკრები უკვე მე-3 კალათაშია, შესაბამისად, ერთი შედარებით იოლი მეტოქე დეიან სტაინოევიჩის გუნდს გარანტირებული ჰქონდა. ჯგუფი კი ასე გამოიყურება: იტალია, მონტენეგრო და სლოვაკეთი.
იტალიაზე რა ვთქვათ, მსოფლიოს ვიცე ჩემპიონია და ფინალი ესპანეთთან პენალტების სერიაში წააგეს.
მონტენეგროს ვეთამაშეთ და 9:10 წავაგეთ, მაგრამ მონტენეგრო ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრებია და წინა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორიც. სურათი, სწორედ მონტენეგროსთან მატჩიდანაა, როდესაც ბოლო წამებზე მონტენეგროელი წყალბურთელი გააძევეს და ქართველებს ზედიზედ ორი შანსი ჰქონდათ გასათანაბრებლად, მაგრამ მეკარემ არ გაუშვა!
აი სლოვაკეთი კი მე-4 კალათიდან მოხვედრილი გუნდია, რომლის წინააღმდეგაც უეჭველად მოსაგებია…
რაც შეეხება პოტენციურ მომავალ მეტოქეებს: ა და ც ჯგუფი ერთმანეთს დაუკავშირდა. ვინ არის ც ჯგუფში? – ესპანეთი, გერმანია, ნიდერლანდები და რუმინეთი.
პრაქტიკულად იდეალური სცენარია, რადგან ჯგუფის პირველადგილოსანი პირდაპირ ¼ ფინალში გადადის, ხოლო მე-2 და მე-3 ადგილოსნები პლეი ოფში, 1/8 ფინალში გამოარკვევენ დანარჩენ 4 ¼ ფინალისტს.
ესპანეთის ნაკრები არათუ ჯგუფის, ტურნირის უმთავრესი ფავორიტია. 2 კვირის წინ მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.
შესაბამისად, რჩება გერმანია, ნიდერლანდები და რუმინეთი- ნებისმიერ ამ ქვეყანასთან საქართველოს შანსი ექნება. ასე რომ, წილისწყრაშიც გაგვიმართლა და ახლა ჯერი ბიჭებზეა…
GIPHY App Key not set. Please check settings