ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად დიდი ამბებია. ბევრ გუნდს სურს ოთხეულში მოხვედრა. რამდენიმედან ორი ძირითადი კონკურენტი ერთმანეთს შეხვდა. “ბეტისმა” გამოჯანმრთელებულ “ატლეტიკოს” უმასპინძლა და დამარცხდა. ჟოაო ფელიქსმა დუბლი გაახერხა და უმნიშვნელოვანესი ქულები მოუტანა თავისიანებს. ახლა მე-4-ზე სწორედ ათლეტები არიან, რომლებმაც სწორედ “ბეტისი” ჩააჩოჩეს და რადგან სხვა კონკურენტებსაც ხელი მოეცარათ (“სოსიედადი”, “ვილიარეალი”), ცოტა ამოისუნთქეს. ისე, სიმეონეს გუნდმა უკვე ზედიზედ სამჯერ მოიგო და ყველას აჩვენა, რომ მისი ჩამოწერა ნაადრევია. აი “ბეტისმა” კი ორჯერ წააგო მიჯრით მთავარ კონკურენტებთან, ჯერ “სევილიასთან”, ახლა “ატლეტიკოსთან” და შესაძლოა ეს იმის მანიშნებელი იყოს, რომ არ ეკუთვნის ჯერ ოთხეული.
იწვალა, მაგრამ მაინც მოიგო “ბარსელონამ”. პირველი ტაიმი სულაც წააგო “ელჩესთან”, მაგრამ მე-60 წუთზე ფერან ტორესმა გაათანაბრა, რომელმაც ამ გოლის გარდა კიდევ არაერთი მაგარი მომენტი გაანიავა. ბოლოსკენ კი VAR გახდა საჭირო, მსაჯმა მაინც დაუდი “ბარსას” პენალტი და დეპაიმ ისეთი გლიჯა, დედამიწაზე ვერავინ რომ ვერ აიღებდა. “ბარსა” უკვე მესამეა და დაკარგული ქულებით 4-ით ჩამორჩება “სევილიას”.
„სევილიამ“ ერთ-ერთ აუტსაიდერს გოლი ვერ გაუტანა და ლიდერ „რეალს“ კიდევ უფრო დაწინაურების შანსი მისცა. ისე სევილიელთა ეს ფრე ლოგიკურიც კი არის მათ ბოლოდროინდელ სტატისტიკას თუ ჩავხედავთ: ფრე, მოგება, ფრე, მოგება და ახლა ისევ ფრე.
„რეალმა“ კი ორჯერ 3-წუთიანი მონაკვეთი მოუწყო „სოსიედადს“ და ისე დაამარცხა. ოიარსაბალმა მალევე დააწინაურა სტუმრები, მაგრამ 40-ე და 43-ე წუთებზე კამავინგა-მოდრიჩმა და მოგვიანებით 76-ე და 79-ე წუთებზე ბენზემა (პენალტით)-ასენსიომ სხვაობა სოლიდური გახადეს.
„სევილიის“ არ იყოს, უდროო დროს დაკარგა ქულები მშვენივრად მოთამაშე „ვილიარეალმა“, რომელმაც „ოსასუნასთან“ წააგო და მე-4 ადგილამდე ჩამორჩენა გაზარდა.
“სევილიამ” ლა ლიგის ამ სეზონში სტუმრად 8 მატჩში არ გაუშვა გოლი, რაც ტოპ 5 ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია.
2006/07 წლების სეზონის შემდეგ “ბარსელონამ” 121 მოიპოვა ჩემპიონატის შეხვედრებში, რაც ტოპ ლიგებში მე-4 შედეგია.
ჩავი: “შესვენებაზე ძალიან გაბრაზებული ვიყავი. “ბარსელონას” უფრო კომფორტულად უნდა მოეგო”.
“ბარსა” ლა ლიგაში 3 თვეა არ აგებს. 6 მოგება და 2 ფრე ბოლო 8 მატჩში.
ბენზემა 21-ე საუკუნის ლა ლიგაში მე-3 მოთამაშეა 100 საგოლე პასით. მესის აქვს 192, დანი ალვეშს – 103.
ბენზემას 30 (20+10) ქულა აქვს ლა ლიგის 24 მატჩში გოლი-პასის სისტემით.
ბენზემამ ლა ლიგის 6 სეზონში 20+ გოლი გაიტანა. ასეთი რამ გაუკეთებიათ რონალდოს, დი სტეფანოს და პუშკაშს.
ლუკა მოდრიჩი “რეალის” ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც გოლი საჯარიმოს გარედან გაიტანა – 36 წლის და 177 დღის ასაკში.
კამავინგა კი “რეალის” მეორე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც საჯარიმოს გარედან გაიტანა – 19 წლის და 115 დღის ბიჭს თანაგუნდელი ვინისიუსი უსწრებს.
ანჩელოტი: „თუ პსჟ-სთან ასე ვითამაშებთ, ბევრი ვარიანტი გვექნება“.
ლა ლიგა – XXVII ტური
ალავესი – სევილია 0:0
ოსასუნა – ვილიარეალი 1:0
ესპანიოლი – ხეტაფე 2:0
ვალენსია – გრანადა 3:1
რეალი – სოსიედადი 4:1
კადისი – რაიო ვალეკანო 2:0
ელჩე – ბარსელონა 1:2
სელტა – მალიორკა 4:3
ბეტისი – ატლეტიკო 1:3
ორშაბათი, 7 მარტი
ბილბაო – ლევანტე
3 მარტი
მალიორკა – სოსიედადი 0:2
GIPHY App Key not set. Please check settings